ევროკავშირის გაფართოების სამიტი - საქართველო ევროკავშირთან ღია და თანასწორუფლებიანი დისკუსიისთვის მზად არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირთან დისკუსიისთვის მზად არის, თუმცა ყველა კონკრეტულ საკითხზე არგუმენტები სჭირდება. სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ ევროინტეგრაცია კონსტიტუციური პრიორიტეტია, მაგრამ არა ეროვნული სუვერენიტეტის ხარჯზე.

ევროკავშირთან დიალოგი მხოლოდ ოფიციალური თბილისის ცალმხრივი სურვილი არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან საუბრის ინტერესი თავად ოფიციალურ ბრიუსელშიც არსებობს. ღია დიალოგი კი, ყველა იმ საკითხზეა საჭირო, რომელიც ევროკავშირს პრობლემად ეჩვენება, საქართველო კი მზადაა დღის წესრიგში არსებულ თემებზე სასაუბროდ.
დიალოგის საჭიროებაზე პრემიერ-მინისტრმა Euronews-ის ორგანიზებით ჩატარებულ სამიტზე ისაუბრა. დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს გზავნილი მარტივია - ქვეყანას ყველა კონკრეტულ საკითხზე არგუმენტები სჭირდება და როდესაც საქმე ქვეყნის ევროინტეგრაციას ეხება, მთავარი დიალოგია და დისკუსიისთვის საქართველო მზად არის.
ევროკავშირის გაფართოების საკითხზე Euronews-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე დისკუსიის დროს მოდერატორის შეკითხვები არაერთი მიმართულებით დაისვა. მათ შორის ევროპულ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველო კომუნიკაციის აღსადგენად და რატომაა ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც ევრობიუროკრატიის მიმართ კრიტიკა ისმის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კრიტიკა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობას არ უკავშირდება და ეს იმ პოლიტიკიდანაც გამომდინარეობს, რომელსაც ევრობიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს.
Euronews-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე მონაწილეობა არაერთი სახელმწიფოს ლიდერმა მიიღო. გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. Euronews-ის პრეზიდენტის თქმით, არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და დიალოგზე უარის თქმა საზიანოა თავად კავშირის ინტერესებისთვის. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სომხეთისთვის სტიმული აღმოჩნდა.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია - სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური პრიორიტეტია, თუმცა არა ეროვნული სუვერენიტეტის ხარჯზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…