"აი ია" - "დედა ენის" შექმნისგან 150 წელი გავიდა, შეიცვალა დრო, ეპოქები, თაობები და სწავლების მეთოდები, თუმცა ის ქართველებისთვის კვლავ უპირველეს წიგნად რჩება
იაკობ გოგებაშვილის მიერ „დედა ენის“ შექმნიდან 150 წელი გავიდა. საარქივო ცნობებით, მის სიცოცხლეში სახელმძღვანელო 33-ჯერ გამოიცა, ხოლო გარკვეული პოეტური სტრიქონების ავტორი აკაკი წერეთელი იყო.
"მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედა ენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ…" – ამ იდეას დაეყრდნო იაკობ გოგებაშვილი, როდესაც 1876 წელს ქართული განათლების ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო შექმნა. მას შემდეგ 150 წელი გავიდა. შეიცვალა დრო, ეპოქები, თაობები და სწავლების მეთოდები, თუმცა "დედა ენა" ქართველებისთვის კვლავაც უპირველეს წიგნად რჩება.
იაკობ გოგებაშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ხელით წერას და მის როლს ბავშვის განვითარებაში. 1880-იანი წლების დასაწყისში ქართული ანბანის თითოეული ასოს ფორმასა და უმცირეს დეტალებს საგანგებო კომისიები გულდასმით განიხილავდნენ. იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში "დედა ენა" 33-ჯერ გამოიცა.
საარქივო მასალების მიხედვით, წიგნში შესული ზოგიერთი პოეტური სტრიქონის ავტორი დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელია. მათ მრავალწლიან მეგობრობასა და ეროვნული ინტერესების სამსახურში საერთო საქმიანობას ხანგრძლივი ისტორია აქვს.
მშობლიური ენის მნიშვნელობა იაკობ გოგებაშვილისთვის მხოლოდ ქართული ენის სწავლებას არ გულისხმობდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს შექმნაშიც.
წლების შემდეგ, დედაენა საქართველოდან გადასახლებული ქართველებისთვისაც შეიქმნა..
იაკობ გოგებაშვილი მხოლოდ თეორიული იდეების ავტორი არ ყოფილა. როგორც პრაქტიკოს მასწავლებელს, კარგად ესმოდა საკლასო ოთახის ყოველდღიური გამოწვევები და იცოდა, როგორ ექცია სწავლის პროცესი საინტერესო გამოცდილებად.
სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნა მოსწავლეს დამოუკიდებლად უნდა გაეაზრებინა და პრაქტიკაში გამოეყენებინა, წერითი უნარების გასავითარებლად კი იაკობ გოგებაშვილმა სპეციალური რვეული შექმნა.
სამყაროს შეცნობა, ქვეყნის სიყვარული, ცოდნისკენ სწრაფვა - წიგნთან პირველი შეხებით იწყება. "დედა ენა" ქართული ბიბლიოთეკის ფუნდამენტია, რომელიც 150 წლის შემდეგაც კვლავ იზიდავს მკვლევრებს და სამუშაო მაგიდასთან აბრუნებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…