დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს
სტუ-მ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა; მისი ადვოკატი გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და კომისიის 7 პროფესორის გათავისუფლებას ითხოვს.

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში [სტუ] ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის სხდომის გადაწყვეტილება გახდა.
ჩუბინიძე სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ კომისია დიტო ჩუბინიძის დაჭერის დღესვე, 22 ოქტომბერს, მომხდარიდან რამდენიმე საათში შეიკრიბა:
„რომ დაიჭირეს, 4 საათში შეიკრიბა სხდომა, კომუნისტების დროს „სტროიკები“ რომ იკრიბებოდნენ ხოლმე 1937 წელში. 4 საათში გაათავისუფლეს“.
ზაზა ხატიაშვილის თქმით, მან გადაწყვეტილება 6 ნოემბერს რექტორის სახელზე გაასაჩივრა. ადვოკატი ითხოვს სხდომაში მონაწილე 7 პროფესორის მიმართ დისციპლინარული წარმოება დაიწყოს და ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
ადვოკატი რამდენიმე დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას: მისი მტკიცებით, კომისიამ სხდომაზე საერთოდ არ მიიწვია მოპასუხე მხარე; ოქმში არ არის დაკონკრეტებული ეთიკის კოდექსის რა ნაწილის დარღვევას ედავებიან ჩუბინიძეს; ასევე ოქმში მითითებული არაა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და პროცედურა, გადაწყვეტილება, მისი შეფასებით, დაუსაბუთებელია.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი ვაჟა პაპასკირი;
სხდომის მდივანი, პროფესორი თამარ ბონდარენკო;
კომისიის წევრი, პროფესორი თამარ ხოხობაშვილი;
კომისიის წევრი, პროფესორი იაშა კუტუბიძე;
კომისიის წევრი, პროფესორი დალი სეხნიაშვილი;
კომისიის წევრი, პროფესორი მამუკა ჭანტურაია;
კომისიის წევრი, პროფესორი ნაზი ჭიკაიძე;
სხდომამ უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას მოხსენებითი ბარათი განიხილა:
„რომლის საფუძვლად მითითებული იყო 2026 წლის 22 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“, დაახლოებით 11:00 საათზე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დააკავა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დომენტი ჩუბინიძე“.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დეკანი კომისიას სთხოვა აღნიშნული საკითხის განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
ვაჟა პაპასკირი, რომელიც ზემოხსენებული კომისიის თავმჯდომარე იყო „ასავალ-დასავალთან” მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ ჩუბინიძეს უფლებამოსილება “ვითარების გარკვევამდე” შეუჩერდა და ასე იქცევიან სხვა შემთხვევებშიც.
„ვინაიდან ლექციები ვერ ჩატარდებოდა, მარტო თქვენ კი არა, ყველას ასე ვუჩერებთ სტატუსს, სანამ ვითარება არ გაირკვევა“.
საპასუხოდ დიტო ჩუბინიძე მას ეუბნება, რომ მიმდინარე სემესტრში უნივერსიტეტში ლექციები ისედაც არ ჰქონდა.
ზაზა ხატიაშვილი გვეუბნება, რომ რექტორს საპასუხოდ 30 დღე აქვს.
„ნეტგაზეთი“ საპასუხო კომენტარისთვის დაუკავშირდა ტექნიკურ უნივერსიტეტს. ჩვენ გვაინტერესებს, აღუდგენენ თუ არა ჩუბინიძეს უფლებამოსილებას ახლა. სახელმწიფო უნივერსიტეტისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
29 ოქტომბერს დიტო ჩუბინიძე სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. „ასავლ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს დავით გარეჯზე გაკეთებული განცხადებებისა და ჩაწერილი ინტერვიუების გამო. საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
როგორც მისი ადვოკატი ჩვენთან საუბარში განმარტავს, საქმეზე მტკიცებულებების სახით არა რაიმე გასაიდუმლოებული დოკუმენტები, არამედ ჟურნალისტის საჯარო გამოსვლები და მის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები ფიგურირებს ლაზარე ჯორბენაძესთან.
„მის საქმეში არ ფიგურირებს არავინ და არაფერი. დანაშაული მატერიალურად მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას შეუშალა ხელი თავისი საჯარო გამოსვლებით. ეს არის ბრალის ფორმულირება. საქმეში დართულია მისი საჯარო გამოსვლები, როგორც მტკიცებულება, და მოწმის სახით დაკითხულები არიან ამ კომისიის წევრები. ბრალის დადგენილების მიხედვით, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის“, — აცხადებს ნონა ფილაური „ნეტგაზეთთან“.
დიტო ჩუბინიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მომხდარით “გაოგნებულია”
ციტატები სტატიიდან
„რომ დაიჭირეს, 4 საათში შეიკრიბა სხდომა, კომუნისტების დროს „სტროიკები“ რომ იკრიბებოდნენ ხოლმე 1937 წელში. 4 საათში გაათავისუფლეს“
„რომლის საფუძვლად მითითებული იყო 2026 წლის 22 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“, დაახლოებით 11:00 საათზე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დააკავა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დომენტი ჩუბინიძე“
„ვინაიდან ლექციები ვერ ჩატარდებოდა, მარტო თქვენ კი არა, ყველას ასე ვუჩერებთ სტატუსს, სანამ ვითარება არ გაირკვევა“
„მის საქმეში არ ფიგურირებს არავინ და არაფერი. დანაშაული მატერიალურად მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას შეუშალა ხელი თავისი საჯარო გამოსვლებით. ეს არის ბრალის ფორმულირება. საქმეში დართულია მისი საჯარო გამოსვლები, როგორც მტკიცებულება, და მოწმის სახით დაკითხულები არიან ამ კომისიის წევრები. ბრალის დადგენილების მიხედვით, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…