როგორ შევიდა სატვირთო ბორანი ოკუპირებულ ოჩამჩირეში, სადაც რუსეთს ფლოტისთვის ბაზის აშენება სურს
პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო-სამგზავრო ბორანი Firuze G ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტში შევიდა და იქ 5 დღე დარჩა. „ბათუმელების“ ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენიათ და გამოცემის კითხვებს კანონდარღვევასთან დაკავშირებით არ პასუხობენ.

31 ოქტომბერს პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანი Firuze G [IMO: 7811329] ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში შევიდა. საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების მიხედვით, ბორანი იქ 5 დღეს დარჩა და ოჩამჩირის პორტი 5 ნოემბერს დატოვა.
საქართველოს ტერიტორიული წყლებიდან ის ჯერ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა, ახლა კი გეზი ალექსანდრიისკენ, ეგვიპტისკენ აქვს.
უცნობია, ჩაიტანა თუ არა რაიმე სახის ტვირთი ბორანმა ოჩამჩირის პორტში, ასევე, უცნობია ჩაიყვანა თუ არა მგზავრები.
Firuze G სამგზავრო/სატვირთო ბორანია, რომელიც 1979 წელს ააშენეს. სხვადასხვა დროს ბორანს ერქვა Golfo Degli Ulivi, Cenk Y, Cellt9, Cenky და Cek და დაცურავდა პანამის და თურქეთის დროშების ქვეშ.
ბორანი ამჟამად პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს, მისი ამჟამინდელი რეგისტრირებული მფლობელია GURCAK GEMICILIK INSAAT NAK.
AIS-ზე დაფუძნებული მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ბორანი ტუაფსეში 41-ჯერ, ხოლო თურქეთში, ქარასუს პორტში 32-ჯერ იმყოფებოდა, რაც მიუთითებს რუსეთ-თურქეთის მიმართულებით განმეორებით კომერციულ ოპერაციებზე.
ბორანი ოკუპირებულ აფხაზეთში 31 ოქტომბერს ჩავიდა.

პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანი ოკუპირებულ აფხაზეთში
რუსეთი მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში საზღვაო ინფრასტრუქტურას ავითარებს. ამ ფონზე ოჩამჩირის პორტი განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.
საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეუძლებელია დადგენა FIRUZE G-ის ოჩამჩირის პორტში ვიზიტი რას უკავშირდება.
კერძოდ, უცნობია, ბორანი რეიდზე იდგა, თუ უშუალოდ ნავსადგურში შევიდა, ჰქონდა თუ არა ტვირთი, ან გადაჰყავდა თუ არა მგზავრები, მოხდა თუ არა ბორნიდან ჩატვირთვა/გადმოტვირთვა ან ხომ არ ჩატარდა სხვა რაიმე სახის ოპერაცია.
ამ კითხვებზე პასუხი საქართველოს საჯარო უწყებებმა უნდა გასცეს, რომლებსაც „ბათუმელებმა“ კითხვებით მიმართა, თუმცა მათ ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია.
„აკრძალულია საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლა, გარდა გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციით დადგენილი შემთხვევებისა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონით აკრძალული საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს,“ – ვკითხულობთ საქართველოს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.
„ბათუმელებმა“ წერილობით გაუგზავნა კითხვები ორ უწყებას – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამსახურს.
ჰქონდა თუ არა Firuze G [IMO: 7811329]-ს საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლის განსახორციელებლად? – ვკითხეთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს.
შსს-ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს კი ვკითხეთ, დაფიქსირდა თუ არა ბორნის ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში შესვლა სანაპირო დაცვის რადიოლოკაციური და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ასევე რატომ არ შეაჩერა სანაპირო დაცვამ ბორანი ან არ გაატარა სამართლებრივი ღონისძიებები, თუ არსებობდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საფუძველი?
ორივე უწყებაში კითხვების მიღება დაგვიდასტურეს, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.
31 ოქტომბრიდან დღემდე 6 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში არცერთ უწყებას, რომელსაც ეს საკითხი ეხება, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სანაპირო დაცვას ან საგარეო საქმეთა სამინისტროს რაიმე სახის განცხადება არ გაუკეთებია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…