გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია: ღრმა მწუხარებას და უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავთ ჩვენი აკადემიის გამორჩეული მასწავლებლის, პოეტისა და მთარგმნელის, ლელა სამნიაშვილის გარდაცვალების გამო
ლელას გარდაცვალება დიდი დანაკლისია აკადემიისთვის, მისი მოსწავლეებისთვის, კოლეგებისთვის, ქართული კულტურისა და ლიტერატურისთვის, მთელი ქვეყნისთვის!

„მზემ რომ იცოდეს, რას დანათის, სულ არ ამოვა.
რა უსაშველოდ ლამაზია, რაც ამაოა.“
ღრმა მწუხარებას და უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავთ ჩვენი აკადემიის გამორჩეული მასწავლებლის, პოეტისა და მთარგმნელის, ლელა სამნიაშვილის გარდაცვალების გამო.
ლელაზე წარსულში საუბარი წარმოუდგენლად რთულია. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის წლები, თითოეული დღე, რომელიც ლელამ აკადემიას, მოსწავლეებსა და კოლეგებს მიუძღვნა. მისი ცოდნა, შემოქმედებითი ხედვა, პიროვნული ღირსებები, გულისხმიერება და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი წარუშლელია თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში.
ლელას გარდაცვალება დიდი დანაკლისია აკადემიისთვის, მისი მოსწავლეებისთვის, კოლეგებისთვის, ქართული კულტურისა და ლიტერატურისთვის, მთელი ქვეყნისთვის!
გულწრფელად ვუსამძიმრებთ ლელას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, მოსწავლეებსა და მთელ საქართველოს.
შეგახსენებთ - 49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი.
ლელა სამნიაშვილი დაიბადა 1977 წელს. მისი ლექსები პირველად 1994 წელს დაიბეჭდა.
გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "ფოტო-აბები", "გველის წელიწადი",, "მუდმივი ტატუ", "ფრაქტალები", "ლოცვა აბსტრაქციად", „37“, „ავირეკლოთ“... თარგმანები: "სილვია პლათის ლექსები ქართულად", ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი", სილვია პლათის "ზარხუფი", უილიამ შექსპირის “ჰამლეტი” და სხვა... არის "საგურამოს", "ლიტერას" და "საბას" ლაურეატი. მისი ლექსები თარგმნილია და გამოცემულია სხვადასხვა ენაზე. უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის და სინქრონული თარგმანის განყოფილების დასრულების შემდეგ, 2002-2004 წლებში ლელა სამნიაშვილი მიწვეული იყო მკვლევრად კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში; 2007 წელს მიიღო განათლების ფილოსოფოსის მაგისტრის წოდება ოსლოს უნივერსიტეტში, 2017 წელს კი - განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლელა სამნიაშვილის ბოლო წიგნი "ვარსკვლავს, ყვავილს, ადამიანს" 2026 წლის შემოდგომაზე გამოვიდა.️
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…