რატომ შემოღობა დეპუტატ გია ჭყონიას ოჯახის კომპანიამ ძეგლის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძეზე
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დეპუტატ გია ჭყონიას ოჯახის კომპანიამ სამშენებლო ღობით შემოღობა, სადაც სააგენტოს ნებართვით სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

ბათუმში, მემედ აბაშიძის #45-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სამშენებლო ღობით შემოღობეს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და ბათუმის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც მეტ-ნაკლებად შემორჩენილი აქვს ავთენტური სახე.
ძეგლის სტატუსი აქვს ამ სახლის გვერდით და მოპირდაპირედ მდებარე შენობებსაც.

ბათუმი, მემედ აბაშიძის # 45
ბათუმში მოქალაქეებისთვის უკვე ცნობილია, რომ სახლი, რომელიც სამშენებლო ღობით შემოსაზღვრეს, „ოცნების“ დეპუტატის, გია ჭყონიას შვილების კომპანიამ შპს „თაუერ ჯგუფმა“ იყიდა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება.
„თაუერ ჯგუფის“ 100 პროცენტი „ჯი აი კაპიტალს“ ეკუთვნის, ამ კომპანიის წილებს კი ლია და თეა ჭყონიები ინაწილებენ. „თაუერ ჯგუფი“ 2022 წელს გია ჭყონიას დაფუძნებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „ბათუმი ცენტრალმა“ დააფუძნა. ახლა ეს კომპანიაც „ჯი აი კაპიტალის“ საკუთრებაა.
მემედ აბაშიძის #45-ში მდებარე ძეგლის სამშენებლო ღობით შემოღობვას მოქალაქეები სოციალურ ქსელში მწვავედ გამოეხმაურნენ, ფეისბუქჯგუფ „ბათომში“ გამოქვეყნებულ ფოტოზე ასზე მეტი კომენტარი მოჰყვა, სადაც გაჟღერებული კითხვები ძირითადად იმას შეეხებოდა, ხომ არ გეგმავს „ოცნების“ დეპუტატი ძეგლის კორპუსით ჩანაცვლებას.
საზოგადოების კითხვების შემდეგ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, მერიას და მფლობელ კომპანიას, მით უმეტეს დეპუტატს, თავი არ შეუწუხებიათ მოქალაქეების, თუნდაც თავისი ამომრჩევლისთვის მაინც იმის ასახსნელად, თუ რას გეგმავენ მემედ აბაშიძის #45-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე, სადაც არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული.
საინტერესოა ისიც, რომ 2026 წლის 6 ნოემბერს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე იპოთეკის ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით რეესტრს ბანკმა „ქართუმ“ მიმართა. რას გულისხმობს ცვლილება, ეს რეესტრში ჯერ ასახული არ არის.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმართებაში გადაწყვეტილებებს არა მერია, არამედ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იღებს, ამიტომაც სააგენტოს ვკითხეთ, შეთანხმებული აქვს თუ არა შპს „თაუერ ჯგუფს“ მემედ აბაშიძის #45-ში დაგეგმილი სამუშაოები.
სააგენტოდან მოგვწერეს, რომ კომპანია ძეგლის რესტავრაციას გეგმავს, რაც სააგენტოსთან შეთანხმებულია და შესაბამისი ნებართვაც გაცემულია. კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს პროექტი ძეგლზე დაშენებას, სააგენტოში არ გვიპასუხეს.
„2026 წლის 27 მაისს, შპს „თაუერ ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა ნებართვა ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის №45-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.
სააგენტოს მიერ შესწავლილი საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, შენობა როგორც კონსტრუქციული მდგომარეობის, ისე ესთეტიკური თვალსაზრისით საჭიროებს გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, მისი კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველყოფასა და სრულ რეაბილიტაციას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავარიული შენობის შიდა სივრცის სრული რეკონსტრუქცია, ახალი მზიდი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა, ასევე, შენობის ინტერიერის თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში მოწყობა და ეზოში შესასვლელი ნაწილის მოწესრიგება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტი არ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება შენობის შენარჩუნებისა და მისი კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით. სააგენტოს შეფასებით, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს“ – მოგვწერეს სააგენტოდან.
საპროექტო ორგანიზაცია, შპს „ალფა არქიტეტურამ“, რომელიც დიდი ალბათობით რესტავრაციის პროექტის ავტორია, გამოაქვეყნა ძეგლის რესტავრაციის პროექტის რენდერი, რომლის თანახმადაც რეაბილიტაციის პროექტი დაშენებასაც ითვალისწინებს, რაც ფაქტობრივად ძეგლის ავთენტური სახით შენარჩუნებას არ ნიშნავს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რესტავრაციის პროექტების მსგავსი მაგალითები ბათუმში ბევრია.

რესტავრაციის პროექტი – რენდერი
ციტატები სტატიიდან
„2026 წლის 27 მაისს, შპს „თაუერ ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა ნებართვა ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის №45-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ. სააგენტოს მიერ შესწავლილი საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, შენობა როგორც კონსტრუქციული მდგომარეობის, ისე ესთეტიკური თვალსაზრისით საჭიროებს გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, მისი კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველყოფასა და სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავარიული შენობის შიდა სივრცის სრული რეკონსტრუქცია, ახალი მზიდი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა, ასევე, შენობის ინტერიერის თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში მოწყობა და ეზოში შესასვლელი ნაწილის მოწესრიგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტი არ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება შენობის შენარჩუნებისა და მისი კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით. სააგენტოს შეფასებით, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…