,,მანანა არჩვაძეს სადაც სურს, იქ გამოხატოს პირადი განცდები.. ასეთი ქცევა არის უპასუხისმგებლო თვითნებობა“ – კონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება ზვიად გამსახურდიას საფლავზე „ელია“-ს წარწერიანი დაფის განთავსებას და ამას ვანდალურ ხელყოფად და ისტორიული პიროვნების სახელის დამახინჯების მცდელობად აფასებს. მისი თქმით, მანანა არჩვაძის მითითებით დადებული საგანი საზოგადოებისთვის მიუღებელია და შესაბამისმა უწყებებმა უნდა აღკვეთონ საფლავის იერსახის უნებართვო ცვლილება.

პირველი პრეზოდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას საფლავის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ზვიად გამსახურდიას საფლავზე დაფის განთავსება წარწერით „ელია“ სრულიად მიუღებელია. დაფა (რაც არის ვინმე გელა დიაკონიძის “შედევრი”) არაერთხელ აიღეს და კვლავ ჯიუტად აბრუნებენ, ეს უკვე მხოლოდ პირადი რწმენის გამოხატვა კი არა, ეროვნული მნიშვნელობის საფლავის ვანდალური ხელყოფა, ისტორიული პიროვნების სახელის დამახინჯება და მისი სექტანტურ კულტად ქცევის მცდელობაა. უკვე არაერთმა დაბნეულმა მნახველმა გვკითხა მეც და გიორგისაც, რას ნიშნავს ეს დაფა და ზედ დატანილი ეს წარწერა.
მანანა არჩვაძეს, ვისი მითითებითაც დადეს ეს საგანი აქ, სადაც სურს, იქ გამოხატოს პირადი განცდები და შეხედულებები, მაგრამ ეს არ ანიჭებს უფლებას, საზოგადოებას თავს მოახვიოს საკუთარი რელიგიურ-მისტიკური წარმოდგენები და ზვიად გამსახურდიას საფლავი ექსპერიმენტების ადგილად აქციოს.
ასეთი ქცევა არის უპასუხისმგებლო თვითნებობა, საზოგადოების უპატივცემულობა და ეროვნული მეხსიერებით მანიპულირება. შესაბამისმა უწყებებმა უნდა აღკვეთონ საფლავის იერსახის უნებართვო ცვლილება და უზრუნველყონ მისი ღირსეული დაცვა. ზვიად გამსახურდიას სახელი ეკუთვნის საქართველოს ისტორიას და არა რომელიმე ვიწრო ჯგუფის გამოგონილ კულტს.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.