რიაზანზე შეტევის სამიზნეებს შორის სავარაუდოდ, იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
რიაზანის ოლქის გუბერნატორ პაველ მალკოვის ცნობით, რეგიონზე მასირებული შეტევა განხორციელდა, მედიისა და მონიტორინგის არხების ინფორმაციით კი დრონებით დარტყმის სამიზნე „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა, სადაც ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის ევროპული ნაწილის ცენტრში მდებარე რიაზანის ოლქის გუბერნატორ პაველ მალკოვის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, „მასირებული შეტევა“ ღამით დაიწყო და „არის ნამსხვრევების ჩამოცვენით გამოწვეული დაზიანებები“.
მალკოვის თანახმად, ქალაქ რიაზანში ხანძრებია სამრეწველო ობიექტების ტერიტორიაზე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ქალაქის ნაწილის ენერგომომარაგება შეფერხებულია, დაზიანებულია კერძო სახლები და ერთ-ერთი სკოლის შენობა. დაჭრილია ერთი ადამიანი.
გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, რომელ სამრეწველო ობიექტებზეა ხანძრები.
სხვა წყაროები
5 ნოემბერს გამთენიისას მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Supernova+ გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს დრონებით დარტყმის შედეგად რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ რიაზანში იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიას აწვდის საავიაციო საწვავს და დიზელს.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა. ის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანიის, „როსნეფტის“ შემადგენლობაშია.
ქარხანა აწარმოებს საავტომობილო ბენზინსა და დიზელის საწვავსაც და მოსკოვს და რუსეთის ცენტრალურ რეგიონებს ამარაგებს. საჯარო მონაცემების მიხედვით, ქარხანას წელიწადში დაახლოებით 17-18 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
რიაზანის ქარხანას უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც არაერთხელ დაარტყეს. წინა შეტევა 2026 წლის ოქტომბერში იყო, რომლის შემდეგაც სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მუშაობა შეაჩერა ნავთობის პირველადი გადამუშავების ძირითადმა დანადგარმა.
უკრაინას ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ რიაზანის ქარხანას 5 ნოემბერსაც დაარტყეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაუკრაინამ რუსეთის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა
უკრაინული მედია - დრონებით თავდასხმის შემდეგ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს
დრონებით თავდასხმის შემდეგ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
ციტატები სტატიიდან
„მასირებული შეტევა“
„არის ნამსხვრევების ჩამოცვენით გამოწვეული დაზიანებები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…