ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საპარლამენტო ოპოზიციას: პენსიებთან დაკავშირებით თქვენს დაზუსტებებში, სამწუხაროდ, მოვისმინე ჩემი პასუხების ინტერპრეტაცია და პრაქტიკულად ტყუილები
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ოპოზიცია მისი სიტყვების ინტერპრეტაციასა და ტყუილში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საპენსიო ხარჯის ერთ წელიწადში 2,5 მილიარდი ლარით გაზრდის მოთხოვნა უპასუხისმგებლობაა.

პენსიებთან დაკავშირებით თქვენს დაზუსტებებში, სამწუხაროდ, მოვისმინე ჩემი პასუხების ინტერპრეტაცია და პრაქტიკულად ტყუილები, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საპარლამენტო სესიაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, უპასუხისმგებლოა არა პენსიის ზრდის მოთხოვნა, არამედ საპენსიო ხარჯის გაზრდა წელიწადში 2,5 მლრდ ლარით.
„სამწუხაროდ, დაზუსტებებში მოვისმინე ჩემი პასუხების ინტერპრეტაცია და პრაქტიკულად ტყუილები, თითქოს ვთქვი, რომ პენსიების გაზრდა დააქცევს ქვეყანას. პირიქით, მე ვთქვი, რომ პენსიების გაზრდა აუცილებელია, ბუნებრივია და სწორია, რომ მოთხოვნაა პენსიების ზრდა - ასეც უნდა იყოს. შესაბამისად, პენსიები უნდა იზრდებოდეს. ჩვენი სურვილია, რომ პენსიები გაიზარდოს იმაზე მეტად, ვიდრე დღეს იზრდება, თუმცა ამას სჭირდება შესაბამისი პირობების შექმნა. დღეს პენსიების ზრდა ხდება ინდექსაციით, რომელიც ჩაწერილია კანონში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ უნდა დავიცვათ ბალანსი ეკონომიკის ზრდასა და სოციალური ხარჯების ნაწილში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ და მომავალშიც შევეცდებით პენსიები გაიზარდოს იმაზე მეტად, თუნდაც ეს ინდექსირებული ვარიანტია. თუმცა ამისთვის საჭიროა ის, რომ გვქონდეს უფრო მეტი და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა. სწორედ ეკონომიკური ზრდა არის მთავარი კომპონენტი იმისა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას პენსიები გავზარდოთ იმაზე მეტად, ვიდრე ეს კანონით არის განსაზღვრული და ინდექსირებული. კიდევ ერთხელ გთხოვთ ტყუილს ნუ იტყვით და არასწორ ინტერპრეტაციას ნუ გაუკეთებთ ჩემს განცხადებას პენსიებთან დაკავშირებით. საპენსიო ხარჯი, ის, რაზეც მქონდა ლაპარაკი, რომ არის უპასუხისმგებლო, როდესაც ითხოვთ 2,5 მილიარდი ლარით ერთ წელიწადში საპენსიო ხარჯის გაზრდას - დიახ, ეს უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა, როდესაც მიმდინარე წელს ითხოვთ პენსიების გაზრდას იმაზე მეტად, ვიდრე ბიუჯეტი იზრდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, კაპიტალური ხარჯების შემცირების შემთხვევაში ვეღარ დაფინანსდება ის პროექტები, რომელთა დაფინანსებასაც ოპოზიცია ითხოვს.
„ლაპარაკია იმ პროექტებზე, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ - ეს არის სკოლების, ბაღების მშენებლობა, წყლის მიწოდება, სპორტული, ტურიზმის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აბსოლუტური უმრავლესობა ამ ხარჯებისა არის სწორედ რეგიონებში და შესაბამისად, ეს ხარჯები მნიშვნელოვნად შეიკვეცება. პრაქტიკულად არცერთი ხარჯის გაზრდა აღარ იქნება შესაძლებელი. არც პოლიციელებისთვის, არც ჯარისკაცებისთვის, არც მასწავლებლებისთვის, არც სამედიცინო პერსონალისთვის. სწორედ ამაზე მქონდა ლაპარაკი, რომ ეს იქნებოდა უპასუხისმგებლო საქციელი და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ არასწორ ინტერპრეტაციას ნუ გაუკეთებთ ჩემს ნათქვამს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიალაშა ხუციშვილი - უნდა ვეცადოთ, პენსიები გავზარდოთ უფრო სწრაფად, თუმცა არსებობს ლიმიტები - შეგვიძლია კაპიტალურ დანახარჯებს მოვაკლოთ, რომ საპენსიო დანახარჯი გაიზარდოს, მაგრამ ამით აღარ გვექნება აღარც ეკონომიკური ზრდა და არც გაზრდილი პენსიები
ლაშა ხუციშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა – „პენსიებთან დაკავშირებით თქვენს დაზუსტებებში, სამწუხაროდ, მოვისმინე ჩემი პასუხების ინტერპრეტაცია და პრაქტიკულად ტყუილები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…