საქართველომ დაკარის ოლიმპიადის მეცხრე საშეჯიბრო დღეს ორი მედალი მოიპოვა
სენეგალში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ქვიშის ჭიდაობაში ლუკა მახარაძემ და ნურადინ მუსტაფაევმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სენეგალში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მეცხრე საშეჯიბრო დღეს ქვიშის ჭიდაობაში საქართველომ ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ლუკა მახარაძემ (70 კგ) ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგო, ნახევარფინალში ირანელი ამირსალეჰ ჯავიდანიეგანეჰი დაამარცხა, ფინალი კი აზერბაიჯანელ ტუნარ გულიევთან დათმო და დაკარის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ნურადინ მუსტაფაევმა (90 კგ) ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგო, ნახევარფინალში ბრაზილიელ ალან სმიტ ბესერა დე სოუზას სძლია, ფინალი კი აზერბაიჯანელ ელგუნ კარიმლისთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
7 ნოემბერს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პირველი მედალი დავით მძევაშვილმა (60 კგ) მოუპოვა. მან ქვიშის ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სენეგალელი ბაბაკარ მბაიე დაამარცხა.
ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ესწრებოდნენ. მათ ლუკასა და ნურადინს მედლების მოპოვება მიულოცეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…