ვიქტორ ყიფიანი - პარტიული ნაჭუჭებიდან გამოვიდეთ და გავიაზროთ, რომ ან ერთად ვიმარჯვებთ, ან ყველანი ერთად ვმარცხდებით - გვაგუებენ, რომ ყოველი ანომალია ნორმალურ მოვლენად დამკვიდრდეს
პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის სარჩელის დაკმაყოფილება სამართლებრივი ნორმების გათელვის ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. იგი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

პარტიული ნაჭუჭებიდან გამოვიდეთ და გავიაზროთ, რომ ან ერთად ვიმარჯვებთ, ან ყველანი ერთად ვმარცხდებით , - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ „ჩვენ ახლა ისეთ ნეგატიურ ფენომენთან გვაქვს საქმე, რომელიც იქნება დაუნდობელი ყველას მიმართ“.
“„ქართულ ოცნებას“ ევალება მეტი გუნდურობა, მეტი თანამონაწილეობა, ერთმანეთის მეტად დაფასება და პატივისცემა. ასე მგონია, რომ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები დღესაც მოლოდინში არიან, რომ ეს ვითარება რომ გადაივლის, ისინი დარჩებიან სამშვიდობოს და შესაბამისად, მოსუფთავებული ველის ფონზე შეძლებენ უფრო მეტად საკუთარი დივიდენდების მიღებას. ეს არის აბსოლუტურად მცდარი პოზიცია, ჩვენ ახლა ისეთ ნეგატიურ ფენომენთან გვაქვს საქმე, რომელიც იქნება დაუნდობელი ყველას მიმართ მიუხედავად იმისა, ტრადიციული პარტიაა თუ ახლად შემოსული. თამასა გაცილებით უფრო მეტია და გადის იმაზე, რომ დადუმდეს ქართული სახელმწიფოებრივი იდენტობა, მოიშალოს ჩვენი ნებისმიერი განაცხადის პერსპექტიულობა. სწორედ ასეთი თამასა განაპირობებს იმას, რომ პარტიული ნაჭუჭებიდან გამოვიდეთ და გავიაზროთ, რომ ან ერთად ვიმარჯვებთ, ან ყველანი ერთად ვმარცხდებით“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს იქნება „ღია წაქეზება, რომ ყველაფერი მოსულა, ყველაფერი დასაშვებია“.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დადებითად უპასუხოს ასეთი დასაბუთებულობის სარჩელს, ეს იქნება ჯაჭვური რეაქცია ნებისმიერ დონეზე სამართლებრივი ნორმების გათელვისა, დაწყებული მარტივი საგამოძიებო წარმოებით, გაგრძელებული სამოქალაქო სამართალწარმოებით, გაგრძელებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებით. ეს იქნება ღია წაქეზება, რომ ყველაფერი მოსულა ყველაფერი დასაშვებია. საკითხის დამორჩილება პოლიტიკური საჭიროებისადმი, ეს არის აბსოლუტურად ახალი, ნორმალიზებული ვითარება. გვაგუებენ, რომ ყოველი ასეთი ანომალია გარკვეული დროის შემდეგ ნორმალურ მოვლენად დამკვიდრდეს, ამ პროცესს ბოლო არ უჩანს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…