2027 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია მილიარდ ლარზე მეტით და, ჯამურად, 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები 1 მილიარდ ლარზე მეტით იზრდება და 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წლის ნაერთ ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია ერთი მილიარდ ლარზე მეტით და, ჯამურად, 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა.
ზრდა ძირითადად შემდეგ პროგრამებს უკავშირდება: მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით და ხუთი მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს. ზრდა გამოწვეულია კანონმდებლობის შესაბამისად პენსიების ინდექსაციით.
კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის, ჯამში, 500 ათასზე მეტი პენსიონერის პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით; ასევე, ამავე კატეგორიის 50 ათასზე მეტი პირისთვის მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი.
70 წლამდე მყოფი 440 ათასი ბენეფიციარისთვის პენსია იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს.
მაღალმთიან დასახლებებში 36 ათასი ბენეფიციარისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი.
ინდექსაციისა და პენსიების ზრდის შესაბამისად, იზრდება 130 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 81 მილიონი ლარი და, ჯამურად, 640 მილიონ ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 244 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 445 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, რომელიც ყოველწლიურად 790 ათასზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება, შეადგენს ერთი მილიარდ 634 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, სხვა საჭიროებებთან ერთად, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმები/ექთნების ხელფასების ზრდა.
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 34 მილიონ ლარზე მეტით და 159 მილიონ ლარს შეადგენს.
მაღალმთიან დასახლებებში განსაზღვრული დანამატებისთვის გამოყოფილია 147 მილიონ ლარზე მეტი. სხვადასხვა დანამატებით, ჯამში, სარგებლობს 175 ათასზე მეტი ბენეფიციარი.
დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე გამოყოფილი თანხები მომდევნო წელს იზრდება 60 მლნ ლარით. 2027 წელს 850 ათასი ბენეფიციარისთვის ბიუჯეტიდან განხორციელებული კონტრიბუცია იქნება 600 მლნ ლარი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიალაშა ხუციშვილი: 2027 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 1 მილიარდ ლარზე მეტით და ჯამურად 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს
ლაშა ხუციშვილი - 2027 წელს, საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით, იზრდება 130 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…