ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში - რა წერია საქართველოზე
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროინტეგრაცია კვლავ შეჩერებულია, დემოკრატიული ვითარება გაუარესდა, ხოლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მმართველი გუნდი ანგარიშს მიკერძოებულად მიიჩნევს და კომუნიკაციის ნაკლებობაზე მიუთითებს.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, საქართველოზე ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია და საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციებში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად და ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
დღეს, 4 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გადასცა ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ. ანგარიში ჩაიბარა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა, რომელიც ამავდროულად დაინიშნა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.
დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო, ევროკომისია გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს აღარ გასცემს, გარდა ფუნდამენტური რეფორმების სფეროებისა.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის
ევროკომისია ანგარიშში პირდაპირ ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებას.
„საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების გზით ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის“.
ევროკომისია ასევე აფრთხილებს, რომ ეს მოვლენები მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვენ.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ამ პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობაა.
ევროკავშირის სანქციები ფოთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ყულევსა“ და სამ კრიპტოკომპანიას შეეხო
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით ანგარიშში კონკრეტული საკითხია განხილული.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტმა:
„ყულევის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსული ნავთობის ვაჭრობასა და გადამუშავებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ტრანზაქციების აკრძალვა დაუწესა;
ქარხანას საქმიანობის დასასრულებლად ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი განუსაზღვრა. გამონაკლისი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ქარხანა ნავთობის ალტერნატიულ წყაროებზე გადავა, რასაც შესაბამისი მონიტორინგი დაექვემდებარება;
სანქციების სიაში შეიყვანა საქართველოში დაფუძნებული ან ბოლო პერიოდში საქართველოში მოქმედი სამი კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანია.
ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ რუსული ნედლი ნავთობი ქარხნისთვის იმპორტის უმსხვილეს წყაროდ იქცა.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ კომპანია Black Sea Petroleum-ში ამბობენ, რომ 24 აგვისტოდან სრულად ჩაანაცვლეს რუსული ნედლი ნავთობი არარუსული წარმოშობის ნედლეულით. ამას წინ უძღოდა ორთვიანი გარდამავალი პროცესი - ნაწილობრივი ჩანაცვლებისა და ნედლეულის დივერსიფიკაციის პროგრამა. „ამ ეტაპზე ჩვენს ქარხანაში ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი გადამუშავდება. ასევე, მიმდინარე თვის დარჩენილ დღეებში ველოდებით ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის პირველ პარტიას“, - ამბობენ Black Sea Petroleum-ში.
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხზე პროგრესი არ არის
ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ წინა ანგარიშში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციების თითქმის არცერთი არ შეასრულა.
ანგარიშში წერია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში ევროკომისია რეგულარულად აფასებდა ქვეყნის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ მეშვიდე და მერვე ანგარიშებში, რომლებიც ევროკომისიამ 2024 და 2025 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, კომისიამ საქართველოს მოუწოდა, გადაუდებელი ზომები მიეღო რეკომენდაციების შესასრულებლად, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
2025 წლის ივლისში ჩატარებული ოფიციალური მოკვლევის შემდეგ ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუცილებელი მაკორექტირებელი ზომები არ გაუტარებია და, ამის ნაცვლად, მიიღო დამატებითი შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სფეროში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს.
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული უვიზო რეჟიმის საფუძვლად არსებული კრიტერიუმების დარღვევის გაგრძელების გათვალისწინებით, ევროკომისიამ გაააქტიურა უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი, თავდაპირველად 12 თვის ვადით, 2026 წლის 6 მარტიდან.
ამ მექანიზმის აღსრულების პირველი ეტაპი დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შეეხო.
შეჩერების საფუძვლად არსებული გარემოებების გამოსწორების მიზნით, 2026 წლის ივნისში საქართველოსთან გაძლიერებული დიალოგი გაიმართა. თუმცა ამ დიალოგს არ მოჰყოლია პროგრესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკომისიის შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს და უვიზო რეჟიმის შეჩერებას დაედო საფუძვლად, - ნათქვამია ანგარიშში.
დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების შემდეგ გადაიხედა საქართველოსთვის ორმხრივი ფინანსური დახმარების საკითხიც
2024 წლიდან ევროკავშირმა შეაჩერა 121.3 მილიონი ევროს ოდენობის ორმხრივი დაფინანსება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას ხმარდებოდა და გათვალისწინებული იყო სამეზობლოს, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის - „გლობალური ევროპის“ 2021–2027 წლების პროგრამით (NDICI-GE).
2014 წლიდან საქართველო ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობს. ამჟამად ქვეყანა ჩართულია შემდეგ პროგრამებში: „ჰორიზონტი ევროპა“, „შემოქმედებითი ევროპა“, EU4Youth, საბაჟო პროგრამა, Fiscalis და შავი ზღვის აუზის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროგრამა Interreg.
2024 წლიდან საქართველოს ასოცირება ევროკავშირის ახალ პროგრამებთან შეჩერებულია.
ამასთან, საქართველოს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს კვლავ შეუძლიათ ისარგებლონ Erasmus+-ისა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული გარკვეული ღონისძიებებით.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან თანხვედრა 38%-მდე შემცირდა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური განცხადებებისა და შემზღუდავი ზომების მიმართ საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი 40%-დან 38%-მდე შემცირდა, ნათქვამი ანგარიშში.
ევროკომისია კონკრეტულად მიუთითებს, რომ საქართველო რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უმეტესობას სრულად არ უერთდება.
ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელოვანი ზრდა.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით
ევროკომისია ანგარიშში აღნიშნავს, რომ:
2026 წლის ივლისში განვითარების მოდელი შეიცვალა და პროექტი ე.წ. landlord-port მოდელზე გადავიდა, რაც პორტის სრულ სახელმწიფო საკუთრებას გულისხმობს;
სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო;
საანგარიშო პერიოდში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები 60%-ით შემცირდა.
2026 წლის 6 ივლისს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენდება. ამ მოდელით სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და თავად უზრუნველყოფს მის განვითარებას, ხოლო ცალკეული ტერმინალების მოწყობაში საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები ჩაერთვებიან.
დემოკრატია
ანგარიშში ნათქვამია საანგარიშო პერიოდში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. მიზეზად დასახელებულია დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი შესუსტება,ძალაუფლების კონცენტრაციის ზრდა, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების მიმართ რეპრესიების გაძლიერება, სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შევიწროება, ასევე, ევროკავშირის საწინააღმდეგო მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების გზით ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის.
ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები საარჩევნო სისტემის ძირეული რეფორმირებისთვის, მიუხედავად ამ მიმართულებით წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციებისა.
2025 წლის ოქტომბერში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ძლიერ პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია საარჩევნო პროცესის კონკურენტულობა და გამჭვირვალობა.
ამ გარემოებებს შორის იყო:
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მმართველ პარტიას უპირატესობას ანიჭებდა;
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ არჩევნების ბოიკოტი;
მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის არარსებობა;
ამომრჩევლებზე ზეწოლა და მათი დაშინება;
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების არარსებობა.
საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა ახალი, მკაცრი შეზღუდვები პოლიტიკურ საქმიანობასა და მოქალაქეთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, რაც პლურალიზმისა და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
სისხლისსამართლებრივი დევნა
ანგარიშში ნათქვამია, რომ დამატებით შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი გამოძიებების დაწყება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, როგორიცაა „საბოტაჟი“, „უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“, „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება“ და „სახელმწიფო ინტერესების დაზიანება“.
ეს ქმედებები იძულებითი ხასიათისაა და საბოლოო ჯამში დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ისინი შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან.
სასამართლო სისტემა
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია.
2025 წლის დეკემბერში, სასამართლო სისტემის სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო აზიანებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და სასამართლო სისტემის მიტაცების რისკებს ზრდის. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიული სისტემის აღსრულების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება”- ნათქვამია ანგარიშში.
კორუფციასთან ბრძოლა
საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მომზადების გარკვეული დონე აქვს. თუმცა, საანგარიშო პერიოდში პროგრესი არ ყოფილა, - ნათქვამია ანგარიშში.
საკანონმდებლო ჩარჩო არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს არსებობას, ასევე აუცილებელია მამხილებელთა დაცვის სფეროში კანონმდებლობის შემდგომი დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან.
2020 წლიდან ქვეყანას არ აქვს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა, ხოლო მისი პრევენციული ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც ამ ფუნქციების ეფექტიანობასა და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეხებოდა. "არსებობს ხიფათი, რომ ამ ცვლილებებმა აღნიშნული ფუნქციების არაეფექტიანობა გამოიწვიოს", - ნათქვამია ანგარიშში.
2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მასშტაბი.
კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული შედეგების ამსახველ მონაცემებში საქმეების რაოდენობაც გაიზარდა. თუმცა, არსებობს შეშფოთება შერჩევითი მიდგომის გამო, იმ ფონზე, როდესაც კვლავ შეუსრულებელია წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციები პროკურატურის ავტონომიურობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ.
დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა. მაშინ როდესაც ოლიგარქიული გავლენის მყარად დამკვიდრებული სისტემა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და აფერხებს დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს, - აღნიშნულია ანგარიშში.
გამოხმაურებები თბილისში
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომ "ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ანგარიშს, ან მიუკერძოებელ ანგარიშს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა სამინისტროებმა და უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს". როგორც სამხარაძე ამბობს, "უბრალოდ იმიტომ, რომ მათ კონტაქტი არ ჰქონდათ".
დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანგარიშზე საუბრისას თქვა, ძნელია მასზე საუბარი გამოქვეყნებამდე, მაგრამ ქართულმა მხარემ ანგარიშის მოსამზადებლად ევროკავშირს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა უცნობია, როგორ იქნება აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული და ასახული დოკუმენტში.
"იმ პირობებში, როდესაც არც ერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან, არც ტექნიკურ დონეზე, არც პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ევროკავშირმა და ევროკომისიამ გააკეთონ სწორი ანალიზი და სწორი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა 2022 წლის მარტში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას მიენიჭა 2023 წლის დეკემბერში. მანამდე - ევროკავშირის 2023 წლის ივნისის სამიტზე უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს "ევროპული პერსპექტივა" განესაზღვრა, რასაც თან ერთოდა დემოკრატიის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელი 12 პრიორიტეტი.
2024 წლის 28 ნოემბერს, ერთ თვეში საპარლამენტო არჩევნებიდან, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე უარს ამბობს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომლებსაც ხელისუფლება უხეში ძალით, სპეციალური საშუალებების უკონტროლოდ გამოყენებით, აქციების მონაწილეთა დაპატიმრებებით, სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შეზღუდვითა და რეპრესიული ნაბიჯებით დაუპირისპირდა.
ციტატები სტატიიდან
„ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ანგარიშს, ან მიუკერძოებელ ანგარიშს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა სამინისტროებმა და უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს“
„იმ პირობებში, როდესაც არც ერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან, არც ტექნიკურ დონეზე, არც პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ევროკავშირმა და ევროკომისიამ გააკეთონ სწორი ანალიზი და სწორი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“
„საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების გზით ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის“
„ამ ეტაპზე ჩვენს ქარხანაში ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი გადამუშავდება. ასევე, მიმდინარე თვის დარჩენილ დღეებში ველოდებით ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის პირველ პარტიას“
„არსებობს ხიფათი, რომ ამ ცვლილებებმა აღნიშნული ფუნქციების არაეფექტიანობა გამოიწვიოს“
„უბრალოდ იმიტომ, რომ მათ კონტაქტი არ ჰქონდათ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…