აბუ-დაბიში მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. შედეგები რა არის ცნობილი
აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა, სადაც უსაფრთხოების გარანტიებსა და ტყვეების გაცვლაზე იმსჯელეს. უკრაინა ტერიტორიების დათმობაზე უარს აცხადებს, რუსეთი კი მთელ დონეცკის ოლქს ითხოვს.

11ნოემბერს მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. . ეს არის ასეთი დონის პირველი შეხვედრები თებერვლის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირველი დღე დაიწყო უკრაინის დელეგაციის კონსულტაციებით ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რის შემდეგაც გაიმართა სამმხრივი შეხვედრა რუსეთის წარმომადგენლებთან. „სამმხრივი ფორმატი იყო კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი“, — თქვა ზელენსკიმ.
UNIAN-ის შეტყობინებაში, ზელენსკიზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს შესაძლო ჰუმანიტარული ნაბიჯები, უპირველეს ყოვლისა ტყვეების გათავისუფლება, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და მექანიზმები, რომლებმაც ხელი უნდა შეუშალონ ომის განმეორებას. ცალკე მონაწილეები შეეხნენ დეესკალაციის აუცილებლობას.
მანამდე „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის წყარომ განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოხერხდა შეთანხმება „უახლოეს ხანში ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე“.
სამშაბათს მოლაპარაკებები დაახლოებით ოთხ საათს გრძელდებოდა.
„უკრაინსკა პრავდას“ ანონიმური წყარო, „უკრაინის დელეგაციასთან დაახლოებული“, ასევე აღნიშნავს, რომ მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და შეეხნენ ომისშემდგომი მომავლის საკითხს: „უკრაინული მხარის საკვანძო პოზიციაა - ჯერ უნდა მოხდეს ომის შეჩერება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფორმირებაზე გადასვლა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი სტაბილურობა და არ დაუშვას აგრესიის განმეორება“.
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „დღევანდელი შეხვედრა საშუალებას მისცემს წინ წაიწიონ მშვიდობისაკენ მიმავალ გზაზე“. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ დელეგაციამ პრეზიდენტ ზელენსკისგან მიიღო მანდატი ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა თემის განსახილველად.
არ არის მოსალოდნელი, რომ აბუ-დაბიში მიღწეულ იქნეს შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკითხები ცენტრალურ როლს ითამაშებს.
„რადიო თავისუფლება / თავისუფალი ევროპის“ ვაშინგტონელი კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ იმოწმებს ოფიციალურ პირებს, რომ აშშ-მა სთხოვა რუსეთს წასულიყო შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინას მისცემდა ნატოს მე-4 და მე-5 მუხლების ანალოგიურ დაცვას: „ერთ-ერთი მოხელის თქმით, ნებისმიერი ვალდებულება აშშ-ის მხრიდან საბოლოო ჯამში დამოკიდებული იქნება ტრამპზე. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ფინანსური ტვირთი ევროპამ უნდა იკისროს“.
ტერიტორიული საკითხი გადაუჭრელი რჩება. რუსეთი განაგრძობს მთელი დონეცკის ოლქის მოთხოვნას, მაშინ როდესაც უკრაინა გამოდის საბრძოლო მოქმედებების შეჩერების სასარგებლოდ შეხების არსებული ხაზის გასწვრივ, აღნიშნავს რაუფოღლუ. მისი თქმით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორივე მხარემ გამოავლინა გარკვეული მოქნილობა, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ ტერიტორიული საკითხები და ომისშემდგომი შეთანხმებები უსაფრთხოების შესახებ უნდა განიხილებოდეს პარალელურად და საბოლოო ჯამში გადაწყდეს ერთობლივად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიურ გამოცემა Nyheder-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხი წინანდებურად პრინციპულია უკრაინისთვის, რომელიც არ არის მზად უარი თქვას თავის ტერიტორიებზე, კერძოდ დონბასზე. ამასთან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას სთავაზობდნენ რუსეთის მიერ მოთხოვნილი ტერიტორიების დათმობას უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. ზელენსკიმ აგრძნობინა თანამოსაუბრეს, რომ კიევს ალბათ არ დააკმაყოფილებს ბუნდოვანი გარანტიები „ნატოს ყაიდაზე,“ ალიანსში გაწევრიანების გარეშე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს განაცხადა, რომ აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე „ამერიკული მხარის წინადადებით, რომელიც შეთანხმებულია ჩვენთან“, განიხილება კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. დეტალები ლავროვს არ მოუყვანია.
ზელენსკი სკეპტიკურად არის განწყობილი ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვის მიმართ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევამდე.
გასულ კვირას თეთრ სახლში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის დახურული შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა გამოხატა დარწმუნებულობა იმაში, რომ სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია დაიდოს უახლოეს ხანში.
სააგენტო Reuters-ი შენიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები ისმოდა ადრეც, თუმცა აქამდე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდებოდა.
აშშ ისწრაფვის გამოვიდეს სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებიდან და გადავიდეს უფრო ფართო მრავალმხრივ ფორმატზე ევროპის მონაწილეობით და ელის, რომ იმ საკითხების განხილვას, რომლებიც ეხება უსაფრთხოების გარანტიებსა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას ომისშემდგომ პერიოდში, შეუერთდებიან გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია, ასევე ნატო, ევროკავშირი და უკრაინა, იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.
სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე სამშაბათს დილით უკრაინის დელეგაციამ, აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა პოზიციების დასაზუსტებლად. მასში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის, ასევე უკრაინის დელეგაციის წევრების გარდა, მონაწილეობა მიიღო ასევე ევროპაში ნატოს ჯარების სარდალმა, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა.
ციტატები სტატიიდან
„სამმხრივი ფორმატი იყო კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი“
„უახლოეს ხანში ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე“
„უკრაინული მხარის საკვანძო პოზიციაა - ჯერ უნდა მოხდეს ომის შეჩერება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფორმირებაზე გადასვლა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი სტაბილურობა და არ დაუშვას აგრესიის განმეორება“
„დღევანდელი შეხვედრა საშუალებას მისცემს წინ წაიწიონ მშვიდობისაკენ მიმავალ გზაზე“
„ერთ-ერთი მოხელის თქმით, ნებისმიერი ვალდებულება აშშ-ის მხრიდან საბოლოო ჯამში დამოკიდებული იქნება ტრამპზე. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ფინანსური ტვირთი ევროპამ უნდა იკისროს“
„ამერიკული მხარის წინადადებით, რომელიც შეთანხმებულია ჩვენთან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…