წამების ბანაკი კიევის გარეუბანში, შეშინებული წვევამდელები და ნაცემი 14 წლის მოზარდი - უკრაინელი სამხედროების წამების საქმე
კიევის მახლობლად კერძო სახლში ჯარისკაცებისა და მოზარდის სავარაუდო წამების გამო მოქალაქეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე 40-მდე პირი აღმოჩნდა, რომელთაგან ოთხს მძიმე დაზიანებები ჰქონდა; ბუდანოვმა საქმეზე გამოძიების დაწყება დააანონსა.
უკრაინაში ახალი სკანდალია. წამება, არაადამიანური მოპყრობა და დამცირება კიევთან მდებარე სოფელში - 14 წლის, სავარაუდოდ, ნაცემი მოზარდი პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკა იმ კერძო სახლში იპოვეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები ჰყავდათ დატყვევებული და აწამებდნენ.
ნაცემი სამხედროები სახლში ნამდვილად აღმოჩნდნენ. 40-მდე პირმა ტერიტორიის დატოვება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც ადგილზე ასობით მოქალაქე შეიკრიბა. ექიმების ინფორმაციით, 4 პირს მძიმე დაზიანებები ჰქონდა.
ადგილზე ვითარება საღამოს დაიძაბა. მოქალაქეები იმ სახლში შესვლას მოითხოვდნენ, სადაც სამხედროები მათი ინფორმაციით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ.
რამდენიმე საათში ვითარება ისე დაიძაბა, რომ ტერიტორიაზე სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო. მოგვიანებით, დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორისაც. სპეცრაზმმა ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მოქალაქეებმა კი მათი ავტობუსები დააზიანეს.
გვიან ღამით ადგილზე მივიდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, რაც იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. ჰქონდა თუ არა ადგილი სახლში წამების ფაქტებს - ამ საკითხზე ბუდანოვმა გამოძიების დაწყება დააანონსა. მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომხდარი უკრაინელთა ერთიანობას ძირს უთხრის.
ეროვნული გვარდიის სარდალმა სამხედროების წამების ფაქტის უარყოფა სცადა. ალექსანდრ პივნენკოს თქმით, სახლში ის 18 ჯარისკაცი იმყოფებოდა, რომლებიც სამსახურის თვითნებური დატოვების შემდეგ დააკავეს და ქვედანაყოფებში დააბრუნეს.
ოფიციალური პირების განცხადებების არ სჯერა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატთა ნაწილს. ალექსეი გონჩარენკო ყველა იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, ვინც მისი თქმით, კიევთან მდებარე სახლში ჯარისკაცებს აწამებდა.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა ხდებოდა პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მდებარე სახლში, საიდანაც მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ნაცემი და ნაწამები ჯარისკაცები გამოიყვანეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკიევთან ახლოს საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილების მტკიცებით, მათ მიაკვლიეს სახლს, სადაც ჯარისკაცები უკანონოდ ჰყავდათ დატყვევებული და აწამებდნენ
ნაწამები და დატყვევებული სამხედროები - კიევთან ახლოს, ერთ-ერთ სახლში, მოქალაქეებმა უკრაინელი სამხედროების წამება გააპროტესტეს
"სარდაფებსა და ოთახებში ადამიანები ჰყავდათ გამოკეტილი. ერთ მამაკაცს ხერხემლის მოტეხილობა ჰქონდა, ერთი ვერ ლაპარაკობდა და ვერ მოძრაობდა" - ექიმი უკრაინელ სამხედროების შესახებ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…