ბატეთის ტბა, მთებში მოქცეული ჩანჩქერები, ისტორიული მონასტრები და კლდეში გამოკვეთილი სკიტეები - ძამას ხეობა - ადგილი, სადაც ბუნების სილამაზე, ისტორია და სასულიერო ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის
ძამას ხეობაში ბატეთის ტბა, აბუხალოს ჩანჩქერი და მონასტერი მდებარეობს, სადაც 2017 წლიდან ერთადერთი ბერი, მამა ისაკი მოღვაწეობს.
არის ადგილები, სადაც შემოდგომა უბრალოდ წელიწადის დრო არ არის და, სანამ ცივი ზამთარი დადგება, ეს საოცარი სანახაობაა - სწორედ ასეთია ძამას ხეობა. აქ ბუნების სილამაზეს საუკუნეების ისტორია და ბევრი საიდუმლოც ერწყმის.
ხშირად, ძამას ხეობაში მოგზაურობა ბატეთის ტბიდან იწყება. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარე ტბა მთლიანად ტყითაა გარშემორტყმული. ზამთრის დადგომამდე აქ საოცარი ფერებია, თუმცა არის ადგილები, სადამდე მისვლაც შედარებით რთულია და მეტ დროსაც მოითხოვს.
აბუხალომდე ფეხით ამოსვლა შესაძლებელია, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დრო ბევრი დაგჭირდებათ და შიგადაშიგ პირდაპირ ცივ მდინარეში გავლაც მოგიწევთ.
როგორც ამბობენ, აბუხალოს ჩანჩქერი ბევრად უფრო მაღალი იყო, მაგრამ დრომ და ბუნებრივმა მოვლენებმა თავისი კვალი მაინც დაამჩნია. ამის მიუხედავად, ეს არის საოცარი ადგილი.
ჩანჩქერიდან რამდენიმე კილომეტრში აბუხალოს მონასტერს მიადგებით, რომელიც წმინდა დავით გარეჯელის სახელს უკავშირდება. აქ ერთად-ერთი ბერი, მამა ისაკი ცხოვრობს, რომელიც 2017 წლიდან მსახურობს. კამერასთან საუბარი არ უყვარს, თუმცა მონასტრის გადაღებას სიამოვნებით დაგვთანხმდა. ტაძარი 2005 წელს ძველი მონასტრის ფუძეზე აშენდა. ყველაფერს მამა ისაკი უვლის და იშვიათ სტუმრებსაც გულთბილად იღებს.
მონასტერს თავზე დაჰყურებს მაღალი კლდე, რომელშიც საუკუნეების წინანდელი სკიტეებია გამოკვეთილი. ეს ადგილი ადრე ბერების საცხოვრებელიც იყო და ადგილობრივების თავშესაფარიც.
სკიტეებამდე მისასვლელად, დიდი დრო და ფიზიკური ძალისხმევაა საჭირო. შემოდგომის წვიმების შემდეგ კი იქ ასვლა არაა რეკომენდებული - კლდისპირა ვიწრო ბილიკები სრიალებს და ქვათაცვენაც საკმაოდ ხშირია.
აბუხალოს მონასტერში მარტო მცხოვრები ბერის ყოველდღიურობა არ არის მარტივი. საყოფაცხოვრებო საქმეებში მას ადგილობრივებიც შეძლებისდაგვარად ეხმარებიან.
ირაკლი ალიბეგაშვილი ერთ-ერთი მათგანია. ის ძამას ხეობის ერთ-ერთი საუკეთესო გიდია და მონასტრებსაც დასახმარებლად ხშირად სტუმრობს.
და ბოლოს: ძამას ხეობა ერთი მოგზაურობით ნამდვილად არ არ ამოიწურება. აქ ერთმანეთს ხვდება ბუნების სილამაზე, ისტორია, სასულიერო ცხოვრება. გვიანი შემოდგომიდან ხეობა თითქოს ჩუმდება და ალბათ სწორედ ეს ხდის აქაურობას განსაკუთრებულს.
ავტორი: გიორგი ქორქია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…