პრემიერი: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, ეკონომიკური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპისთვისაც საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი კავშირების შენარჩუნება
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, ამიტომ ევროკავშირთან ძლიერი კავშირების შენარჩუნება ეკონომიკურად უაღრესად მნიშვნელოვანია.

საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლურ სამყაროსა და ევროპასთან აკავშირებს შვიდ ქვეყანას, რომლებსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვთ.
"საკითხი, რომელზეც მსურს ყურადღება გავამახვილო, საქართველოს სტრატეგიული როლია, განსაკუთრებით დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამ მიმართულებითაც ვხედავთ ევროპისთვის არასასურველ ტენდენციებს, რომლებიც უარყოფითად აისახება მის ეკონომიკაზე. ევროპამ დაკარგა აღმოსავლეთის მიმართულებით არსებული გარკვეული სატრანსპორტო და ეკონომიკური მარშრუტები. ამასთან, ევროპისა და აზიის დაკავშირებადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპამ, კერძოდ, ევროკავშირმა, დაკარგა კავშირი რუსეთის ბაზართან, რომელსაც ევროპის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ევროპამ ასევე დაკარგა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე. ამასთან, ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კვლავ გრძელდება და ისიც უარყოფითად მოქმედებს ევროპის აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობაზე. ამ ვითარებაში საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება.
საქართველო შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლურ სამყაროსა და ევროპასთან აკავშირებს შვიდ ქვეყანას, რომლებსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვთ. ესენია სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ, და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფო. თუ უფრო შორს გავიხედავთ, ამ მარშრუტის საშუალებით ევროპას შეუძლია დაუკავშირდეს ჩინეთსა და სხვა ქვეყნებსაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ამ რეგიონს უკვე აკავშირებს ევროპასთან.
"მაგალითად, სტრატეგიული მილსადენები, რომელთა მეშვეობითაც კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირი და ნავთობი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიეწოდება. ერთ-ერთი მათგანია ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უზრუნველყოფს. მეორეა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის საშუალებითაც ნავთობი ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია", - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…