პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მურუსიძე და გიორგი მიქაუტაძე ისევ აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პროკურატურა

ლევან მურუსიძე და გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახლა აირჩიეს, პარალელურად კი თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევის წესი გაასაჩივრა.

ლევან მურუსიძე და გიორგი მიქაუტაძე ისევ აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
ბათუმელები

ლევან მურუსიძე და გიორგი მიქაუტაძე ხელახლა აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა თავად იუსტიციის საბჭო არ აქვეყნებს ინფორმაციას საბჭოს განახლებული შემადგენლობის შესახებ. სიახლე ბიოგრაფიაში უკვე აუსახავთ ლევან მურუსიძეს და გიორგი მიქაუტაძეს.

დღეს, 12 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ის ნორმები, რომლებიც რეგიონებში მომუშავე მოსამართლეებს, პრაქტიკულად, ართმევს შესაძლებლობას, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ მოსამართლეთა თვითმმართველობის განხორციელებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაში – იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აგირჩიონ, მოსამართლე უნდა იყო და ფიზიკურად დაესწრო მოსამართლეთა კონფერენციას.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა კი, სარჩელში წერს, რომ 10 ოქტომბერს, შაბათსაც სხდომები ჰქონდა, რადგან სისხლის სამართლის იმ საქმეებს განიხილავდა, რომლის გადადების საშუალებას მას კანონი არ აძლევდა.

ვინ აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად? – საბჭოს აღარ ჰყავს პრესცენტრი, მოსამართლეთა კონფერენციის საკონტაქტო პირად მითითებულმა სალომე ზაქაშვილმა კი გვითხრა, რომ საბჭოს წევრების კენჭისყრის შედეგების გასაგებად „ოფიციალური მიწერაა“ საჭირო.

„2026 წლის 10 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია,“ – აღნიშნულია ლევან მურუსიძის, ასევე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე.

ამავე გვერდის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, თუმცა საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დიმიტრი გვრიტიშვილი საბჭოს წევრია 2022 წლის 23 ოქტომბრიდან. საბჭოს წევრებს კი 4-წლიანი ვადით ირჩევენ.

ლევან მურუსიძეს, გიორგი მიქაუტაძეს და დიმიტრი გვრიტიშვილს ყოფილი მოსამართლეები და სამართლის ექსპერტები დიდი ხანია ასახელებენ, როგორც სასამართლო კლანის ლიდერებს.

ლევან მურუსიძე, მაგალითად, დღეს, 12 ნოემბერსაც არაერთხელ ახსენეს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „ოპოზიციის აკრძალვის საქმე“ განიხილება. „ოცნების“ სარჩელში, რომლითაც იგი ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს, ერთ-ერთ მტკიცებულებად მითითებულია „სანდრო გირგვლიანის საქმე“. ამ საქმის განმხილველი მოსამართლე კი, ლევან მურუსიძეა. იგი 2018 წლიდან უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

„გირგვლიანის აქციების დროს მე მაგ აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, რადგან ვთვლიდი, რომ არ იყო სწორი. მაგრამ გირგვლიანის საქმის გადაწყვეტილების მიმღები, რასაც მე დღესაც ვაპროტესტებ, იყო ლევან მურუსიძე, რომელიც დღესაც არის სასამართლო სისტემაში…“ – უთხრა ენმ-ის წარმომადგენელმა, ანი წითლიძემ მოსამართლე ევა გოცირიძეს.

ლევან მურუსიძე 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 4 წლის წინ, 2022 წლის 23 ოქტომბერს, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, იგი 2017-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 2019 წელს მიქაუტაძე უვადოდ მოსამართლედ გაამწესეს, ხოლო 2020 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

ეს ორი შემთხვევაც აჩვენებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც მოსამართლეების დანიშვნა-გათავისუფლებაზე იღებენ გადაწყვეტილებას, ერთი და იგივე პირებს ირჩევენ.

გიორგი მიქაუტაძეს უკავშირდება 2016 წელს გონიოს პლაჟზე მომხდარი ინციდენტი. თავდაპირველად გამოძიება იმ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო, რომლის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბავშვს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა.

ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრუწლოვნის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრუწლოვნის ცემის ფაქტზე.

უცნობია რა ბედი ეწია ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. ამ ინციდენტიდან მალევე დასრულდა ძიება და გაასამართლეს კიდეც ბავშვის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე, პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა.

ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და საზღვარგარეთ წავიდნენ.

საინტერესო ამ საქმეში კიდევ ისაა, რომ ეს საქმე ხელვაჩაურში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა განიხილა. ამ საქმის განხილვის შემდეგ ხვიჩა კიკილაშვილი 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა. 2023 წელს, მას შემდეგ, რაც ხვიჩა კიკილაშვილმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, მისი შვილი – გოგა კიკილაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს.

დღეს გოგა კიკილაშვილი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრია და „ოპოზიციის აკრძალვის საქმეს“ განიხილავს. შვილის საკონსტიტუციო სასამართლოში დაწინაურებამდე, მამამ საკონსტიტუციო სასამართლო 5 წლით ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოსამართლე ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები