გიგა ფარულავა - ოთარ ფარცხალაძე შეიძლება იყოს ერთ-ერთი დამაკავშირებელი ჭანჭიკი ბიძინას და რუსეთს შორის - არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია, ეს ფარსი და ბუტაფორიაა
გიგა ფარულავას მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძე შეიძლება ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი იყოს, მის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა კი „ფარსი და ბუტაფორიაა“. მან „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსის საკუთარ თავზე მორგებასა და ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაშიც დაადანაშაულა.

„ოცნება“ ცდილობს საარჩევნო კოდექსი მოირგოს საკუთარ თავზე და გაყალბების მექანიზმები კიდევ უფრო დახვეწოს საკანონმდებლო დონეზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა.
როგორც გიგა ფარულავამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ „აქრობს საარჩევნო კოდექსში საშუალო რგოლს, ანუ საოლქო შემაჯამებელ ოქმს, რითაც ცესკოს ეძლევა უფლებამოსილება, საოლქო კომისიის შედეგების შესაბამისად შეაფასოს როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნები“.
„ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო წლებში მივეჩვიეთ, რომ „ოცნება“ ცდილობს საარჩევნო კოდექსი მოირგოს საკუთარ თავზე და ეს გაყალბების მექანიზმები კიდევ უფრო დახვეწოს საკანონმდებლო დონეზე. ამით ცდილობს კიდევ უფრო გაამარტივოს ის მანიპულაციური გზები და მეთოდები, რომელმაც შეიძლება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ დადებითი შედეგები მოუტანოს. ერთი წლის წინ მათ მიიღეს ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელსაც, ბუნებრივია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა. მაშინაც გქონდა შესაბამისი შენიშვნები, წინადადებები, რომლებიც, ბუნებრივია, არ იყო გათვალისწინებული. რაც შეეხება დღეს დაგეგმილ ცვლილებებს, ის მათ მიერ ერთი წლის წინ მიღებული სამართლებრივი ნორმებისგან რადიკალურად განსხვავდება. არსებითი ცვლილება, რაც შედის, ეს არის - ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება უფლებამოსილ პირს არ შეუძლია შინაარსობრივად. კონკრეტულ შემთხვევაში ემატება მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ ტექნიკურ დონეზე. საერთოდ აქრობენ საარჩევნო კოდექსში საშუალო რგოლს, ანუ საოლქო შემაჯამებელ ოქმს და ცესკოს ეძლევა უფლებამოსილება, საოლქო კომისიის შედეგების შესაბამისად შეაფასოს, როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნები. საერთოდ ქრება საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, სადაც ასევე უფლებამოსილ პირს შეეძლო გაესაჩივრებინა უბნების დონეზე ის სისტემური დარღვევები, როგორიცაა მაგალითად მოსყიდვა და ე.წ. „კარუსლები“, რაც შეიძლება ერთი უბნის დონეზე ზეგავლენას ვერ ახდენდეს, მაგრამ რამდენიმე უბნის შედეგების შეჯამების დროს, ბუნებრივია, ახდენს ზეგავლენას. ამ კონკრეტული რედაქციით, „ოცნებას“ ეს ცესკოს შემაჯამებელი ოქმი დაჰყავს ელემენტარულ არითმეტიკულ დონეზე. ის შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს საუბნო კომისიის შედეგები ტექნიკურად რაღაც ხარვეზით ექნება გადატანილი შემაჯამებელ ოქმში. შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებასთან ერთად „ოცნება“ აუქმებს სავალდებულო გადათვლის ნაწილს, როდესაც შემთხვევითობის პრინციპით ყველა ოლქში ხდებოდა ხუთი უბნის არჩევა და კონკრეტული შედეგების გადათვლა.
თუ რეალურად „ოცნება“ ამბობს, რომ მას აქვს რესურსი და არ ეშინია არჩევნების, ბუნებრივია, უნდა ზრუნავდეს მაქსიმალურად, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, სუბიექტებსა და დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თუნდაც გაასაჩივრონ და მეტად გამჭვირვალე იყოს არჩევნების შედეგები. იმის შემდეგ, რაც მათ დაიწყეს საარჩევნო კოდექსის თავის თავზე მორგება, ისინი, ჩათვალეთ, ყოველთვის ემზადებიან, როგორც მათ დასჭირდებათ, ისე ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები ან მოიმზადონ ველი 2028 წლისთვის’’, - აღნიშნა ფარულავამ.
გარდა ამისა, გიგა ფარულავამ ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელზე და განმარტა, რომ ის ახალი პოლიტიკური ძალები, რომელთა გამოჩენას აანონსებს „ქართული ოცნება’’, პოლიტიკურ ველზე იქნებიან ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებლები.
ფარულავას თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის მხრიდან დასმულ კითხვებს „ქართული ოცნება“ სასამართლოში ობიექტურად და კონკრეტულად უპასუხებს.
„საზოგადოება ადევნებს თვალ-ყურს იმას, რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. „ოცნების“ გაცხადებული რიტორიკა არის, რომ პარტიები ძალიან მალე აიკრძალება. ისინი აანონსებენ ახალი პარტიების გამოჩენას პოლიტიკურ ველზე. ცხადია, რომ ეს პარტიები იქნებიან „ოცნების“ პოლიტიკის გამტარებლები. ჩვენი კითხვები პროცესზე შეეხება იმ სახელმწიფო ინტერესებს, რომლებსაც აზიანებს დღეს „ოცნება“, მაგრამ ცხადია, არ გაქვს მოლოდინი, რომ ამ კითხვებზე მათ ობიექტური და კონკრეტული პასუხები ექნებათ. აქ მთავარია, განსაკუთრებით „ოცნების“ ამომრჩეველმა შეხედოს ამ პროცესებს და მოისმინოს ის რიტორიკა, რასაც ისინი იყენებენ. გიორგი გახარიას სწორედ ოკუპანტის რიტორიკით ასამართლებენ. როდესაც შენი რიტორიკა ემთხვევა ოკუპანტის რიტორიკას, ეს ნამდვილად ვერ იქნება ქვეყნის ინტერესები’’, - განამარტა ფარულავამ.
გარდა აღნიშნული თემებისა, გიგა ფარულავამ ისაუბრა ოთარ ფარცხალაძეზე და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, მათ შორის იმის თაობაზე, რომ “საქართველო ძლიერი მხოლოდ რუსეთთან ერთად იქნება”. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ თავად ფარცხალაძე იყოს ის ჭანჭიკი, რომელიც ხელისუფლებას რუსეთთან აკავშირებს, ხოლო სისხლის სამართლის დევნა მის წინააღმდეგ უბრალო ფარსი და ბუტაფორიაა.
„ფარცხალაძეს გაცხადებული აქვს, რომ ის არის რუსეთის აგენტი, ის იბრძვის რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ამ ტიპის ადამიანები არ არიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრაში, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ ინტერესებს, ამიტომ შეუძლებელია ამ ადამიანის გზავნილები იყოს ღირებული ჩვენი ქვეყნისთვის. ის არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში, ამაზე დიდი ტრაგედია და დანაშაული რა უნდა იყოს?! ფარცხალაძის სამართლებრივი დევნა არის ფარსი და ბუტაფორია. იმის სამართლებრივი დევნა და დაკავება, რომ რეალურად ნდომებოდათ, ეროვნულ ბანკს არ მიაღებინებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რომლის დამსახურებითაც ამან მთელი აქტივები გაიტანა საქართველოდან. ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს მის რიტორიკას ემიჯნებიან. მაგრამ სინამდვილეში, შეიძლება თავად ფარცხალაძე იყოს ის ადამიანი, ასე ვთქვათ ერთ-ერთი დამაკავშირებელი ჭანჭიკი ბიძინასა და რუსეთს შორის. შესაბამისად, არაფერს არ ცვლის ის ფაქტი, რომ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.
ციტატები სტატიიდან
„აქრობს საარჩევნო კოდექსში საშუალო რგოლს, ანუ საოლქო შემაჯამებელ ოქმს, რითაც ცესკოს ეძლევა უფლებამოსილება, საოლქო კომისიის შედეგების შესაბამისად შეაფასოს როგორც თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…