ფაშინიანი თურქეთში ჩავიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში ჩავიდა და COP31-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფონზე თურქეთში აცხადებენ, რომ საზღვრის გახსნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზეა დამოკიდებული.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 11 ნოემბერს თურქეთში ჩავიდა. ის ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ფაშინიანის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრებიც არის დაგეგმილი. COP31-ის ლიდერთა სამიტი 11-12 ნოემბერს იმართება, თავად კონფერენცია კი 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ფაშინიანმა თურქეთში გამგზავრების გეგმის შესახებ 5 ნოემბერს განაცხადა. ის თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიწვია. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში შეხვდა. მხარეებმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა განიხილეს.
ფაშინიანის ვიზიტი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ფონზე მიმდინარეობს. 6 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები უახლოეს მომავალში დამყარდება, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების აღიარების საფუძველზე.
ამასთან, სომხეთსა და თურქეთს დიპლომატიური ურთიერთობები ამ დრომდე არ აქვთ, ხოლო სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან ჩაკეტილია.
10 ნოემბერს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა სომხეთთან სახმელეთო და სარკინიგზო გადასასვლელების გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულა. თუმცა, მისი თქმით, საზღვრის გახსნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას უკავშირდება.
„ველოდებით, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ურალოღლუმ.
ფაშინიანის თურქეთში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ერდოღანთან ახალი შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…