2027 წლისათვის პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2027 წლისთვის პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება და 98 მილიონ 445 ათას ლარს მიაღწევს, ხოლო 2026 წლის ასიგნებები ეკონომიის ხარჯზე 10 მილიონით მცირდება.

2027 წლისათვის პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი, რომლის მოცულობა მომავალი წლისთვის 95 მილიონ 445 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, 98 მილიონ 445 ათასი ლარი იქნება. იმავდროულად, პარლამენტი 10 მილიონით 2026 წლის ბიუჯეტს იმცირებს და განმარტავს, რომ შემცირება ეკონომიის ხარჯზე ხდება.
პარლამენტის მიმდინარე და მომავალი წლის ასიგნებებში ცვლილებები პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
“პარლამენტთან დაკავშირებით დაგეგმილი 2027 წლის ბიუჯეტში არის მატება, მათ შორის არაფინანსური აქტივების მუხლში. ვინაიდან გარკვეულმა შესყიდვებმა 2027 წლისთვის გადაიწია, ეკონომია რაც 2026 წლისთვის მოხდა, 2027 წლისთვის იქნება ზრდა, რათა სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისი ხარჯების გაწევა მოხდეს, მათ შორის არაფინანსური აქტივებიდან გამომდინარე. ვინაიდან ხელფასებთან დაკავშირებით საჯარო სამსახურში არის ხელფასის ზრდა, ამის ასახვა პარლამენტის ბიუჯეტშიც მოხდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
2026 წელს პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის 10 მილიონი ლარით შემცირებას ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პროექტის თანახმად: “შრომის ანაზღაურების“ მუხლში შემცირება 6 მილიონი ლარია, “საქონლისა და მომსახურების" მუხლში - 1.5 მილიონი ლარი, „სხვა ხარჯების“ მუხლში ერთი მილიონი ლარი და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში - ერთი მილიონი ლარი.
რაც შეეხება პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის 3 მილიონი ლარით გაზრდას, პარლამენტის აპარატის უფროსის განმარტებით, აღნიშნული თანხა მიმართული იქნება პარლამენტის შენობის გამაგრებითი სამუშაოებისა და IT ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…