სოფო კილასონია: ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქალმა დატოვა ეს სამყარო. ჩვენ მზად ვართ გულმხურვალედ დავიტიროთ ერთმანეთი, ვიდრე ამ სისტემის შესაცვლელად ვიბრძოლოთ
სოფო კილასონია: ჩვენ თავს იმით ვინუგეშებთ, რომ მოხდა ეს უკურნებელი სენით, და გაგვიჭირდება იმის აღიარება რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი მედიკამენტებით არ ამარაგებს პაციენტებს, ან დროულად არ აწვდის წამალს.

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია:
ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქალმა დატოვა ეს სამყარო. დროზე ადრე, უსამართლოდ. ჩვენ თავს იმით ვინუგეშებთ, რომ მოხდა ეს უკურნებელი სენით, და გაგვიჭირდება იმის აღიარება რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი მედიკამენტებით არ ამარაგებს პაციენტებს, ან დროულად არ აწვდის წამალს. ჩვენ დიდხანს ვერ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ავადმყოფობა ზოგიერთი ოჯახის ტვირთია, რომელსაც მხოლოდ ოლიგარქები თუ აწევენ. სხვები - ვერ.ვერ ვიფიქრებთ იმაზე რომ სასურველი წამალი ან ვაქცინა საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის მხოლოდ ოცნებაა და რომ თავად ანაცვლებს მათ ძველმოდური მედიკამენტით. ჩვენ მზად ვართ გულმხურვალედ დავიტიროთ ერთმანეთი, ვიდრე ამ სისტემის შესაცვლელად ვიბრძოლოთ.
სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი. თუმცა ეს იქამდე, ვიდრე ტრაგედია არ აგვიშლის ლამაზი რითმების გამოტყორცნის ვნებას.
შეგახსენებთ - 49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი.
ლელა სამნიაშვილი დაიბადა 1977 წელს. მისი ლექსები პირველად 1994 წელს დაიბეჭდა.
გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "ფოტო-აბები", "გველის წელიწადი",, "მუდმივი ტატუ", "ფრაქტალები", "ლოცვა აბსტრაქციად", „37“, „ავირეკლოთ“... თარგმანები: "სილვია პლათის ლექსები ქართულად", ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი", სილვია პლათის "ზარხუფი", უილიამ შექსპირის “ჰამლეტი” და სხვა... არის "საგურამოს", "ლიტერას" და "საბას" ლაურეატი. მისი ლექსები თარგმნილია და გამოცემულია სხვადასხვა ენაზე. უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის და სინქრონული თარგმანის განყოფილების დასრულების შემდეგ, 2002-2004 წლებში ლელა სამნიაშვილი მიწვეული იყო მკვლევრად კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში; 2007 წელს მიიღო განათლების ფილოსოფოსის მაგისტრის წოდება ოსლოს უნივერსიტეტში, 2017 წელს კი - განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლელა სამნიაშვილის ბოლო წიგნი "ვარსკვლავს, ყვავილს, ადამიანს" 2026 წლის შემოდგომაზე გამოვიდა.️
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…