მიტროპოლიტმა იობმა “ქართული ოცნება” გააკრიტიკა, ახსენა ბიძინა ივანიშვილიც
მიტროპოლიტ იობის განცხადებით, ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა, ქვეყანაში კორუფცია ყვავის და ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით სუს-ის კრებსების გაჟონვას ბიძინა ივანიშვილის განცხადებები უძღოდა.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილი) თქმით, „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“.
მიტროპოლიტმა იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, 10 ნოემბერს, გააკრიტიკა ხელისუფლება და ის სასულიერო პირებიც, რომლებიც, მისივე თქმით, „კასტად ჩამოყალიბდნენ“.
ქადაგებისას მან თქვა, რომ „საქართველოში კორუფცია ყვავის“ და „განგაშის ზარებია“ დასარეკი:
„ჩვენ ვიცით წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, გადაირჩია ხალხმა, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს.
ეს არის ის ნაკლი, რომ ნარკოტიკების გავრცელება და განარკომანდა დიდი ნაწილი ახალგაზრდების. გაძლიერდა ლუდომანია კაზინოების დაარსებით და ამის ხელშეწყობით.
…კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობა არის და იჭერენ, თითქმის მთელი მთავრობა ციხეში ჰყავთ. ტერიტორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს, დავით-გარეჯის ჩვენთვის მეორე იერუსალიმია. თუნდაც არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით რა ხდება საერთოდ…
…განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ.
როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესები აღარ არის ქვეყანაში.
ისმის ბუნებრივი კითხვა, რატომ შენდება ამდენი კორპუსები? – ბუმია მშენებლობის მთელს საქართველოში. თუ არ ვმრავლდებით, ვინ უნდა შესახლდეს ამ კორპუსებში?
უცხოტომელები? ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას საქართველოში და დასაქმდეს ახალგაზრდები.
ხომ შეიძლება სტიმული მიეცეს ახალ ოჯახებს, ხომ შეიძლება ყოველ მესამე შვილზე დაწესდეს 1000 ლარი, ყოველ მეოთხე შვილზე ბინა გადაეცეს ოჯახებს?!“ – თქვა მიტროპოლიტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება „მშვიდობის ნიღბის ქვეშ“:
„ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ხელისუფლებამ, მაგრამ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას“.
მიტროპოლიტი იობი შეეხო ე.წ. სუს-ის კრებსების საკითხსაც და თქვა, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს. ამ თემაზე საუბრისას მან ახსენა ბიძინა ივანიშვილიც:
„სანამ სუს-ის კრებსები გამოქვეყნდებოდა და გამომზეურდებოდა, ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, უნდა შეელახათ მისი იმიჯი.
მანამდე, სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, შეიძლება მასაც შეცდომები ჰქონდეს… სწორედ ამას მოჰყვა მერე სუს-ის კრებსები“ – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.
მიტროპოლიტმა ქადაგებისას გააკრიტიკა ის სასულიერო პირებიც, რომლებიც, მისივე თქმით, „თანამდებობის პირებს დაემსგავსნენ”.
„დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია, დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. რაში გამოიხატება ეს? – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება, ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა.
დღეს, ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსნენ, თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრევლისთვის ძალიან რთული გასაგებია. ქადაგებ, რომ გაჭირვება დაითმინო, ქადაგებ, რომ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ, რომ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ,“ – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასწორ ქმედებაზე ხელისუფლებას სასულიერო პირებმა უნდა მიუთითონ:
„ჩვენ ამას სიძულვილით კი არ ვაკეთებთ, კი არ ვმტრობთ, სიყვარულით ვამბობთ“ – დასძინა მან.
სუს-ის კრებსების სკანდალი უკავშირდება 2021 წლის 13 სექტემბერს ინტერნეტში სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ათასობით შიდა დოკუმენტისა და ფარული თვალთვალის ანგარიშების („კრებსების“) მასობრივ გაჟონვას.
ფაილები საჯარო სივრცეში უცნობმა პირმა გავრცელა ბმულის სახით, რომელიც მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს გადაეგზავნათ. გაჟონილ მასალებში დეტალურად იყო ასახული სავარაუდოდ სუს-ის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული უკანონო ფარული მიყურადებისა და მეთვალყურეობის შედეგად შეგროვებული ინფორმაცია.
გავრცელებული კრებსები მოიცავდა ათასობით ადამიანის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და პირად შეხვედრებზე შეგროვებულ ცნობებს:
გაჟონილი ფაილების უდიდესი ნაწილი ეხებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს, ეპისკოპოსებსა და მღვდელმსახურებს. კრებსებში ასახული იყო ცნობები მათ პოლიტიკურ სიმპათიებზე, ბიზნესინტერესებზე, ფინანსურ ტრანზაქციებზე, პირად ცხოვრებასა და რუსეთთან სავარაუდო კავშირებზე.
მასალების გავრცელებისთანავე, ათეულობით ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა, დიპლომატმა და სასულიერო პირმა საჯაროდ დაადასტურა კრებსებში ასახული საუბრებისა და დეტალების ავთენტურობა. მათ აღნიშნეს, რომ დოკუმენტებში მოყვანილი თარიღები, კონკრეტული ფრაზები და შეხვედრის ადგილები ზუსტად ემთხვეოდა რეალობას.
სკანდალმა მწვავე პროტესტი გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასივრცეში, ვინაიდან დოკუმენტები ადასტურებდა ქვეყანაში მასობრივი და სისტემური უკანონო თვალთვალის არსებობას.
საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით.
ფოტოზე: მიტროპოლიტი იობი,
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…