დავით მათიკაშვილი - ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს - მათ გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში ორიანი ეკუთვნით
დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ბრიუსელის ბიუროკრატია კომიკურ მდგომარეობაშია და „გეოგრაფიასა და გეოპოლიტიკაში ორიანი ეკუთვნის“. ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელის გაფართოების ფორუმზე საქართველო არ მიიწვიეს, დაკავშირებადობის მინისტერიალზე კი ელჩის დონეზე მიწვევაზე თბილისმა უარი თქვა.

კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის საკუთარი ვერსია შესთავაზოს - მათ გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში ორიანი ეკუთვნით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელის ბიუროკრატია თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და მას ადრე თუ გვიან, სიმართლისთვის თვალის გასწორება აუცილებლად მოუწევს.
“ბრიუსელის ბიუროკრატია სრულიად კომიკურ მდგომარეობაში იგდებს თავის. მაშინ, როდესაც დაკავშირებადობაზე არის შესაბამისი ფორუმი დაგეგმილი, მაშინ როდესაც საქართველო წარმოადგენს საკვანძო როლს მინიმუმ შვიდი ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია და სწორედ საქართველოს გავლით ხდება მათი დაკავშირება ევროპასთან და ევროპულ ბაზრებთან, მაშინ როდესაც შუა დერეფნის ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს აღნიშნული კონფლიქტების გათვალისწინებით, როგორც ჩრდილოეთს, ასევე სამხრეთ დერეფნებთან მიმართებით, მიუხედავად ყველა ფაქტორისა, საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის ბიუროკრატია ინარჩუნებს რაღაც გაბუტულის პოზას. საქართველო მაღალი რანგით უნდა იყოს წარმოდგენილი მსგავს ფორუმებში და ცოტა არ იყოს, უღირსი დამოკიდებულების ჭრილში [წარმოგვაჩინეს] და დაბალი რანგით იყო წარმოდგენილი. ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ და სათანადო რეაქციაც გაგვაჩნია ყველა ასეთ ქმედებაზე.
ეს არის ის თვითდაზიანების რეჟიმი, რომელშიც ბრიუსელის ბიუროკრატია განგრძობად რეჟიმში იმყოფება მას შემდეგ, რაც მათ საქართველოსთან დიალოგი თვითონ შეაჩერეს. ამ მოცემულობას ადრე თუ გვიან აუცილებლად გაუსწორებს თვალს ბრიუსელის ბიუროკრატია. თქვენ ხედავთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები როგორ ააქტიურებენ და აღრმავებენ საქართველოსთან დიალოგს. იციან, რომ სწორედ საქართველო არის ის საკვანძო ქვეყანა, რომელიც დანარჩენი მსოფლიოს ბაზრებს, აზიის ბაზარს მათთან აკავშირებს, როგორც ენერგომატარებლებით, ასევე სხვა პროდუქციასთან მიმართებით. ამ დროს, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, რომ თვალებზე ხელი აიფაროს, არ დაინახოს სიმართლე, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის საკუთარი ვერსია შესთავაზოს. ამ მოცემულობაში ნამდვილად ორიანი ეკუთვნით მათ, ყველას გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ღია პოლიტიკას, ჩვენს მზაობას დიალოგისკენ იქნება ეს ევრობიუროკრატია თუ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. წევრი ქვეყნებისგან ჩვენ გვაქვს აქტიური მზაობა ამ დიალოგის განხორციელებაზე. ასე რომ, ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ეს ბიუროკრატია იქნება თუ სხვა ევროკავშირისა, მას სიმართლისთვის თვალის გასწორება აუცილებლად მოუწევს,” - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ. ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, ღონისძიებას სახელწოდებით - „უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა“, დაესწრებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პროცესში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და ბიზნესის წარმომადგენლები. გაფართოების ფორუმზე საქართველო არ მიუწვევიათ.
ამასთან, დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალზე ელჩის დონეზე იყო დაპატიჟებული, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა მასზე დასწრებაზე უარი თქვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…