„ეს ქალაქი ცხოვრებისთვის უვარგისი იქნება“ - გამოხმაურებები „ქართუს“ კომპანიის პროექტზე
ირაკლი აბესაძის ცნობით, „ქართუს“ კუთვნილი კომპანია „ორთაჭალა თაუერსის“ 6 სართულით გაზრდას გეგმავს, რასაც ოპოზიცია ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურებად აფასებს.
„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებლის, ირაკლი აბესაძის განცხადებას, რომ ფონდ „ქართუს“ კუთვნილი კომპანია თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ დაგეგმილი მულტიფუნქციური კომპლექსის „ორთაჭალა თაუერსის“ პროექტის კორექტირებასა და სამშენებლო ფართობის 6 სართულით გაზრდას ითხოვს, პირველი შეფასებსბი უკვე მოჰყვა.
დედაქალაქში მიმდინარე სამშენებლო პოლიტიკას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და საკრებულოს ყოფილი წევრები აკრიტიკებენ.
რა ხდება?
ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია თავდაპირველად შეთანხმებული 89 948 კვ.მ ფართობის 43-სართულიანი კოშკის ნაცვლად, 110 400 კვ.მ ფართობის 49-სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს. მისივე გამოთვლებით, დამატებული 20 452 კვ.მ ფართობის საშუალო საბაზრო ღირებულება (1 კვ.მ — 2 000 აშშ დოლარი) დაახლოებით 40.9 მილიონ დოლარს, ანუ 106 მილიონამდე ლარს შეადგენს.
„თბილისისა და თბილისელებისთვის ეს ნიშნავს, სამწუხაროდ, ქალაქისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას და დასამარებას"- ამბობს აბეაძე.
საბოლოო ჯამში, ამ მოცულობის მშენებლობების, და ეს უკვე არ ეხება მხოლოდ ივანიშვილს, არამედ ყველა იმ დეველოპერს, რომელიც კალაძესთან პირადი მეგობრობითა თუ პოლიტიკური კავშირებით გამოირჩევა, მათი ეს დაუოკებელი მადა რაც შეიძლება მეტი მილიონი იშოვონ თბილისელების ხარჯზე და თბილისის განადგურების ხარჯზე, საბოლოოდ მართლაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს ქალაქი ადგილობრივებისთვის ცხოვრებისთვის უბრალოდ უვარგისი იქნება"- ამბობს აბესაძე.
სამშენებლო კოეფიციენტების (K2) ზრდის სანაცვლოდ დაწესებული მაკომპენსირებელი ღონისძიებების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ნინო წულაძე.
მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით გამოხატა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სახლის რეაბილიტაციისთვის ფასის გადახდა და ეს ხდება კა-2 (K2) კოეფიციენტის გაზრდის მიზნით. აი, ეს ჩადეს კანონში სპეციალურად. ეს არის ერთგვარად დამატებითი ფულის შესვლის საშუალება თბილისის მერიაში და კაციშვილმა არ იცის, აი, ამ მაკომპენსირებელი ღონისძიებების სახით შესული მილიონები რას ხმარდება; რომელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის ჩანაცვლებული, რეაბილიტირებული, ბოლო პერიოდში ახორციელებდნენ თუ არა სტატისტიკას", - ამბობს ნინო წულაძე, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი.
მასშტაბური მშენებლობების შედეგად მოსალოდნელ სატრანსპორტო პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას პოლიტიკოსი საბა ბუაძეც.
გაზრდილი კოეფიციენტი, გაზრდილი სართულიანობა, გაზრდილი სამშენებლო მოცულობა ნიშნავს იმას, რომ მეტი ავტომობილი უნდა გადაადგილდეს, იქ უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები უნდა იყოს, რაც საბოლოო ჯამში თბილისელების ცხოვრებაზე აისახება და არა მხოლოდ იქ არსებულ მოსახლეობას გაურთულებს ცხოვრებას, არამედ სანაპიროზე მოძრავ ათასობით და ათიათასობით ადამიანს, რომელიც ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდება. - აცხაებს საბა ბუაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…