აქტივისტმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა; ამავე პირობით გათავისუფლდნენ ირაკლი ჩხვირკია და ნანა სანდერიც.

2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე მსჯავრდადებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ დღეს, 6 ნოემბერს, საპატიმრო დატოვა. ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
2026 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჭავჭანიძესა და კიდევ შვიდ დემონსტრანტს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებოდნენ.
მაშინ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, თუმცა პროკურატურამ მასზე უარი თქვა. პროკურორმა თამარ იაკობიძემ განმარტა, რომ მსჯავრდებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებდა, რაც შეთანხმების გაფორმებისთვის აუცილებელი პირობა იყო.
ამავე საქმეზე, რომელშიც თავდაპირველად 14 ადამიანი იყო ბრალდებული, ექვს პირს საპროცესო შეთანხმება ჯერ კიდევ ივნისში გაუფორმდა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
19 ოქტომბერს კი . სააპელაციო სასამართლოში საქმეზე მიმდინარე სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა.
საპროცესო შეთანხმების პირობა ასეთი იყო:
ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი მსჯავრი.
დღეს 6 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვეს 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე მსჯავრდადებულმა ირაკლი ჩხვირკიამ და ნანა სანდერმა.
სხვა მსჯავრდადებულები
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებებს სააპელაციო განხილვის ეტაპზე აფორმებს.
4 ნოემბერს საპატიმრო დატოვეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ბერიძემ.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, 16 ოქტომბერს უნდა გათავისუფლდეს კიდევ ერთი მსჯავრდადებული, გური ჟვანია, მას ჩხვირკიას მსგავსად სასჯელის სახით 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 1 წელი და 1 თვე რეალური პატიმრობაა, 2 წელი კი - პირობითი მსჯავრი.
ამავე საქმეზე საპროცესო შეთანხმებები გაუფორმეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ნიკოლოზ გვენცაძესა და ზაქრო ალბუთაშვილს. ისინი უკვე გათავისუფლდნენ.
საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებენ საქმეზე მსჯავრდადებული პოლიტიკოსები პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე.
2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ამავე საქმეზე მსჯავრდადებული აბო ნავერიანისა და მარიამ მეყანწიშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენები. ნავერიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მეყანწიშვილს კი - 5000-ლარიანი ჯარიმა.
„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე
2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე, პოლიტიკოსების ჩათვლით, ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენები გახდა.
იმ დღეს, როდესაც საქართველოში ადგილობრივი არჩევნები იმართებოდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის ღობის გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…