ლევან ღამბაშიძე: ასე ნელ-ნელა და უკვე სწრაფ-სწრაფად... ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების დეფაქტო აღდგენა
ლევან ღამბაშიძე: სტატუსის შეცვლა მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ახლა რუსეთი და საქართველო ტექნიკურად წარმომადგენლების დონეზე ურთიერთობენ, მაგრამ სინამდვილეში საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების დეფაქტო აღდგენა. როგორც რუსები წერენ, ეს არის 2012 წელს დაწყებული პოლიტიკის გაგრძელება.

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ასე ნელ-ნელა და უკვე სწრაფ-სწრაფად...
საქართველოს და რუსეთს დიპლოპატიური ურთიერთობა არ აქვთ. ამ ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი პირისპირ არასოდეს ხვდებოდა ერთმანეთს. ერთადერთი ფორმატი იყო ჟენევის დისკუსიები, სადაც ევროპელებთან ან გაეროს წარმომადგენლებთან ერთად ვხვდებოდით რუსებს, რათა არასოდეს დავრჩენილიყავით მათთან პირისპირ.
ეს შეიცვალა 2012 წელს, როდესაც ბიძნა ივანიშვილმა "რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის" ახალი პოზიცია წარადგინა. ეს ივანიშვილს აძლევდა საშუალებას, რომ პირდაპირი კავშრი დაემყარებინა რუსეთთან, იმის გარეშე, რომ მასთან დიპლომატიური ურთიერთოებები აღედგინა ან ჟენევის ფორმატი გაეუქმებინა.
წელს ივანიშვილმა შემდეგი ნაბიჯი გადადგა: ამ პოზიციას სტატუსი შეუცვალა და ფაქტიურად დიპლომატიური ურთიერთობის დონეზე აამაღლა. რანაირად?
ამა წლის ოქტომბერში, როდესაც მოსახლეობის ნაწილი დიფსთეითის, აგენტურის, ხალხის მტრებისა და მასონების დევნის შოუთი იყო გართული, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მინისტრის მოადგილეებს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დაკავებაც შეეძლოთ.
ეს კანონი არავის ეხებოდა ერთი ადამიანის გარდა. ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერთდროულად გახდა პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.
ახლა დასვით შეკითხვა: რა მნიშვნელობა აქვს რუსებს, რუსებს სპეციალურ წამომადგენელი დაელაპარაკება თუ საგარეოს მინისტრის მოადგილე? რატომ არ შეიძლებოდა რომ წარმომადგენელი კვლავ წარმომადგენლად დარჩენილიყო? სათქმელს ვერ მიიტანდა და ვერ ჩამოიტანდა? წარმომადგენელი ხომ მხოლოდ წარმომადგენელია და დამოუკიდებლად მაინც ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებებს?
ხოდა ზუსტად მაგაშია საქმე, რომ სტატუსის შეცვლა მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ახლა რუსეთი და საქართველო ტექნიკურად წარმომადგენლების დონეზე ურთიერთობენ, მაგრამ სინამდვილეში საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე.
ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების დეფაქტო აღდგენა.
როგორც რუსები წერენ, ეს არის 2012 წელს დაწყებული პოლიტიკის გაგრძელება.
და რუსები მართლები არიან. 2012-დან დაიწყო საქართველოში პრორუსული კონტრრევოლუცია, რომლეიც ეხლა უბრალოდ ბევრად უფრო ცხადია, ვიდრე ეს გადატრიალების პირველ წლებში ჩანდა.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…