ბათუმში იაფი სახლის აშენება ისევ არ იგეგმება – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
ბათუმის ბიუჯეტის პროექტში „იაფი სახლის“ პროგრამის დასაფინანსებლად თანხა კვლავ არ არის გათვალისწინებული, პარალელურად კი მერიას გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული კორპუსების საცხოვრებლად გადაკეთების ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.

„იაფი სახლის“, იგივე „ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის“ შესახებ ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში არაფერი წერია.
არაფერი წერია ამ პროგრამის შესახებ მიმდინარე წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიშშიც, უფრო სწორად მიმოხილვაში. დოკუმენტი იმდენად ზოგადია, რომ მას არ შეიძლება ანგარიში ეწოდოს, სრულ ანგარიშს მერია სავარაუდოდ წლის ბოლოს წარუდგენს საკრებულოს, ან შემდეგი წლის დასაწყისში.
მერია პროგრამის შეჩერების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. თუმცა ფაქტია, რომ მომავალ წელს ამ მიმართულების დასაფინანსებლად ბიუჯეტში თანხა არ გაუთვალისწინებიათ. იაფი სახლის მშენებლობა არც 2025 წელს დაწყებულა და არც 2026 წელს.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსებულია ქვეპროგრამა „საცხოვრებელი სახელების შესახებ“. მერიის განმარტებით, ეს ითვალისწინებს ავარიული სახლების დემონტაჟსა და მშენებლობას, გამაგრება-რეაბილიტაციას და სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშოების ტექნიკურ ზედამხედველობას.
მერია ასევე წერს, რომ ქვეპროგრამის მიზანი საბინაო ფონდის შექმნას ემსახურება, ამ პროგრამის ბიუჯეტი 23 მილიონ 460 000 ლარია.
ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილში მერია ავარიულ სახლებთან დაკავშირებული გამოწვევების მიმოხილვისას, მიშენება- დაშენების მავნე პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა არსად ახსენებს იმას, რომ ეს პრაქტიკა ახლაც „წარმატებით“ გრძელდება.
„ქალაქის მასშტაბით არსებული ამორტიზებული, საცხოვრებლად გამოუსადეგარი, ავარიული საცხოვრებელი შენობები წლებია ქალაქისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა: ასეთი შენობების შესწავლისას გამოვლინდა ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი.
შესწავლით დადგინდა, რომ ავარიულობის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია წლების განმავლობაში განხორციელებული მიშენება-დაშენების და სხვადასხვა სახის სამშენებლო ჩარევების მავნე პრაქტიკამ, ავარიული სახლების უმრავლესობის იერ-სახე სრულადაა დამახინჯებული, ისინი არ პასუხობს უსაფრთხოების სტანდარტებს. “ – წერს მერია.
ამ ყველაფრის პარალელურად, ბათუმის მერიას ჯერ ისევ არ გამოუცხადებია ტენდერი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული კორპუსების საცხოვრებელ ბინებად გადაკეთებაზე, როგორც ამას უსახლკაროებს დაჰპირდა აჭარის მთავრობა [ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს უკანონოდ აშენებული 7 კორპუსი მისი გასამართლების შემდეგ ჩამოართვეს და ბათუმის მერიას გადასცეს].
2026 წლის იანვარში აჭარის მთავრობა უსახლკარო მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებში ბინებს გადასცემდა. ამ ბინების განაწილებისას მთავრობა ბათუმის მერიაში შესული განაცხადებით იხელმძღვანელებს.
გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ „გალიფ ოზთურქის ბინები“ საცხოვრებლად არ გამოდგება და შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უნდა გამოცხადდეს.
2026 წლის ოქტომბერში, მერიიდან მოგვწერეს, რომ კორპუსების მდგრადობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს და ამ ეტაპზე შესაბამის დასკვნას ელოდება. სავარაუდოდ, ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს, რომლითაც უნდა შეისყიდონ კორპუსების საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების სამუშაოები.
ამ კორპუსების მშენებლობა ბიზნესმენმა უკანონოდ ისე დაიწყო და დაასრულა, რომ შესაბამის სტრუქტურებს, რომლებსაც უკანონო მშენებლობის კონტროლი ევალებოდათ, მისთვის ხელი არ შეუშლიათ – ბიზნესმენმა, რამდენიმე დაჯარიმების მიუხედავად, მშენებლობა დაასრულა.
2026 წლის ივნისში ბათუმის მერიამ საკრებულოში განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლითაც ტერიტორიას, სადაც „ოზთურქის ბინებია“ განთავსებული, სტატუსი შეუცვალეს. საკრებულომ ამ ადგილს საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიანიჭა.
როდის და ვის გადასცემს ბათუმის მერია ბინებს ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში, ამას მერიაში მოქმედი კომისია გადაწყვეტს, რომელსაც მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს. მერიის ინფორმაციით, ამ კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა 2026 წლის მაისში გამართა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…