ფეიქრიშვილის ცემის საქმე - ბრალდებულები, მათ შორის „კაწრო“ და ყიფიანი პირველ სხდომაზე არ მივიდნენ
გლდანის ციხეში დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე პირველ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულები, მათ შორის ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, არ გამოცხადდნენ. ყიფიანის ადვოკატი ბრალდებას უარყოფს და მას დადგმულ სცენას უწოდებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გლდანის ციხეში პატიმარ დავით ფეიქრიშვილს ცემის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
მხარეებმა წინასასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრეს. აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ფორმალური იყო. ბრალდებულებს სხვა საქმეზე უკვე აქვთ პატიმრობა შეფარდებული, ორთვიანი ვადა კი გასული არაა.
ბრალდებულები სხდომას არ დასწრებიან, მათ შორის სასამართლოში არ გამოცხადდნენ ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, პავლე გოცირიძე და დავით კაჭარავა.
ადვოკატების თქმით, ისინი სხდომებზე სიარულს არსებითი განხილვის ეტაპზე დაიწყებენ.
ამ საქმეზე ბრალდებულები არიან პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი პატარიძე და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, რამაზ ფირცხალავა. მათი აღკვეთის ღონისძიების სხდომა ჯერ არ გამართულა.
გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება,
ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და მათთან ერთად ბრალდებულ დანარჩენი პირებს, ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარედგინათ.
ვატო ყიფიანის ადვოკატის, მარიკა ფირხალავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. პროკურატურამ დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა.
„ეს ბრალი, რაც წარდგენილია, დავით ფეიქრიშვილის მიერ დაგეგმილი და დადგმული სცენაა, ფანტასტიკის ჟანრიდანაა და საჭიროებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად იცვლება - გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელი მოგვაწერინეს“, - თქვა მარიკა ფირცხალავამ.
მისივე თქმით, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს, „გარდა ფეიქრიშვილის ფანტაზიისა“.
„პატარიძესთან არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია, უბრალოდ, იცნობენ ერთმანეთს. არანაირი ნათესაური კავშირი და ნათელმირონობა არ აქვთ. პატარიძესთან კომუნიკაციას ცალსახად უარვყოფთ, მაგრამ დეტალების განხილვაში ვერ შევალთ. თვითონ გააკეთეს კომენტარი იმ ნაწილში და იმ ფარგლებში, რაც მათი ინტერესებისთვის შედიოდა და სჭირდებოდათ; დაცვის მხარეს გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უნდა გავჩუმდეთ, კი ბატონო, ამ ეტაპზე ვჩუმდებით. ყველაფერი ფეიქრიშვილის სცენარზეა აგებული“, - განაცხადა მარიკა ფხალაძემ სხდომის დაწყებამდე.
ბრალს არც სხვები აღიარებენ.
ვინ სცემა დავით ფეიქრიშვილს?
პროკურატურამ დაადასტურა ნაცემი პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის ინფორმაცია, რომელსაც „პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა“. გამოძიების მიხედვით, დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად იძალადეს ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ.
ამირან გულუაშვილის თქმით, ძალადობა ოთხი დღის განმავლობაში, 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე, გრძელდებოდა:
„განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით“.
როგორ მოხვდნენ ყიფიანი, ბილანიშვილი და სხვები ფეიქრიშვილის საკანში?
16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
გამოძიების ცნობით, საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, „ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს“.
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსისა და მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორის გადაწყვეტილება შეაფასა კანონისა და ციხის დებულების უხეშ დარღვევად.
ფეიქრიშვილის ბრალდებები ცემაზე და გამოძიება
40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს;
დავით ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა, 19 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის შვილს ციხეში სცემეს. პენიტენციურმა სამსახურმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო;
20 ოქტომბერს ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან 16 ოქტომბერს შეასახლეს დაპატიმრებული ვატო ყიფიანი (რომელთანაც ძმებს დაპირისპირების ისტორია აქვთ) და რამდენიმე პირი, რომლებმაც თანმხლებ პირებთან ერთად სცემეს, რის შემდეგაც ძმებმა დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს;
ყიფიანის ადვოკატმა „კატეგორიულად გამორიცხა“ „მსგავსი რაღაც“.
რატომ დააკავეს ფეიქრიშვილები
2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში დააპატიმრეს 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები.
23 სექტემბერს მათ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს - ორ სხვადასხვა საქმეზე.
გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისგან - ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ედავებიან ჯგუფურ ხულიგნობას, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს 2025 წლის 2 ოქტომბერს ვაკეში ტაქსის მძღოლთან დაპირისპირების ინციდენტია.
მოგვიანებით, 2 ოქტომბერს, მათ წარუდგინეს 10 მილიონი ლარის „გათეთრების“ ბრალდება 2020-26 წლებში, - რასაც ძმები უარყოფენ. მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების: ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, შოთა ყიფიანის, პავლე გოცირიძისა და დავით კაჭარავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ისედაც პატიმრობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხეში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ვატო და შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას პატიმრობა შეეფარდათ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…