ცხინვალში „ვიცე-პრემიერად“ დანიშნეს ბელგოროდის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ვიცე-პრემიერად ბელგოროდის ოლქის ყოფილი პირველი ვიცე-გუბერნატორი გლადსკი დანიშნეს. დე ფაქტო მთავრობაში საკვანძო თანამდებობებზე რუსეთის სხვა ყოფილი ჩინოვნიკებიც, მათ შორის ეკატერინა ტოლსტიკოვა დაინიშნენ.

57 წლის გლადსკი სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებსა და საბანკო სექტორში. 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის კონტროლისა და ანგარიშების პალატას, შემდეგ კი ქალაქის გუბერნატორის მოადგილე იყო.
2023-2024 წლებში გლადსკი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ეკონომიკურ საკითხებს კურირებდა.
თავად ვიაჩესლავ გლადკოვი, რომელიც ბელგოროდის ოლქს 2020-2026 წლებში ხელმძღვანელობდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2026 წლის ივნისში სოხუმში რუსეთის ე.წ. ელჩად დანიშნა.
მანამდე კამბოლოვმა ცხინვალში ე.წ. პირველ ვიცე-პრემიერად დანიშნა რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინა ტოლსტიკოვა, რომელიც დაღესტნის მთავრობის ვიცე-პრემიერიც იყო. კამბოლოვი და ტოლსტიკოვა წარსულში ერთად მუშაობდნენ რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტში“.
22 ოქტომბერს კამბოლოვმა ე.წ. პრემიერ-მინისტრად დანიშნა ცხინვალში დაბადებული სოსლან მარგიევი, რომელიც 20 წელზე მეტხანს რუსეთის სასამართლო სისტემაში მუშაობდა.
კიდევ ერთი „ვიცე-პრემიერი“ აცამაზ კაბისოვია, რომელიც მანამდეც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაში მუშაობდა.
თავად მარატ კამბოლოვიც რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანია. მან თანამდებობა დაიკავა მას შემდეგ, რაც 2026 წლის ივნისში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა თანამდებობა დატოვა.
ამის შემდეგ რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. კამბოლოვს მხარი დაუჭირეს ძირითადმა პოლიტიკურმა ძალებმა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, მან ხმების 84,95% მიიღო.
ე.წ. არჩევნებს ცხინვალში არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება და თბილისის საერთაშორისო პარტნიორები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…