ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რას [არ] აკეთებს მერია ბათუმში უსახლკაროებისთვის – ინტერვიუ

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოაჭარის მთავრობაქართული ოცნება

მალხაზ ჭკადუა ბათუმის მერიის საბინაო ფონდს „კორუფციის უზარმაზარ ორმოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ქალაქის მართვა სამშენებლო ჯგუფების ხელშია გადასული, მაშინ როცა 3000-ზე მეტი უსახლკარო ოჯახი გაუსაძლის პირობებში ყოველგვარი გარანტიის გარეშე რჩება.

რას [არ] აკეთებს მერია ბათუმში უსახლკაროებისთვის – ინტერვიუ
რას [არ] აკეთებს მერია ბათუმში უსახლკაროებისთვის – ინტერვიუბათუმელები

2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ბათუმში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახებს მცირედ იმედს მაინც მისცემდა, რომ ახალ წელს თბილ და უსაფრთხო გარემოში შეხვდებიან. მერიამ ბინის მოთხოვნის შესახებ განაცხადების გადარჩევა დაიწყო, თუმცა უცნობია, რამდენი განცხადებაა განსახილველი და რა ვადაში გეგმავს შესაბამისი კომისია მეორე ეტაპზე გადასვლას.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი აცხადებს, რომ საცხოვრებელი არ აქვს და არც შეძენა შეუძლია. ბევრი ცხოვრობს დაქირავებულ ფართობში და როგორც თავად ამბობენ, გაუსაძლის პირობებში. ამ მოქალაქეებს შორის არიან სოციალურად დაუცველები და მარტოხელა დედები.

მათ რიცხვში არ შედიან ის მოქალაქეები, რომლებსაც ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამაში სურთ მონაწილეობა, მათ საცხოვრებლის გამოსყიდვა თვითღირებულების ფასად შეუძლიათ, თუმცა არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ბინა კომერციულ ფასად, თუნდაც ბანკის დახმარებით შეიძინონ.

„იაფ სახლში“, იგივე „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში ბათუმის მერიამ ბოლოს ბინები საპარლამენტო არჩევნების წელს გადასცა ოჯახებს. ამის შემდეგ პროექტი ფაქტობრივად შეჩერებულია, მერია ადგილს ეძებდა მშენებლობის დასაწყებად, მაგრამ ჯერ ვერ იპოვა.

როგორ შეიცვალა ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის პოლიტიკა არასაარჩევნო წლებში? – ამის შეფასება „ბათუმელებმა“ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონულ კოორდინატორს, მალხაზ ჭკადუას სთხოვა, რომელიც ბათუმში ბიუჯეტის ხარჯვას და პროგრამების განხორციელების ეფექტურობას სწავლობს.

ბატონო მალხაზ, ბოლო პერიოდში უსახლკაროებმა ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობის შენობასთან არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ შორის არიან ოჯახები, რომლებიც წლებია ითხოვენ საცხოვრებლით უზრუნველყოფას და აცხადებენ, რომ ბინის ქირას ვეღარ იხდიან. გაჟღერდა თუ არა ხელისუფლების ან მერიის მხრიდან კონკრეტული ინიციატივა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, დასახელდა თუ არა კონკრეტული ვადები, როდისთვის გეგმავენ ამ საკითხის გადასაჭრელად რეალური ნაბიჯების გადადგმას?

ზოგადად აჭარაში განსახლების საკითხი, ეხებოდა ეს უსახლკაროებს თუ ეკომიგრანტებს, ყოველთვის ხასიათდებოდა გარკვეული სტიქიურობით, არათანმიმდევრულობით. ვგულისხმობ ადგილობრივი ხელისუფლების ან რეგიონული ხელისუფლების, ავტონომიური მთავრობის მხრიდან.

ეს ერთი მხრივ პრობლემა იყო იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა მდგრადი პოლიტიკის დოკუმენტი და მეორე, გადაწყვეტილებები ყოველთვის იყო დაკავშირებული დღის წესრიგთან და სწორედ აქ იჩენს თავს მთავარი პრობლემა:

ჩვენ არ გვაქვს უსახლკარო მოქალაქეებთან ან ეკომიგრანტებთან დაკავშირებით პრობლემების გადაჭრის გამჭვირვალე სისტემა, სადაც ადამიანს ექნება გარკვეული მოლოდინი, როგორც პროცესის ღიაობის, ასევე მისი საჭიროებების დაკმაყოფილების და მეორე – ჩვენთან ყოველთვის თავს იჩენს პოლიტიკური კორუფციის პრობლემა, როდესაც ხელისუფლება ადმინისტრაციული ხარჯებით ცდილობს ამომრჩევლის გული მოიგოს, როგორც პარტიამ და მიიღოს მეტი ხმა.

2024 წლის ივლისში „ოცნების ქალაქში“ 500-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება საბინაო საცხოვრისით ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ბათუმში უსახლკაროების აქციებს წესით უნდა მოეტანა შედეგი. აქციის მონაწილეები ძირითადად ბათუმის მერიას მიმართავდნენ თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის ყოფილი საკუთრების დანაწილებასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, საუბარია გოგოლის ქუჩაზე აშენებულ რამდენიმე კორპუსზე. მაგრამ ჩვენ ზეპირი პოლიტიკური ან ადმინისტრაციული დაპირებების მიღმა დოკუმენტი არ გვინახავს.

საკრებულოს, საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, უნდა ესჯელა ამაზე, მოეთხოვნა ბათუმის მერიისთვის ვადები და ისეთი კრიტერიუმები, რომელიც არ დატოვებდა ეჭვებს მიკერძოებასთან დაკავშირებით და სხვა თუ არაფერი, უბრალოდ მოსთხოვდა პასუხს, სულ რამდენი ადამიანია დასაკმაყოფილებელი საბინაო ფონდიდან, რამდენს უდგას გადაუდებელი საჭიროება და ზოგადად, ასრულებს თუ არა მერია თავის ფუნქციას ამ მიმართულებით.

ჩვენ ეს არც საკრებულოში გვინახავს და არც მერიაში.

მალხაზ ჭკადუა

საკრებულოს ამისთვის პოლიტიკური ნება არ აქვს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ უნდა, რომ მცირედი არაკომფორტული კითხვაც კი დაუსვას მერიას.

ბათუმის მერიას კი არ აქვს იმის პოლიტიკური ნება, რომ აქ და ახლა დააკმაყოფილოს ეს ადამიანები, ჩაატაროს წინარე სამუშაო, მოიწვიოს კომისიაში ურბანული, სოციალური, დემოგრაფიული საკითხების სპეციალისტები და ა.შ.

ამიტომაც, პრაქტიკულად მოლოდინი მაქვს, რომ მომდევნო არჩევნების წინ ბათუმის მერია ისევ დაჩქარებული წესით მიიღებს რაღაც დოკუმენტს, დადგენილებას ან მერიის თუნდაც ბრძანებას, რომლითაც ნაჩქარევად მოხდება ლენტის გაჭრა, ტაშის დაკვრა და საუბარი იმაზე, რომ თურმე ძალიან კარგი სოციალური და განსახლების პოლიტიკა აქვს ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას.

თქვენს მიერ ჩამოთვლილი მაგალითებიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლება მანამდე არსებული პროგრამებითა და უკვე შექმნილი რესურსებით სარგებლობდა. ბოლო წლების დაკვირვებით კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიუჯეტში თანხები მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება, რაც პრობლემა მწვავდება და კითხვები ისმის. მაგალითად, წლევანდელი წლის ბიუჯეტი ისე დამტკიცდა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და მხოლოდ მოგვიანებით ჩასვეს თანხა პროექტირებისთვის. თქვენი შეფასებით, რაზე მეტყველებს ბიუჯეტის დაგეგმვის ასეთი მიდგომა?

პირველი, რაც მერიას სჭირდება, არის ზუსტი და უტყუარი მონაცემები, თუ რამდენი ბინა ან ფართობი აქვს საბინაო ფონდში. ჩვენ ვიცით, რომ ეს ფონდი არსებობს, უბრალოდ ან სადღაც დოკუმენტებშია გაბნეული ეს მონაცემები, ან არცერთმა ადმინისტრაციამ არ იზრუნა იმაზე, რომ მონაცემები ჰქონოდათ ზუსტი.

გვახსოვს კონტრაქტები, როდესაც კონკრეტულ სამშენებლო კომპანიებს, ოფიციალურად, მხოლოდ იმიტომ უზრდიდნენ სიმაღლის კოეფიციენტს, რომ ამის სანაცვლოდ მერიას მიეღო რამდენიმე ფართობი, რომელსაც შემდგომში გამოიყენებდა საბინაო ფონდისთვის და ადგილობრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

პრობლემა ალბათ არის ამ მონაცემების არათანმიმდევრულად დამუშავება, ერთიანი ბაზის უქონლობა და შემდგომ შესაბამისად განაწილება, თუ ვის რა უნდა ერგოს და რა კრიტერიუმებით.

ახლა პრაქტიკულად მერიამ არ იცის, თუ რა სჭირდება და როდის სჭირდება, თორემ შეიძლება რესურსების სიმცირის პირობებში მან თავისუფლად მიმართოს რეგიონულ მთავრობას, ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელსაც აქვს ცალკე საბიუჯეტო პროგრამა მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად.

ასევე, ნებისმიერ დროს შეუძლია აჭარის მთავრობას თავისი ბიუჯეტიდან გამოყოს კაპიტალური მშენებლობისთვის დამატებითი თანხები ბათუმის მერიისთვის, თუ მერია დაადასტურებს ამას.

მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ მერიაა აქ დამნაშავე. ჩვენ გვაქვს რეგიონში პოლიტიკის დონეზე არათანმიმდევრული მიდგომის და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედების ტენდენცია, რაც ქმნის ქაოსურ, სტიქიურ და სრულიად გაუგებარ ვითარებას მოქალაქეებისთვის.

ამიტომ, რატომ არ აშენებს „იაფ სახლს“ – ეს მერიას უნდა ვკითხოთ და მერი იქნება თუ მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელია განსახლების პოლიტიკაზე, იმედია, გარკვეულ პასუხს მაინც გაგვცემს, თუ რატომ არის ასეთი მწვავე პრობლემა იგნორირებული თვითმმართველობის მიერ.

უსახლკაროთა საკითხებზე შექმნილი კომისიის გამჭვირვალობის საჭიროებაზეც მინდა გკითხოთ. ბათუმის მერიის ბოლო განცხადებიდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ კომისიას ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს და განცხადებების გადარჩევა დაიწყო. არ დასახელებულა არც შემოსული განცხადებების რაოდენობა, არც კომისიის შემადგენლობა და არც შერჩევის კრიტერიუმები, რომელთა ცვლილებასაც წინა წლებში ვადევნებდით თვალს. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროცესის სრული ღიაობა საზოგადოებისთვის და რას ნიშნავს მერიის მხრიდან მხოლოდ ბუნდოვანი და ზოგადი პასუხები?

ეს ნიშნავს იმას, რომ მერია არ არის მზად ამ პროცესისთვის, ისე, როგორც უნდა იყოს მზად ადმინისტრაციული ორგანო პროცესის სამართავად და მეორე, მათ არ უნდათ, პოლიტიკური ნების დონეზე, პოლიტიკური ღიაობის დონეზე, პროცესში ჩართონ გარე დამკვირვებლები, რომლებსაც აუცილებლად ექნებათ კითხვები და ამ კითხვებზე პასუხების მიღების მოთხოვნა.

დემოკრატიულ პროცესში რატომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა? – შენ ამით აზღვევ გარკვეულ რისკებს, მათ შორის მენეჯმენტის შეცდომის შესაძლო რისკებსაც.

თქვენ თუ გახსოვთ, ბათუმის ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის დროს, როდესაც „იაფი სახლის“ პროგრამით გათვალისწინებული კორპუსის მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი, სწორედ მედიამ და სამოქალაქო სექტორმა აღმოაჩინა, რომ ხუთსართულიან კორპუსს არ ჰქონდა ლიფტი. ამის შემდეგ დაკორექტირდა სატენდერო დოკუმენტაცია და გაითვალისწინა მერიამ, რომ იქ ლიფტი უნდა ყოფილიყო. ერთი მხრივ თითქოს ტრაგიკომიკურად ჟღერს ეს ამბავი, მაგრამ ნამდვილად ფაქტია და შეიძლება თქვენს მკითხველსაც ახსოვს.

ამიტომ გარე პირების მონაწილეობა აკადემიური, კვლევითი სფეროდან, ისეთი სფეროებიდან, სადაც აქვთ მახვილი მზერა ან შესაბამისი გამოცდილება, ყოველთვის აჯანსაღებს პროცესს.

აუცილებელია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს ამის ნება და ღია იყოს, დახურული კარების შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესიც ძალიან დაბალია.

ალბათ მერია უნდა იყოს მოწადინებული იმისთვის, რომ გამოაცხადოს ღია კარის დღე, თუნდაც მიიღოს კითხვები ონლაინ ან ღია შეხვედრა გამართოს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, რომ საზოგადოებას უთხრას – აი, ამ და ამ პრინციპით ვმოქმედებთ, ეს კრიტერიუმები შევიმუშავეთ, ან ვმუშაობთ ამ კრიტერიუმებზე და თქვენი აზრი, თქვენი მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული, მივიღებთ მხედველობაში.

ასეთი მოცემულობა იქნებოდა ნორმალურ მუნიციპალიტეტში, სადაც მოქალაქეების და სპეციალისტების ექსპერტული აზრი იქნებოდა გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვართ „ნორმალურ“ მუნიციპალიტეტში. აქ საჯარო სივრცეების მიტაცებისა და ახალი მშენებლობების მოსაზღვრე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გაუარესებული საცხოვრებელი მდგომარეობის პირობებშიც კი ვერ ახერხებს მერია ჩაერიოს პროცესში და იზრუნოს იმაზე, რომ გარკვეული ბალანსი მაინც იყოს დაცული კერძო და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის.

ამიტომ ეს პროცესი აბსოლუტურად ისე მიმდინარეობს, როგორც მოსალოდნელი იყო.

მე სხვას არ ველოდი, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდის ბათუმის საკრებულო იქცა მერიის გადაწყვეტილებების სანოტარო ბიუროდ და მერიის თანამდებობის პირები მეტწილად არც კი იწუხებენ თავს, რომ არათუ საზოგადოებას, არამედ საკრებულოს წევრებსაც კი ჩააბარონ ანგარიში. კონტროლის მექანიზმი სრულიად მოშლილია.

ასეთ პირობებში ვერცერთი პროგრამა ვერ განხორციელდება და არ განხორციელდება ისე, როგორც საჭიროა.

ცალკე თემაა ე.წ. საბინაო ფონდი და ის ბინები, რომლებიც წლებია დაკეტილია მერიისა და მთავრობის მიერ. ცნობილია, რომ კ2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ ნამატი, ფართობის 10%-ის სახით, ქალაქს უნდა მიეღო და მომავალშიც უნდა მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ასობით ასეთ პროექტზე გაიცა ნებართვა და ქალაქმა საზოგადოებრივი სიკეთეები დათმო, ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია დღემდე არ არსებობს, რამდენი ბინა აქვს მერიას ამ შეთანხმებებიდან…

ბათუმის მერიას და საკრებულოს მარტივად შეუძლია ნების არსებობის შემთხვევაში ეს პრობლემა აღმოფხვრას. გახსნას სპეციალური ვებგვერდი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია თუ სად რა მშენებლობა მიმდინარეობს ნებართვებში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე უკვე აღრიცხული და აღსარიცხი ქონებებით.

ახლა რა ვითარებაცაა საბინაო ფონდთან დაკავშირებით, ეს არის კორუფციის უზარმაზარი ორმო, სადაც ნებისმიერი ადამიანი ჩაიკარგება, თუ მოინდომებს გარკვეული ინფორმაციის მიღებას, იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი და შეიძლება მერიის მაღალჩინოსნებს და შესაბამისი დარგის სპეციალისტებსაც კი, რომლებიც მერიაში მუშაობენ, გაუჭირდეთ ერთი ბოლოს მეორესთან დაკავშირება. ბევრი ინფორმაცია იყრის თავს და სისტემატიზაცია ხდება თუ არა ამ ინფორმაციის, ისე, როგორც საჭიროა, ჩვენ არ ვიცით.

ახლა რა ვითარებაც აქვს ბათუმის მერიას საბინაო ფონდთან დაკავშირებით, ყოველთვის გააჩენს ეჭვს კორუფციაზე, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით რით ხელმძღვანელობს მერია, როცა გადასცემს მოქალაქეებს ბინებს; რატომ ხდება მაინცდამაინც ქალაქის დღესასწაულებზე ბინების გადაცემა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის; რატომ არ შეიძლება ამან მიიღოს სხვა ხასიათი, რაც გვეცოდინება გამჭვირვალედ, სხდომების ან ვებგვერდის დახმარებით?!

ის, რომ მერია მალავს ამაზე ინფორმაციას, კიდევ უფრო მეტად გვიმტკიცებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი მიმდინარეობს გარკვეული კორუფციული რისკებით.

და ბოლოს, ამ ყველაფრის ფონზე, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, რა გამოდის, რომ კიდევ რამდენიმე ზამთრის გადატანა მოუწევთ უსახლკარო მოქალაქეებს?

არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ეს პრობლემა მოგვარდება ქალაქში.

ბათუმი, მართალია, იზრდება ძალიან სწრაფად, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ყველაზე დაუცველი მოქალაქეების ხმა ამ სიჩქარეში კიდევ უფრო იკარგება. მაშინ როცა მუნიციპალიტეტი უნდა გამოხატავდეს ყველას ინტერესს, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქის მართვა, პრაქტიკულად, გადავიდა სამშენებლო ჯგუფებისა და გავლენიანი, ძალიან მდიდარი მშენებლების ხელში.

ჩვენ ამ ადამიანებს ვხედავთ საკრებულოში, ამ ადამიანებს ვხედავთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უახლოეს გარემოცვაში, აქ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც აქვს გარკვეული საჭიროებები, დაკარგულია, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ხელისუფლება მიტაცებულია და მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მოძლიერდეს სწორედ ასე კორუმპირებული გზით, ბიზნესჯგუფებისა და ჩინოვნიკების ან ყოფილი ჩინოვნიკების დაჯგუფებების დახმარებით.

ეს არის სულ ამბავი.

_________

ფოტოზე: უსახლკარო მოქალაქეების აქცია ბათუმის მერიასთან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?