პრემიერი: ბიზნესისა და ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, მოვახერხეთ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, დაგვჭირდა გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ ქვეყანა დაგვეცვა გარე საფრთხეებისგან
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებამ გარედან დაფინანსებული დესტაბილიზაციის მცდელობები აიცილა და პოლიტიკური სტაბილურობა უზრუნველყო, რაშიც ერთ-ერთი პრინციპული ნაბიჯი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება იყო.

ბიზნესისა და ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება და მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას დასჭირდა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ქვეყანა დაეცვა, მათ შორის, გარე საფრთხეებისგან.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც მარტივი არ იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ დაგვჭირდა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა, მათ შორის, გარე საფრთხეებისგან. დაგვეცვა ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით ერთ-ერთი პრინციპული გადადგმული ნაბიჯი იყო "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, თუმცა იყო სხვა ნაბიჯებიც. ჩვენ, საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ და ქვეყანას თავიდან ავარიდეთ დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც გარედან იყო დაფინანსებული. იყო არაერთი სხვა ნაბიჯი, ამაზე დეტალურად აღარ ვისაუბრებ, თუმცა საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ საზოგადოების მხარდაჭერით, ისევ და ისევ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ მოვახერხეთ გაბედული ნაბიჯების გადადგმა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ბიზნესის სტაბილური და თანმიმდევრული განვითარებისთვის. ბიზნესთან დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, შესაბამისად, მზად ვართ, დიალოგის გაგრძელებისთვის. ჩვენ ასევე პანელური დისკუსიის ფორმატში გვექნება გარკვეული საკითხების კიდევ უფრო ღრმად განხილვის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიალოგი შექმნის ძალიან მყარ საფუძველს ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობას გადაგიხდით თქვენი წვლილისთვის ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში", - აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…