ისედაც პატიმრობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხეში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ციხეში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და კიდევ სამ პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ცნობით, მათ საკანში შეყვანას პენიტენციური სამსახურისა და ციხის ყოფილი დირექტორები უწყობდნენ ხელს.

დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ვატო ყიფიანს, (იგივე ვახტანგ ჟვანია), ავთანდილ ბილანიშვილს (მეტსახელად „კაწრო“), შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძეს, დავით კაჭარავას, რომლებიც ისედაც პატიმრობაში იმყოფებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალდებულები სხვა საქმეების ფარგლებში ისედაც პატიმრობაში იმყოფებიან. შესაბამისად, წინასწარი პატიმრობა, რასაც მათთვის აღკვეთის ღონისძიებად ითხოვდა პროკურატურა, ფაქტობრივად ავტომატურად შევიდა ძალაში.
„[დავით ფეიქრიშვილმა] ციხეში სახალხო დამცველს არაფერი უთხრა. ვივამედში ექიმებს უთხრა, რომ საწოლიდან გადმოვარდა და ამიტომ აქვს დაზიანებები. ექიმებმა ეს ჩათვალეს რეალურ გარემოებად მისი დაზიანებებიდან გამომდინარე. დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. არ გაუპროტესტებია, რომ ისევ იმ საკანში შეიყვანეს, საიდანაც გამოიყვანეს. გამოვიდა ადვოკატი და თქვა, რომ არაფერი სჭირს. მერე იცვლება გარემოებები და იძლევა განსხვავებულ ინფორმაციას. ეს ერთობლიობა ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს არ იძლევა შესაძლებლობას, რომ პროკურატურამ მოითხოვოს პატიმრობა და სასამართლომ ეს დააკმაყოფილოს.
პატიმრობა უკვე გამოყენებულია ბრალდებულების მიმართ და ვერანაირ მტკიცებულებას ისინი ვერ გაანადგურებენ. დავით ფეიქრიშვილი საერთოდ სხვა ციხეში იმყოფება“, — განაცხადა ყიფიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ, რომელიც „კაწროს“ ადვოკატ თამარ აბესაძესთან ერთად, ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ლევან გელოვანმა 30 დეკემბერს ჩანიშნა. ამ სხდომაზე გადაწყდება მტკიცებულებების დასაშვებობისა და საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხი.
ბრალდებულები სხდომას არ დასწრებიან, რადგან „არ სურთ“. ამის გაგების შემდეგ, სასამართლო დატოვა მათმა რამდენიმე ახლობელმაც. დარბაზში მხოლოდ მოსამართლე, პროკურორები, ადვოკატები და ჟურნალისტები ისხდნენ. ადვოკატის თქმით, არსებითად განხილვის დროს იტყვიან ბრალდებულები თავის სათქმელს.
ბრალდების თქმით, ბრალდებულები ჯგუფურად, რამდენიმე დღის განმავლობაში, 16-დან 20 ოქტომბრამდე სცემდნენ დავით ფეიქრიშვილს და ძალადობდნენ მასზე.
„დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.“
ყიფიანის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალი „დავით ფეიქრიშვილის მიერ დაგეგმილი და დადგმული სცენაა, ფანტასტიკის ჟანრიდანაა და საჭიროებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად იცვლება“.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის „თხოვნა“ გაითვალისწინეს პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილმა დირექტორებმა, როცა ფეიქრიშვილთან საკანში ბრალდებულები შეასახლეს. პენიტენციურის მაღალჩინოსნების საქმე ცალკეა გამოყოფილი და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების გათვალისწინებით, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის ფაქტზე 13 ნოემბერს წარედგინა ბრალი სულ 7 ადამიანს: პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს, გიორგი პატარიძეს; გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას; ასევე უკვე პატიმრობაში მყოფ ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანია), შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძეს, დავით კაჭარავასა და ავთანდილ ბილანიშვილს (მეტსახელად „კაწრო“).
ადვოკატი და ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები 3 კვირის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ დავით ფეიქრიშვილს საკანში ბილანიშვილი, ყიფიანი და სხვები შეუსახლეს და იმავე დღიდან დაწყებული, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სცემდნენ. ამაში მონაწილეობდნენ პენიტენციური სამსახურისა და ციხის ხელმძღვანელები. მხოლოდ 3 კვირის შემდეგ დაადასტურა ეს პროკურატურამ. მანამდე ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა პენიტენციური სამსახური.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე. ამ საქმეზე მათთან ერთად დააკავეს შოთა ყიფიანიც.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების: ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, შოთა ყიფიანის, პავლე გოცირიძისა და დავით კაჭარავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ფეიქრიშვილის ცემის საქმე - ბრალდებულები, მათ შორის „კაწრო“ და ყიფიანი პირველ სხდომაზე არ მივიდნენ
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ვატო და შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას პატიმრობა შეეფარდათ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…