ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე შესყიდვის სპეციალური წესი ფართოვდება
მთავრობის ახალი დადგენილებით, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, კვლევებსა და საინჟინრო მომსახურებებთან დაკავშირებით შესყიდვების სპეციალური წესით სარგებლობის არეალი გაუფართოვდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტთან დაკავშირებულ მომსახურებებზე შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ შესყიდვების სპეციალური წესით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სპეციალურ ჩამონათვალს ემატება პორტის ძირითადი საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, პროექტირებასთან, კვლევებთან, საინჟინრო და საკონსულტაციო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურებები.
ცვლილება მთავრობის 2 ნოემბრის №515 დადგენილებით დამტკიცდა. დოკუმენტის თანახმად, შესყიდვების სპეციალური წესის დანართს ახალი, 35-ე პოზიცია დაემატა, რომელიც მოიცავს როგორც პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობასა და შეკეთებას, მათ შორის ნავმისადგომების პროექტირებასა და მშენებლობას, ასევე ტოპოგრაფიულ, გეოლოგიურ, გეოფიზიკურ და ჰიდროლოგიურ კვლევებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, საინჟინრო და სამშენებლო მომსახურებებს.
ჩამონათვალში ასევე შედის ტექნიკური ზედამხედველობა, ეკოლოგიური კვლევები და დაბინძურების კონტროლი, ტვირთის გადაზიდვა, მარკეტინგული და სარეკლამო მომსახურებები, ბიზნესისა და მენეჯმენტის კონსულტაცია, შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები და საქართველოს საპორტო სექტორის განვითარების კვლევა.
დადგენილება შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებულ გამონაკლისებსაც განსაზღვრავს. კერძოდ, თუ ერთჯერადად გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულება 50 000 ლარს აღემატება, პირდაპირი შესყიდვის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალური წესის 34-ე და ახალი 35-ე პოზიციებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე. ამასთან, 35-ე პოზიციაში შემავალი მომსახურებების შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან.
ამ მომსახურებების შესყიდვისას შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, ხელმძღვანელის დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბაზრის კვლევისგან განსხვავებული პროცედურებიც გამოიყენოს. მათ შორისაა ელფოსტით ფასების გამოკითხვა, შეთავაზებების ალტერნატიული გზებით მოძიება და პოტენციურ მიმწოდებლებთან პირდაპირი მოლაპარაკება. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ მიმწოდებლისთვის გადასახდელი თანხა 50 000 ევროს აღემატება, მას შესაბამისი ოდენობის საბანკო ან სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენა ევალება.
ცვლილება ანაკლიის პორტის განვითარების იმ მოდელს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ძირითადი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებაში კი კერძო კომპანიები ჩაერთვებიან. ე.წ. Landlord Port Model-ის ფარგლებში ცალკე უნდა შეირჩეს საკონტეინერო ტერმინალისა და ნაყარი და ზოგადი ტვირთების ტერმინალის კერძო ოპერატორები.
აღნიშნული პროცესისთვის ანაკლიის ღრმაწყოვანი პორტის განვითარების სააგენტომ ოქტომბრის დასაწყისში ორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია დაიქირავა. კომერციულ-ფინანსურ მიმართულებაზე ნიდერლანდური Maritime & Transport Business Solutions B.V. (MTBS) მუშაობს, რომლის მომსახურების ღირებულება 116 300 დოლარია, ტექნიკურ საკითხებზე კი Port and Corridor Solutions (PCR), რომლის კონტრაქტის ღირებულება 100 300 ევროს შეადგენს.
კონსულტანტების ძირითადი ამოცანაა პოტენციური ოპერატორებისთვის ინტერესთა გამოხატვისა (SOI) და სატენდერო დოკუმენტაციის (RFP) მომზადება, ასევე დაინტერესებული კომპანიების ფინანსური და ტექნიკური კვალიფიკაციის შეფასება. შესაბამისი სამუშაოების დასრულების ბოლო ვადად 2026 წლის 24 დეკემბერია განსაზღვრული.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების განახლებული სტრატეგია მთავრობამ 2026 წლის 1 ივლისს წარადგინა, იქამდე მთავრობა საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში ეძებდა ერთ გენერალურ ინვესტორს, განახლებული კონცეფციით კი პროექტი ლენდლორდის მოდელით განვითარდება, რაც იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო თავად ააშენებს პორტის ინფრასტრუქტურას, ხოლო ცალკეულ ტერმინალებს სხვადასხვა კომპანიებს გრძელვადიანი იჯარით გადასცემს. ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, კერძო კომპანიების მიერ სატერმინალო ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა მოსალოდნელი.
პარალელურად, სახელმწიფო პორტის ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობას აგრძელებს. 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ანაკლიის პორტისთვის 155 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 125 მილიონი ლარი უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურაზე, ტალღმტეხელსა და ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო 30 მილიონი ლარი მისასვლელი გზის მშენებლობაზე უნდა დაიხარჯოს.
პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ბელგიურ Jan De Nul-თან 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში მიმდინარეობს. ხელშეკრულების საწყისი ღირებულება 204 მილიონი დოლარი იყო, თუმცა 2026 წლის გაზაფხულზე ის 153 მილიონ დოლარამდე დაკორექტირდა.
პორტთან მისასვლელად ასევე 18-კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობაა საჭირო. მხოლოდ საავტომობილო გზის პროექტის ღირებულება 442 მილიონი ლარია, მისი დასრულება კი 2030 წლისთვის იგეგმება, გასულ თვეში საქართველოს რკინიგზამ პროექტისთვის $200-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა სამშენებლო კონტრაქტორის შესარჩევად.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…