ბათუმში ავგიის გზის 14-მილიონიანი ტენდერი „ოცნების“ დეპუტატის კომპანიამ მოიგო
ბათუმში ავგიის გზის თითქმის 14-მილიონიანი სარეაბილიტაციო ტენდერი „ქართული ოცნების“ დეპუტატ გია ჭყონიას დაფუძნებულმა შპს „გზამ“ მოიგო. კომპანიამ სამუშაოების შესრულება 13,768,000 ლარად შესთავაზა მერიას და ხელშეკრულების დასადებად უკვე მიიწვიეს.

ბათუმში ავგიის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ქართული ოცნების დეპუტატის, გია ჭყონიას დაფუძნებული კომპანია შპს „გზა“ შეასრულებს.
ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით კომპანია გამარჯვებულად უკვე გამოავლინეს და ხელშეკრულების დასადებად მიიწვიეს.
შპს „გზა“ -ს 100 პროცენტს „ჯი აი კაპიტალი“ ფლობს. ბიზნესმენმა და „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ რვა კომპანიაში საკუთარი წილები სწორედ შპს „ჯი აი კაპიტალს“ განვადებით მიჰყიდა. „ჯი აი კაპიტალი“ გიორგი ჭყონიას შვილების კომპანიაა. გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებული კომპანიები ყოველწლირად მილიონობით ლარის ღირებულების ხელსშკრულებებს აფორმებენ სახელმწიფო სტრუტურების მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგად.
სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველომ პირველ ოქტომბერს გამოაცხადა, საწყისი ღირებულება 14 მილიონ 569 370 ლარი იყო. კომპანიამ სამუშაოების შესრულება 13 მილიონ 768 000 ლარად შესთავაზა მერიას.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 3 463 კმ. სიგრძის გზის დაზიანებული ტრასის დემონტაჟი და ახლის მოწყობა.
ბათუმის მერია დოკუმენტებში წერს, რომ არსებული სავალი გზის ნაწილი დაბზარული, დეფორმირებული და დაზიანებულია. ტენდერი ითვალისწინებს ასევე სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების და უსაფრთხოების ელემენტების მოწყობას.
ტენდერის პირობების მიხედვით სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 36 თვეს სამუშაოების დასრულებიდან. გარე განათებაზე ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 60 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
შესრულებულ სამუშაოებზე, ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია 2 (ორი) წლის ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.
ავგიას გზის მოწყობას მოსახლეობა უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავგიას გზის რეაბილიტაცია და ასფალტ- ბეტონით მოპირკეთება 2021 წელს დაგეგმა, 2023 წელს სამუშაოები შეისყიდა, თუმცა გზები არ გაუკეთებიათ, მხოლოდ საყრდენი ხელოვნური ნაგებობები მოაწყვეს, რაშიც 944 ათასი ლარი დაიხარჯა.
ამავე თემაზე:
ავგია – დასახლება ბათუმში, სადაც გზის მოწყობა 2023 წელს დაიწყო და ჯერაც ვერ დასრულდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.