ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რუსეთის სასამართლო დეპარტამენტის თანამშრომელი სოსლან მარგიევი წარადგინა.

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სოსლან მარგიევის კანდიდატურა წარადგინა. საკითხი ადგილობრივმა „პარლამენტმა“ უნდა განიხილოს.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მარგიევი 44 წლისაა, ცხინვალში დაიბადა და 2003 წელს ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.
მარგიევი რუსეთის სასამართლო სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს, მათ შორის 15 წლის განმავლობაში მოსამართლის თანამდებობები ეკავა. სხვადასხვა დროს იყო მოსკოვის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე და ზვენიგოროდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2022-2026 წლებში ის მოსკოვის ოლქის ქალაქ ლობნიას საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობდა.
ამჟამად მარგიევი რუსეთის უზენაეს სასამართლოსთან არსებული სასამართლო დეპარტამენტის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
გამოცემა „ვექტორ კავკაზას“ ინფორმაციით, კამბოლოვმა მოსკოვიდან ცხინვალში რამდენიმე ადამიანი ჩაიყვანა, მათ შორის მისი თანაშემწე ეკატერინა ტოლსტიკოვა, რომელთან ერთადაც მან სხვადასხვა რუსულ უწყებაში იმუშავა.
კანდიდატურის წარდგენამდე, 9 ოქტომბერს, კამბოლოვმა ე.წ. აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი სტრუქტურაც დაამტკიცა. ცვლილებები ეკონომიკური და დარგობრივი მიმართულებების გაძლიერებას, ასევე ტურიზმისა და ხალხური რეწვისთვის ცალკე სამინისტროს შექმნას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.