მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 2026 წლის დაფინანსებას 125 მილიონი ლარით ზრდის, რის გამოც 2027 წლის ბიუჯეტში პორტისთვის თანხა აღარ არის გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2030 წლამდე პორტის განვითარებაზე სულ 572 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 2026 წლის დაფინანსებას 125 მილიონი ლარით ზრდის - ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი. განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტის დაფინანსება, რაც გათვალისწინებული იყო მომდევნო წელს, 2026 წელსვე იქნება ათვისებული. ჯამურად, 2026 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაზე 175 მილიონი ლარი მიიმართება. შესაბამისად, 2027 წელს კაპიტალური ბიუჯეტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის 125 მილიონი ლარის ნაცვლად 0 ლარი არის გათვალისწინებული, ჯამურად კი 2030 წლამდე 572 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის კომპანიას დამატებით 125,0 მლნ ლარი გამოეყოფა მიმდინარე წელს, შესაბამისად აღნიშნული თანხა აღარ არის გათვალისწინებული 2027 წლის ბიუჯეტში", - ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
გარდა უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა, საქართველოს მთავრობა 2027 წელს პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე 30 მილიონ ლარს დახარჯავს, 2028 და 2029 წლებში კი 150 და 170 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. ჯამში აღნიშნული გზის მოწყობა ბიუჯეტს 442 მილიონი ლარი უნდა დაუჯდეს და მისი მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდეს.
გარდა საავტომობილო გზისა, უკვე გამოცხადებულია 18-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ტენდერი, აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მილიონ დოლარს (520 მილიონ ლარს) შეადგენს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების განახლებული სტრატეგია მთავრობამ 2026 წლის 1 ივლისს წარადგინა, იქამდე მთავრობა საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში ეძებდა ერთ გენერალურ ინვესტორს, განახლებული კონცეფციით კი პროექტი ლენდლორდის მოდელით განვითარდება, რაც იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო თავად ააშენებს პორტის ინფრასტრუქტურას, ხოლო ცალკეულ ტერმინალებს სხვადასხვა კომპანიებს გრძელვადიანი იჯარით გადასცემს. ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, კერძო კომპანიების მიერ სატერმინალო ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა მოსალოდნელი.
ციტატები სტატიიდან
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის კომპანიას დამატებით 125,0 მლნ ლარი გამოეყოფა მიმდინარე წელს, შესაბამისად აღნიშნული თანხა აღარ არის გათვალისწინებული 2027 წლის ბიუჯეტში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…