შემუშავდეს/დაზუსტდეს ადვოკატების ჩანაწერების გატანის მკაფიო პროცედურა – ომბუდსმენი სალიას
სახალხო დამცველმა მინისტრ პაატა სალიას რეკომენდაციით მიმართა, შეიმუშაოს ციხიდან ადვოკატების სამუშაო ჩანაწერების შეტანა-გატანის მკაფიო წესი, რათა გამოირიცხოს კონფიდენციალური მასალების შინაარსის არასათანადო გაცნობა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვისა და მათი შეუფერხებლად გატანის უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდაციით მიმართა მინისტრ პაატა სალიას – შეიმუშაოს/დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა.
სახალხო დამცველი აღნიშნავს:
„ჩანაწერების უსაფრთხოების მიზნით, შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუცილებელი და კანონით დასაშვები ღონისძიებების ფარგლებში.
პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ჩანაწერების შინაარსის არასათანადო გაცნობის, მათი ასლების გადაღების, შენახვისა და გამჟღავნების რისკები“.
განცხადებაში წერია, რომ აპარატმა ადვოკატების განცხადებები შეისწავლა, რომლებიც სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრებთან შეხვედრისას გაკეთებული სამუშაო ჩანაწერების გატანის შეზღუდვას შეეხებოდა.
„სახალხო დამცველის შეფასებით, ადვოკატის სამუშაო ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებას, მოწმეების დაკითხვის დეტალებს და სასამართლო პროცესისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის“, – წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს.
„მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩანაწერი პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმართან შეხვედრისას შეიქმნა, თავისთავად არ არის საკმარისი მისი პატიმრის კორესპონდენციად მისაჩნევად“, – აღნიშნავს ომბუდსმენი.
განცხადების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა შესაბამისი პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ საფუძველს და იყოს აუცილებელი და პროპორციული.
„უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა შეზღუდოს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება“, – წერია განცხადებაში.
7 ოქტომბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ ადვოკატს უფლება არ მისცეს, ციხიდან გამოეტანა პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები.
საპასუხოდ პენიტენციურმა განმარტა ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენციის შემოწმების საკითხი და განაცხადა, რომ „უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს“, შესაბამისი პირი უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…