მთავრობამ რთველი 2026-ისთვის 237 მილიონი ლარის ყურძნის პირდაპირ შესყიდვაზე თანხმობა გასცა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ 237 მილიონი ლარის ყურძნის პირდაპირ შესყიდვაზე თანხმობა მისცა. ჯამში 2026 წლის რთველზე 287 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, რაც წინა წელთან შედარებით 40 მილიონი ლარით მეტია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" მევენახეებისგან 237 მილიონი ლარის ყურძნის პირდაპირი შესყიდვის შესახებ მისცა თანხმობა.
კომპანია ამ თანხით ახდენს როგორც ღვინის ქარხნების სერვისის დაქირავებას, რომლებიც ყურძენს იბარებენ, ასევე ამ ყურძნის შესყიდვას და მის გადამუშავებას.
"ვინაიდან მოცემული ღონისძიების ფარგლებში მთავარი შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი და შესყიდული ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის და სათადარიგო ნაწილების, ასევე მომსახურებების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების შენახვის და ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანდაგრების ქირავნობის და საბანკო მომსახურების) შესყიდვების რაოდენობებისა და მოცულობების განსაზღვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2026 წლის რთველის შეუფერხებლად ჩატარებისათვის საჭიროა დამატებით 237 მლნ ლარი მიემართოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელ შესყიდვებზე.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2026 წლის რთველზე გაზრდილი ჭარბი მოსავლის გათვალისწინებით შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ დღე-ღამეში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა კახეთის რეგიონში შეადგენს 8000-9000 ტონას, შესაბამისად შეუძლებელია კომპანიამ წინასწარ განსაზღვროს რა რაოდენობის ყურძნისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ მოსავლის მართვის კომპანიამ რთველზე უკვე 50 მლნ ლარი დახარჯა. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის 2026 წლის რთველზე 287 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება, რაც წინა წელთან შედარებით 40 მილიონი ლარით მეტია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…