როგორი კითხვები დაუსვეს მოსამართლეებმა ენმ-ს – ოპოზიციის აკრძალვს საქმის მე-12 პროცესი
საკონსტიტუციო სასამართლოში „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვაზე მოსამართლეებმა ენმ-ის წარმომადგენლებს კითხვები საკუთრების უფლებაზე, მედიის შევიწროებასა და ვეტინგზე დაუსვეს.

გუშინ, 13 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გააგრძელდა „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ არსებითი განხილვა.
სხდომა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობით დაიწყო – ანა წითლიძის, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის აზრით, ამ მოსამართლის შეკითხვების ფორმულირება ისეთია, რომ უკვე იგრძნობა მიკერძოებული დამოკიდებულება. წითლიძემ გოცირიძეს წინა სხდომა გაახსენა, სადაც მოსამართლეს ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულები გაიხსენა და იკითხა: „მმართველი პარტია არ იყო დამნაშავე საერთოდ?“
ლევან ბეჟაშვილმა, ენმ-ს კიდევ ერთმა ლიდერმა კი ევა გოცირიძეს რამდენიმე ფრაზა გაახსენა: „დანაშაული წახალისდა“, „ისტორია და საზოგადოება თავად შეაფასებს“, „იმედია ინანიებთ“… ბეჟაშვილმა განმარტა, რომ საზოგადოების და სასამართლოს შეფასება მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული.
„არ დაკმაყოფილდეს“ – განაცხადა უკვე ძალიან ნაცნობი ფრაზა პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ. პლენუმმა ადგილზე ითათბირა და საკითხის გადაწყვეტას სულ რამდენიმე წამი დასჭირდა.
აქ ევა გოცირიძემ ისურვა განმარტების გაკეთება: ვგულისხმობდი იმ მკვლელობებს, რაზეც უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს, გამოძიება კი, წინა ხელისუფლების პირობებში არ მომხდარაო. ამის საილუსტრაციოდ ევა გოცირიძემ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან „დამნაშავე პირების წახალისება“ დაასახელა, რაც ლევან ბეჟაშვილმა გააპროტესტა.
„იგივეს ამბობთ. იმ მომენტში დამნაშავედ იყო მიჩნეული?“ – ჩაეკითხა მოსამართლეს ენმ-ს წარმომადგენელი, ლევან ბეჟაშვილი.
საკუთრების უფლების ხელყოფა – „ოცნების“ სარჩელის მორიგ თავს მიადგნენ მოსამართლეები. „ოცნების“ მტკიცებით, 70 საქმე ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფომ, ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კერძო პირების საკუთრების უფლება დაარღვია. „ოცნება“ წულუკიანის კომისიის დასკვნას ეყრდნობა, თუმცა მოსამართლემ შენიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ 11 საქმეზე არსებობს.
„სად 70 და სად 11? სხვა საკითხია, აქედან რა ეხება პარტიას“, – მოსამართლეებს მიმართა ანა წითლიძემ.
„70-ივე ფაქტი არასწორია? თუ შეგიძლიათ ამ ფაქტების გაქარწყლება?თუ გაქვთ ამის მტკიცებულებები წარმოგვიდგინეთ,“ – მიმართა ენმ-ს წარმომადგენლებს ევა გოცირიძემ. მას ანა წითლიძემ შეახსენა სამართალი – მტკიცების ტვირთვი რომ ბრალდების მხარესაა და „ოცნებისთვის“ უნდა მოეთხოვა სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა.
წითლიძემ „წულუკიანის კომისიაზე“ გამოცხადებული მოქალაქეც გაიხსენა: „სასამართლოში ყველა დავა წავაგე, მაგრამ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მოსამართლეები და პროკურორები არიან ისევო…
თუ უკანონოდ იყო წართმეული, 14 წელი რატომ ვერ დაუბრუნდა?“ – მოსამართლეს მიუბრუნდა ანა წითლიძე.
ლევან ბეჟაშვილის აზრით კი, საკუთრების უფლების დარღვევის ცალკეული ფაქტები ხდებოდა, ახლაც ხდება და კიდევ მოხდება, რადგან ამისგან დაზღვეული არავინაა. მან მოსამართლეებს მიანიშნა, ისტორიული პერსპექტივის განხილვა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ დღეს რა საფრთხეს ქმნის ამა თუ იმ პარტიის არსებობა? ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ამის გამოკვეთაა მნიშვნელოვანი: რა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და კონსტიტუციურ წესრიგს კონკრეტული პოლიტიკური ძალა?
პლენუმის თავმდჯომარემ ბეჟაშვილს შენიშვნა მისცა: ჭკუას ნუ გვასწავლიოთო და ამასობაში ანა წითლიძემ მორიგი ისტორია გაიხსენა „წულუკიანის კომისიის სხდომებიდან“: ვალტერ შაკაიამ ამოყორა რიყის ტერიტორია და სახელმწიფო ედავებოდა, მას კომპენსაცია გადაუხადეს. ახლა მე რომ ბათუმის პიაცა მოვღობო, შემიძლია? და მერე ვიტყვი, საკუთრებას მართმევენო…“
„მე იმ 11 საქმეზეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას,“ – განაგრძო თხრობა ლევან ბეჟაშვილმა. – „კონკრეტული ჩინოვნიკის ბრალი იყო, კანონმდებლობის ბრალი იყო? მნიშვნელოვანია, როგორ უყურებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხს?… ეს საქმეები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმ მასშტაბის და იმ სიმძიმის, რომ დღეს პარტიის ფუნქციონირების საშიშროება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,“ – დაასრულა ლევან ბეჟაშვილმა.
მედიის შევიწროება – „ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს ამ არგუმენტითაც: ენმ-ს ხელისუფლება მედიას ავიწროებდაო. აქ მოსამართლე ევა გოცირიძემ რამდენიმე საქმე დაასახელა, რაც „ოცნებას“ აქვს ჩამოწერილი სარჩელში, მათ შორისაა, ჟურნალისტ ნათია როყვას საქმე. ნათია როყვა „ბათუმელების“ ჟურნალისტი იყო, მაგრამ „ოცნება“ სარჩელში სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით „ბათუმელებს“ არ ასახელებს. „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სწორედ „ოცნების“ მთავრობას პირობებშია უკვე მეორე წელი უკანონო პატიმრობაში.
წულუკიანის კომისიის ნათია როყვას შესახებ, მაგალითად, ეს უწერია: „2009 წელსაც ჟურნალისტებზე ზეწოლის, მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისა და სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი მოხდა. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება სირთულეებთან იყო დაკავშირებული რეგიონებშიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიის წარმომადგენლები რეჟიმის ძალადობრივი პოლიტიკის ამსახველი ფაქტების გაშუქებას ცდილობდნენ. მაგალითად, ჟურნალისტი ნათია როყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) რეგიონული განყოფილების თანამშრომლებმა 23 იანვარს მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ იგი ამავე დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციას ფოტოკამერით იღებდა.“
„ყველაფერი ტყუილია? ეს მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ მედიის თავისუფლება სერიოზული წნეხის ქვეშ თქვენი მმართველობის პერიოდში?“ – მედიაშეზღუდვის რამდენიმე საქმის დასახელების შემდეგ ენმ-ს წარმომადგენლებს მიმართა ევა გოცირიძემ.
„ჩვენ მოწმეების მოგყვანა შეგვიძლია, რომ ამ ჩამონათვალში ბევრი სიცრუეა,“ – განაცხადა ანა წითლიძემ და მაგალითად „ოდიში“, „თრიალეთი“ და „ომეგა“ დაასახელა, რომელთა მესაკუთრეები არ ადასტურებენ ენმ-ს ხელისუფლებასთან კონფლიქტს.
„მოვიწვიოთ მოწმეები და განვიხილოთ თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე. ჩვენ ამას ვითხოვდით… რაშიც აღმოჩნდება, რომ არ ვართ მართლები, ვიტყვით, რომ არ ვართ მართლები,“ – მოსამართლეებს მიმართა ანა წითლიძემ.
„2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევას ადგილი არ ჰქონია?“ – იკითხა ისევ ევა გოცირიძემ.
„მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალები ადამიანის უფლებების დარღვევაზე არის მანიპულაციური, გამომდინარეობს პოლიტიკური შეფასებიდან… 14 წელი ამ საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობდნენ,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა და ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ იმას, რომ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა პოლიტიკური შეფასების დოკუმენტია, სასამართლომ კი, კონკრეტულად უნდა იმსჯელოს კონკრეტულ დარღვევებზე.
„მოსარჩელეს რაც აქვს მითითებული, ეს ყველაფერი ვისი პასუხისმგებლობაა, ვის მიემართება?“ – ლევან ბეჟაშვილს ამჯერად მოსამართლე გიორგი მოდებაძემ მიმართა.
„იმ პერიოდში მოხდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნება. ეს არის საერთაშორისო შეფასება… რა დარღვევებიც დაფიქსირდება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ტვირთი, ჩვენი პასუხისმგებლობა. მე იმას ვამბობს, რომ პოზიტივის და ნეგატივის რანგში ვერ დავიწყებ საუბარს, როცა ითხოვენ, პარტიის მოკვდინება უნდა მოხდესო, ანუ პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ფორმის გამოყენება,“ – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
პარტიის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნა – ამ საკითხს მიუბრუნდნენ მერე მოსამართლეები. მაგალითად, გოგა კიკილაშვილმა იკითხა, რაში დასჭირდა იმდროინდელ ხელისუფლებას სასჯელის შეკრებითობის პრინციპის შემოღება?
„სწორი იყო ეს? კრიმინალთან ბრძოლის ამ მეთოდს ისევ დაუბრუნდებით?“ – მხარი აუბა კიკილაშვილს სერგო მეთოფიშვილმა. ლევან ბეჟაშვილმა მოსამართლეებს უთხრა, რომ მაშინ პარტიული იდეოლოგიით არ იღებდნენ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ორგანოები.
„ეს განპირობეული იყო სისხლის სამართლის პოლიტიკის ამოცანებით, მე არ ვამართლებ, მაგრამ სახელმწიფომ ასე ჩათვალა საჭიროდ… ამ მიდგომამ შეამცირა დანაშაულების რაოდენობა, თუმცა, ჩემი აზრით, ეს იყო გადაჭარბეული პრაქტიკა, ინიციატივა,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა და იმასაც გაუსვა ხაზი, 2012-2016 წლების პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ რომ მხარი დაუჭირა სასჯელის შთანთქმის პრინციპს.
„მშვიდობიანი აქციები“
„ოცნების“ სარჩელის კიდევ ერთი არგუმენტი ოპოზიციის წინააღმდეგ არის საპროტესტო აქციები, რომელიც „ოცნების“ მტკიცებით ძალადობრივი იყო, გარდა ამისა, 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე ჟღერდებოდა „მშვიდობიანი დამხობა,“ რაც კონსტიტუციური წეს-წყობილების დამხობას გულისხმობსო.
მოსამართლე გოგა კიკილაშვილმა იკითხა, რამდენად მშვიდობიანი იყო, მაგალითად, 2018 წლის აქცია პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 2019 წლის 20 ივნისის აქცია, ასევე 2020 წლის 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართული აქცია?
ლევან ბეჟაშვილმა კატეგორიულად ჩამოაყალიბა სათქმელი: თითოეული ეს აქცია მშვიდობიანი იყო, ლოკალური ძალადობრივი გამოვლინებებისგან კი, დაზღვეული არავინ არისო.
„ლოკალური ძალადობრივი აქტები ვერ შეერაცხება მშვიდობიანი აქციის სტატუსს,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა და მერე დეტალურად გაიხსენა, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს საერთოდ ინაუგურაციის ადგილიდან 50 კილომეტრის დაშორებით მოხდა პოლიციის კორდონთან დაპირისპირება, როცა გზა გადაგვიკეტესო.
„განაჩენი დამდგარია ძალადობრივი მუხლით“ – დავით კირკიტაძის, ენმ-ს ერთ-ერთი შემთხვევაზე მიანიშნა ენმ-ს ლიდერს მოსამართლე გოგა კიკილაშვილმა. დავით კირკიტაძე პოლიციაზე თავდასხმის მუხლით გაასამართლეს.
ლევან ბეჟაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ კირკიტაძეს ბრალი აქციის გამო კი არ ჰქონდა წარდგენილი, არამედ ბლოკირებულ გზაზე შეხლა-შემოხლისთვის.
„20 ივნისის აქცია კი, საერთოდ ორგანიზებული არ იყო, არათუ ძალადობის ორგანიზება… ეს იყო სპონტანური აქცია. შეჭრის მცდელობა არ ყოფილა საერთოდ,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა. მას ამჯერად მოსამართლე ევა გოცირიძემ გაახსენა, ნიკა მელია იმ დროს ენმ-ში იყოო.
„ავიღოთ ეს საქმე, განვიხილოთ და დავადგინოთ,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა და დასძინა, ადვოკატს დავუკავშირდები, დეტალებს გავივლით და შემდეგ მოგახსენებთ პოზიციასო.
„მე ვხედავდი იმას, სპეცრაზმის მხრიდან როგორ გვარბევდნენ,“ – ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა უთხრა სათქმელი მოსამართლეებს ანა წითლიძემ, – „რას უნდა გავემიჯნო? მე არასოდეს არ გავემიჯნები ანტისაოკუპაციო აქციაზე. მოძალადედ ვხედავდი სპეცრაზმს, რომელიც ხალხს თვალებს თხრიდა…“ – დაასრულა წითლიძემ.
ადმინისტრაციული შენობების დაზიანება და ქვების სროლა 2023 და 2024 წლის აქციებზე – „ოცნების“ ბრალდება გაახსენა ანა წითლიძეს მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა.
„176 პოლიციელი დაშავდაო, ესეც გვითხრეს, მაგრამ სადაა მტკიცებულებები? ამ ანტისაოკუპაციო აქციებზე მოძალადე ყველგან იყო სპეცრაზმი და ხელისუფლება… 500 ნაცემი მოქალაქეა მხოლოდ 2024 წლის აქციებზე, რაზე გველაპარაკებით?
მე არ მინახავს მოქალაქე, რომელიც დაუპირისპირდა სპეცრაზმს,“ – გაბრაზდა ანა წითლიძე.
„ზოგადად ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილი“ არის ძალადობის გამოვლენა?“ – ანა წითლიძეს მიუბრუნდა მოსამართლე ევა გოცირიძე.
„მოქალაქეს აქვს თავის დაცვის უფლება, როცა სპეცრაზმი მას სცემს… ხაბეიშვილი გაიხსენეთ, როგორი ნაცემი იყო,“ – განაცხადა ანა წითლიძემ.
ენმ-ს წარმომადგენლების თქმით, ისინი არც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები იყვნენ, თუმცა აქციაში მონაწილეობდნენ.
„ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, რაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული, რა იგულისხმებოდა?“ – იკითხა ევა გოცირიძემ. აქ ლევან ბეჟაშვილმა ბევრი „მშვიდობიან დამხობაზე“ ისაუბრა, რომ დამხობა სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა მოქმედი ხელისუფლების ჩამოშორება.
„ვგულისხმობდით მშვიდობიან საპროტესტო აქციას.. პრეზიდენტის სასახლის გასაღები ასევე სიმბოლური გამოხატულება იყო, რომ მივიდეთ სასახლესთან და პროტესტი დავაფიქსიროთ, ძალადობრივ მოქმედებას ეს არ გულისხმობდა,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა და აქვე მოსამართლეებს ამერიკაში მოხდარი ამბავი გაახსენა: არჩევნების წაგების შემდეგ რესპუბლიკელების მხარდამჭერები კონგრესის შენობაში რომ შევიდნენ.
„რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მიეცა, მაგრამ არავის ჩაუთვლია, რომ ეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა იყო და უნდა აეკრძალათ პარტია,“ – დასძინა ლევან ბეჟაშვილმა.
შესვენების შემდეგ პლენუმის თავმჯდომარემ მაია კოპალეიშვილის შუამდგომლობა წაიკითხა. მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა და პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი. ის სხდომიდან 11 ნოემბერს გააძევეს და გუშინ სხდომაზე დაშვება ითხოვა. მაია კოპალეივილმა მოსამართლეებს უთხრა, რომ „ოცნების“ დავალებას ასრულებენ.
„ძალიან მძიმე შრურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს“ – შეწუხებული სახით თქვა რევაზ ნადარაიამ და „დროას“ წარმომადგენელი, გიორგი ლემონჯავა არც კი დაალაპარაკა ამ საკითხზე.
ვეტინგი
ვეტინგი, ანუ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება ის თემა აღმოჩნდა, რასაც დღეს მოსამართლეებმა ყველაზე დიდი დრო დაუთმეს. „ოცნება“ თვლის, რომ ვეტინგი ხელყოფს სუვერენიტეტს. იგივეს ფიქრობენ მოსამართლეები. დღევანდელ სხდომაზე ვეტინგით უკმაყოფილება რამდენიმე მოსამართლეს დაეტყო.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის, მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.
„ეს უცხოელების მოწვევა რატომ არის ასეთი აუცილებელი, თქვენი აზრით, საქართველოში არ არიან პატიოსანი ადამიანები?“ – იკითხა ევა გოცირიძემ მაშინ, როცა სასამართლო კლანზე უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც არის საუბარი, ხოლო ქვეყნის შიგნით სასამართლო სისტემა ნებისმიერი კვლევით ძალიან დაბალი ნდობით სარგებლობს.
ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, რომ ვეტინგის მოთხოვნა პოლიტიკური შეხედულებაა და არაფერია ცუდი იმაში, თუ ნდობით არჭურვილი პირები შეამოწმებენ მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამ ქვეყანაში.
ბეჟაშვილმა თქვა, რომ მასაც მიუღია მონაწილეობა უკრაინაში პროკურორების ვეტინგში. ამ დროს უცხოელი ექსპერტებით, მათ შორის, ყოფილი მოსამართლეების, ყოფილი პროკურორების მონაწილეობით მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომელიც რეკომენდაციით მიმართავს იუსტიციის საბჭოს. საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭო იღებს.
„რამდენად შეესაბამება სუვერენიტეტს და ეროვნული თავმოყვარეობის საკითხს? მე-9 საუკუნეში სლავმა ტომებმა მიმართეს ვიკინგებს, კარგი ქვეყანა ვართ, მობრძანდით და გვმართეთო. მე-9 საუკუნის რუსეთში დაბრუნებას გვთავაზობთ?“ – მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება „თავმოყვარეობას“ არ შეესაბამებაო და ისეთი არგუმენტი დაასახელა, მოსამართლემ „ოცნებასაც“ გაუსწრო.
„ეს შეკითხვა თუ რელევანტურია, გავცემ პასუხს, თუ რიტორიკულია?“ – ირონია დაეტყო ლევან ბეჟაშვილსაც, ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს.
„ვეტინგი ეხება საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც… კონსტიტუციურად მიგაჩნიათ ეს საკითხი?“ – ევა გოცირიძეს მხარი აუბა პლენუმის თავმჯდომარემ.
ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ ვეტინგი, ასევე პოლიციელების და პროკურორის არჩევის საკითხი პოლიტიკური გეგმებია, სამართლებრივ რეგულირებას კი, ნების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი ბაზა დასჭირდება, როგორც ეს მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში, ან ალბანეთში.
მოსამართლე ევა გოცირიძეს შეკითხვას ვეტინგზე დღეს, 14 ნოემბერს ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა მაია კოპალეიშვილი:
„გიზიარებთ ერთ მონაკვეთს სასამართლოს კითხვებიდან, რომელიც შეეხება პარტიის/პარტიების ხედვას როგორ ჩამოაყალიბოს სასამართლო სისტემა. ეს კითხვა სპეციალურად დაისვა, რომ “სასამართლო” გავიდეს იმაზე, რომ პროგრამა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მაგრამ, ესაა პარტიების აკრძალვასთან სრულიად არკავშირში მყოფი კითხვა, რევიზიას უკეთებს პარტიების პოლიტიკურ-სამართლებრივ ხედვებს, რაც სრულიად არ არის სასამართლოს უფლებამოსილება ამ საქმის კონტექსტში! აი, ამ სრულიად პროვოკაციულ, წინასწარ აზრის დაფიქსირებას რომ შევეწინააღმდეგებოდი და, ასეთი მტკიცებით ფორმაში გამოხატული, კითხვები კიდევ რამდენი იყო სასამართლოს მხრიდან, ვინ მოთვლის, – ამის გამო არ დამიშვა, როგორც ჩანს, სხდომაზე სასამართლომ და, დიახ, მიმაჩნია, რომ არც ქართულმა ოცნებამ, ფაქტია. სასამართლოს წევრებს ვურჩევ, მეტი წაიკითხონ ვეტინგზე, მისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლების საჭიროებაზე, პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე, მართლმსაჯულების ინტერესებზე ასეთი რეფორმის დროს, საკუთარ თავსაც ჩახედონ სარკეში და მიხვდებიან, რომ ასე დილეტანტის დონეზე არ უნდა კითხულობდნენ, თან რაღაც უადგილო ისტორიული პერიპეტიებით,“ – წერს მაია კოპალეიშვილი.
რა იკითხეს მოსამართლეებმა სანქციებზე?
მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა ოპოზიციის მხრიდან სანქციების მოთხოვნაზე იკითხა: ხომ არ აზიანებს ეს ქვეყნის ეკონომიკას, როცა ხელისუფლება დასანქცირებულია?
„ზვიად ხარაზიშვილის [ხარება] დასანქიცრებამ რა ეკონომიკური ზიანი მოუტანა ქართულ სახელმწიფოს?“ – მოსამართლეს შეკითხვით მიუბრუნდა ლევან ბეჟაშვილი.
„სანქციას როცა გაკისრებენ, სახელმწიფოს ზიანი უკვე აქვს იმ კონკრეტული თანამდებობის პირებისგან… ჩვენი პარტნიორები მას შემდეგ აწესებენ სანქციებს, როცა რწმუნდებიან, რომ არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება…
დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე სანქცირებული ხელისუფლება მხოლოდ ახლა გვყავს,“ – „ოცნების“ წარმომადგენლებს გახედა ანა წითლიძემ.
2004-2012 წლებში მასობრივად უფლებების დარღვევა თუ ხდებოდა? – ზოგადი შეკითხვით ევა გოცირიძემ ენმ-ს გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართა.
გიორგი სიორიძემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მოსამართლეს უთხრა, რომ ეს შეკითხვა მას არ მიემართება, რადგან გორდულაძემ [„ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი] განმარტა, 2012 წლამდე პერიოდი თქვენ არ მოგემართებათო.
„7 ნოემბერს მე რომ ვაფასებდი უარყოფითად, კალაძე აფასებდა დადებითად,“ – გაბრაზდა ლევან სამუშია, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მოსამართლეებს მიმართა: „2013 წელს პოლიტპატიმრების სია რომ მიიღეს, ხომ გახსოვთ? პოლიტპატიმრებად ვინ აქცია ის ადამიანები? რომელიმე მოსამართლე ან პროკურორი არის მსჯავრდებული?“ – იკითხა სამუშიამ.
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „ოცნების“ წარმომადგენლებს ისიც გაახსენა: 190 პოლიტპატიმრიდან საქმეების 30 %-იც კი არაა ჯერ გადასინჯულიო.
„შეცდომები ყოველთვის ხდება… ივანიშვილი აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას,“ – ისევ „ოცნებას“ მიმართა ბერდია სიჭინავამ და მერე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს მიადგა:
„ბატონი სერგო მეთოფიშვილი ბრძანდება აქ, დაჩი ცაგურია გამხელდათ თქვენ, რომ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება მისი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მხოლოდ იმისთვის, რომ ბუტა რობაქიძის პლაკატით იდგა საქართველოს პარლამენტთან. გახსოვთ ალბათ ეს შემთხვევა ხომ?“ – იკითხა ბერდია სიჭინავამ.
სერგო მეთოფიშვილს არაფერი უთქვამს, თუმცა უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.
„დამხობა ის იყო, რაც 1992 წელს მოხდა,“ – უთხრა მოსამართლეებს ნიკა გვარამიამ, პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. შემდეგ სხდომაზე, მომავალი კვირის ორშაბათს უკვე ის უპასუხებს მოსამართლეების კითხვებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…