2025 წელს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა — აისახა ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე?
საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს მშპ 8.4%-ით გაიზარდა, თუმცა რეალური ხელფასები მხოლოდ 5.7%-ით გაიზარდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 ათასით შემცირდა.

საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განაახლა, რომლის თანახმადაც 2025 წელს საქართველოში მშპ 8.4%-ით გაიზარდა და არა 7.5%-ით როგორც ეს ადრე იყო ცნობილი. მშპ-ის მსგავსად გაიზარდა მუდმივ ფასებში დათვლილი რეალური ხელფასებიც, ოღონდ მხოლოდ 5.7%-ით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კი მცირედით მაგრამ მაინც შემცირდა.
რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა?
2025 წელს 29%-იანი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის მიმართულებით დაფიქსირდა. ბოლო წლებში დარგი ზრდის ტემპში ლიდერის პოზიციაზე იმყოფება, რაც რუსეთ-უკრაინის ომსა და საერთაშორისო IT ორგანიზაციებისთვის საგადასახადო შეღავათებს უკავშირდება.
2019 წელს IT სექტორის წილი ეკონომიკაში 2.7%-შე შეადგენდა, 2025 წელს კი 8.1%-ს გაუთანაბრდა.
ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორის წილი ეკონომიკაშიწყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2013-2019 წლებში IT სექტორის წილი 3%-იან მაჩვენებელს არასდროს გასცდენია, 2020-ში ზრდა ნაწილობრივ პანდემიის გამო სხვა დარგების კლებას შეიძლება დაუკავშირდეს. საერთაშორისო კომპანიებზე შეღავათები 2020 წლის ოქტომბრიდან გავრცელდა, რუსეთი უკრაინას ღიად 2022 წლის თებერვალში დაესხა თავს. გრაფიკზეც ჩანს, რომ მნიშვნელოვანი ზრდა 2021 წლიდან იწყება და კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა 2022 წლიდან.
IDFI-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით 2022 წლამდე საქართველოში 7093 რუსული კომპანია იყო დარეგისტრირებული, 2022-2023 წლებში კი მათი რაოდენობა 26 832-ით გაიზარდა. IDFI-ს კვლევის თანახმად ამ კომპანიების საქმიანობის ძირითად სფეროს სწორედ IT მიმართულება წარმოადგენს.
IT სექტორის სპეციფიკა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენები
IT კომპანიების რაოდენობის ხარჯზე მიღწეული ეკონომიკური ზრდა შედარებით დაბალი ინკლუზიურობით გამოირჩევა და სამუშაო ადგილებსაც ნაკლებს ქმნის. ამასთან მაღალია რისკი იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის შემთხვევაში მოხდეს კაპიტალის გადინება და მშპ-ის ზრდის ტემპის შემცირება.
ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ეკონომიკის ზრდის ტემპი პირობითად შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ, 2013-2019 და 2022-2025 წლებად. 2020-2021 გამონაკლისს წარმოადგენს, რა დროსაც პირველ წელს ვარდნა ბიზნესების ხელოვნურმა დახურვამ, ხოლო მეორე წელს, ზრდა მათმა თავიდან გახსნამ გამოიწვია.
2013-2019 წლებში, საშუალო ზრდის ტემპი წლიურად 4.7%-ს შეადგენდა, 2022-2025 წლებში თითქმის ორჯერ მეტს 9.2%-ს, რაც ნაწილობრივ მაინც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებით აიხსნება. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ (დროებით 2022 წელს და ნაწილობრივ 2023 წელს) მკვეთრად გაიზარდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან. გაიზარდა საქართველოში დარეგისტრირებულ რუსული კომპანიების რაოდენობა და ასევე მკვეთრად გაიზარდა რეექსპორტი შუა აზიის ქვეყნებში. ყირგიზეთსა და ყაზახეთში რეექსპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილის დანიშნულების საბოლოო ადგილი სავარაუდოდ რუსეთია.
კორელაცია ეკონომიკურ და კეთილდღეობის ზრდებს შორის
მთავარი კითხვა: აისახა თუ არა სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე? 8%-იანი ზრდა, თავისთავად თითოეული მოქალაქის 8%-ით გამდიდრებას არ გულისხმობს, მაგრამ თუ უფრო განვაზოგადებთ, აღმოჩნდება, რომ ბოლო წლებში რეალური ხელფასის ზრდის ტემპი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპს ჩამორჩება. 2025 წელს მშპ-ის 8.4%-იანი ზრდის ფონზე, მუდმივ ფასებში დათვლილი ხელფასი 5.7%-ით გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი მცირედით მაგრამ მაინც 13 ათასით შემცირდა. 2026 წლის პირველ ორ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა ისევ შემცირდა, პარალელურად მინიმუმამდე ხელფასების ზრდის ტემპიც მინიმუმამდე დავიდა. მეორე კვარტალში 6.9%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, რეალური ხელფასი მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, მათ შორის არასახელმწიფო სექტორში მხოლოდ 1%-ით.
ხელფასების ზრდის ტემპის, ან თუნდაც დასაქმებულთა რაოდენობის კლება რეცესიაზე არ მიუთითებს, მაგრამ ირიბად მაინც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ოფიციალური სტატისტიკა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას ინდივიდის დონეზე, ზუსტად ვერ ასახავს. თავის მხრივ, საქსტატის სიყალბეში დადანაშაულების საფუძველი ვერც ეს აცდენა იქნება, შესაძლოა უწყება მეთოდოლოგიურად ყველაფერს სწორად აკეთებდეს, მაგრამ ცალკეული დარგების სპეციფიკის გამო, შესაძლოა შედეგი ზოგჯერ არალოგიკური ჩანდეს.
IT სექტორი ყველაზე მზარდი იყო, თუმცა ცხადია არა ერთადერთი. ადმინისტრაციული მომსახურების საქმიანობებმა ასევე ძალიან მაღალი 23%-იანი ზრდა აჩვენა, განათლებამ 16%-იანი ზრდა. ამის პარალელურად დამამუშავებელი მრეწველობა მხოლოდ 4.7%-ით გაიზარდა, მშენებლობა 2.5%-ით და სოფლის მეურნეობა 0.8%-ით. სექტორთა ნაწილი საერთოდ მინუსშიც გავიდა. სამთომოპოვებითი მრეწველობა 3.7%-ითა და ენერგეტიკა 7.6%-ით შემცირდა.
სტატისტიკის სამსახური მშპ-ის ზრდის ტემპის შესახებ პირველად მონაცემს იანვრის ბოლოს, დაზუსტებულ მაჩვენებელს კი ნოემბერში აქვეყნებს ხოლმე. ბოლო წლებში დაზუსტებული მონაცემი, პირველადს თითქმის ყოველთვის აჭარბებს. 2022 წელს ის 10.1%-დან 11%-მდე გაიზარდა, 2023 წელს 7%-დან 7.8%-მდე და 2024 წელს 9.5%-დან 9.7%-მდე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…