კახა კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას გარე ვაჭრობაში ჩართულ მოქალაქეთა აღწერა დაავალა
კახა კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას დეკემბრის ბოლომდე გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეების სრული აღწერა დაავალა, რათა მერიამ მათ ალტერნატიული სავაჭრო სივრცეები შესთავაზოს.

კახა კალაძე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი.
თბილისის მერის განცხადებით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ მერიას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
მერის თქმით, მუნციპალიტეტს სურს, პრობლემა უმტკივნეულოდ გადავწყვიტოს და ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.
„დედაქალაქში წესრიგის დაცვა და საჯარო სივრცეების სრულად მოწესრიგება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აღნიშნული კუთხით, გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, ქალაქში ასევე გამოწვევას წარმოადგენს უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს. არაერთ პრობლემურ ლოკაციაზე მსგავსი არაორგანიზებული საქმიანობა უკვე აღკვეთილია და ტერიტორიები მოწესრიგებულია, ასევე, ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი და რეაგირება, რათა შეიზღუდოს ქალაქის იერსახის დამახინჯება და გარე ვაჭრობა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების – ესენი არიან ოჯახები, რომელთაც უჭირთ. რომ არ უჭირდეთ, ცხადია, ამ საქმიანობით არ იქნებიან დაკავებულნი. მათ ჩვენი მხრიდან სჭირდება ხელშეწყობა და თანადგომა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმებში და არა ისე, რომ ვისაც სად მოუნდება, იქ ეწეოდეს სავაჭრო საქმიანობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხის მასშტაბისა და კომპლექსურად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე, ვავალებ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს მსგავს საქმიანობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, მოიძიონ სივრცეები სავაჭრო ადგილების მოსაწყობად.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკახა კალაძემ გარე ვაჭრობაში ჩართული პირების მხარდასაჭერად მუნიციპალურ ინსპექციას მათი აღწერა დაავალა
კახა კალაძე - ვავალებ მუნიციპალურ ინსპექციას, აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეები, რათა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას
კალაძემ გარემოვაჭრეთა აღრიცხვა დაავალა მუნიციპალურ ინსპექციას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…