საფრანგეთი შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით გერმანიაზე ზეწოლას ახდენს, რადგან შიშობს, რომ გერმანული რაკეტების საპასუხოდ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - Financial Times
Financial Times-ის ცნობით, საფრანგეთი გერმანიისგან ითხოვს განსაზღვროს შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების წესი, რათა გაურკვევლობამ ევროპა რუსეთთან ბირთვულ ომში არ ჩაითრიოს.

საფრანგეთი გერმანიისგან ითხოვს, მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ გამოიყენებს შორი მოქმედების რაკეტებს რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. პარიზი ბერლინს აფრთხილებს, რომ გაურკვევლობამ შესაძლოა ევროპა ბირთვულ ომში ჩაითრიოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რომელიც მოლაპარაკებებთან დაახლოებულ ექვს წყაროს ეყრდნობა, პარიზი გერმანელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს მართავს. საფრანგეთის მიზანია, ბერლინის სამხედრო დოქტრინა, რომელიც ე.წ. მაღალი სიზუსტის დარტყმების დარტყმების (DPS) შესაძლებლობის მქონე იარაღის გამოყენებას ეხება, საფრანგეთის ბირთვული სტრატეგიის შესაბამისობაში მოიყვანოს.
საფრანგეთის ერთ-ერთი ოფიციალური პირი შიშობს, რომ შესაძლებელია, რუსულ სამიზნეზე ჩვეულებრივი, არაბირთვული იარაღით დარტყმამ, რუსეთის მხრიდან ბირთვული პასუხი გამოიწვიოს. "თუ რუსები სიგნალს სწორად ვერ გაიგებენ, შესაძლოა, ისე მივუახლოვდეთ ბირთვული ომის ზღვარს, რომ ვერც კი გავაცნობიეროთ“, - დასძინა მან.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის შეშფოთება იმ ფონზე გამოიკვეთა, როდესაც გერმანია - გაერთიანებულ სამეფოსთან, პოლონეთთან, ჩრდილოეთ და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვნად აძლიერებს შორი მოქმედების იარაღის არსენალს. ამ ნაბიჯის მიზანი მოსკოვის შეკავებისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა.
ბერლინი სახმელეთო ბაზირების სხვადასხვა ტიპის რაკეტებს ყიდულობს და ავითარებს. მათი მოქმედების სიშორე 500-დან 2 000 კილომეტრზე მეტს აღწევს, რაც გერმანიის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს.
"ეს გერმანიის ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც ევროპაში გადაიარაღების პროცესის ლიდერობაა. აღნიშნული პროცესი პასუხია, როგორც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ სრულმასშტაბიან შეჭრაზე, ისე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში, აშშ-ის მიერ ევროპის უსაფრთხოების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების ერთგულების საკითხში არსებულ კითხვის ნიშნებზე", - წერს Financial Times-ი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…