ქეთევან ბაკარაძე - გამიჭირდა აღქმა, რას გულისხმობდა თორნიკე ჭეიშვილი - ნუთუ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება შეცვალა და ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციის მანდატების შეჩერებაც გადაწყვიტა?
დეპუტატი ქეთევან ბაკარაძე კითხულობს, გადაწყვიტა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციის მანდატების შეჩერება. მისი განცხადებით, მმართველ გუნდს პარლამენტში განსხვავებული აზრის მოსმენა არ სურს.

გამიჭირდა აღქმა, რას გულისხმობდა თორნიკე ჭეიშვილი. ნუთუ რაღაც დააანონსა წინმსწრებით, შეთანხმების გარეშე, თუ პროცესში მოხდა გადაწყვეტილების შეცვლა და „ქართულ ოცნებას“ არამხოლოდ ოპოზიციური პარტიების და განსხვავებული აზრის გაუქმება აქვს გადაწყვეტილი, არამედ პარლამენტის წევრების, ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციის მანდატების შეჩერება? - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებას, რომ „პარლამენტი შეზღუდული იქნებოდა ემსჯელა საკუთარი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე“, თუ საკონსტიტუციო სასამართლო „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა და წინასწარ განსაზღვრავდა ვადას, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება რა ვადაში მოხდებოდა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს არ სურს საკანონმდებლო ორგანოში განსხვავებული აზრის მოსმენა და მათი ყოველდღიური საქმიანობა სერიოზულ დისკომფორტს უქმნით.
„პირველივე დღიდან გვაქვს განცდა, ხელოვნურად ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამატება არგუმენტს მოკლებული სასარჩელო მოთხოვნით, სწორედ ამას ემსახურება, რომ მათ არ სურთ საკანონმდებლო ორგანოში განსხვავებული აზრის მოსმენა. ჩვენ ლიმიტირებული, 12 მანდატით ვართ წარმოდგენილი, თუმცა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, იგივე საკომიტეტო, საპარლამენტო ცხოვრებაში სერიოზულ დისკომფორტს უქმნის სახელისუფლებო გუნდს. ჩვენმა გუნდმა იმთავითვე განაცხადა, რომ როდესაც მოხდება პარტიების აკრძალვა, მისი არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ვერ ვხედავთ ჩვენ თავს საკანონმდებლო ორგანოში. გუშინ, მეც გამიჭირდა აღქმა, რას გულისხმობდა თორნიკე ჭეიშვილი. ნუთუ ჭეიშვილმა რაღაც დააანონსა წინმსწრებით, შეთანხმების გარეშე, თუ პროცესში მოხდა გადაწყვეტილების შეცვლა და ქართულ ოცნებას“ არამხოლოდ ოპოზიციური პარტიების და განსხვავებული აზრის გაუქმება აქვს გადაწყვეტილი, არამედ პარლამენტის წევრების, ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციის მანდატების შეჩერება?“ - აღნიშნა ქეთი ბაკარაძემ.
მისივე თქმით, პარტიების აკრძალვის პროცესს პარტნიორებიც აკვირდებიან და ყველა ერთსულოვნად გამოხატავს გაკვირვებას.
„ეს აბსურდის თეატრია, ისტორიულია შინაარსით. ძალიან დიდი მასშტაბით ადევნებენ თვალს ჩვენი პარტნიორები. ყველა ერთსულოვნად გამოხატავს გაკვირვებას. შინაარსი ლოგიკას და თანმიმდევრულობას მოკლებულია. პლენუმის მხრიდან ლოგიკურ დამოკიდებულებას არ ველოდებით. გუშინ რაც ვიხილეთ, რიტორიკული კითხვები იყო. ჩვენ პირველი დღიდან ვითხოვთ გამოყოფას, ვინაიდან ჩვენთვის დღემდე გაუგებარია, რა საკითხებთან დაკავშირებით გვედავებიან. არცერთი ჩვენი შუამდგომლობა არ იყო დაკმაყოფილებული. ბუნებრივია, კითხვა-პასუხი გრძელდება. ასევე გუშინ გახდა ცნობილი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ამოღებული, აბსურდის თეატრიდან მტკიცებულებების წარდგენის ეტაპი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეს ეტაპი, რადგან დაარწმუნებდა საზოგადოებას ამ პროცესის ბუნდოვანებასა და აბსურდში“, - აღნიშნა ქეთი ბაკარაძემ.
გარდა ამისა, მან „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ქეთი ბაკარაძემ აღნიშნა, არ მოხდა მმართველი გუნდის დარწმუნება, რომ ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური შინაარსის ცვლილებები, არამედ მარტივად მოხდება კონტროლის მექანიზმის გაძლიერება და კიდევ უფრო შეიზღუდება ამომრჩეველი არჩევანის გაკეთებაში.
„პარლამენტში, გუშინ, ძალიან ბევრი კრიტიკული კითხვა იყო დასმული ჩვენი გუნდის მხრიდან. მათ შორის, პოლიტიკური ტრიბუნა იყო გამოყენებული, თუმცა, მათი გადარწმუნება, რომ ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური შინაარსის ცვლილებები, არ მოხდა. მიმღებლობაც კი არ აქვთ ამის. საბოლოო ჯამში, საქმე ეხება გარკვეულ ეტაპზე გასაჩივრების შესაძლებლობის წართმევას. მთელი დატვირთვა იქნება შემაჯამებელ ოქმზე. ეტაპები, მაგალითად საოლქო დონე, სადაც შესაძლებელი იყო გასაჩივრება, ამოღებულია. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მარტივად მოხდება მათთვის [მმართველი გუნდისთვის] სასურველი პარტიების მხრიდან ბარიერის გადალახვა, კონტროლის მექანიზმის გაძლიერება და კიდე უფრო შეიზღუდება ამომრჩეველი არჩევანის გაკეთებაში“,- აღნიშნა ქეთი ბაკარაძემ.
მისივე თქმით, არჩევნების კონსტიტუციური პროცესია და ისინი ამ ნარატივს მუდამ აჟღერებენ.
„მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყოველთვის იქნება ამ არჩევნების მომხრე. არ ვიცით, რა მოცემულობა დადგება 2028 წელს. ყოველთვის არსებობს რაღაც სივრცე, თუ საზოგადოება იქნება კონსოლიდირებული, იმ პოზიციაზე, რომ მოხდეს გაცნობიერება რა არის სწორი, რა პროცესთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ქეთევან ბაკარაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…