“შეიძლება იყოს ვირუსი, ან ბაქტერია, ან ინტოქსიკაცია, ან ბევრი რამ” – სოფო ცერცვაძე კლინიკაში მოთავსებულ პატარა პაციენტებზე
იასვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფო ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებულ პატარა პაციენტებს გასტროენტერიტის სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა გამომწვევი მიზეზის — ვირუსის, ბაქტერიის თუ ინტოქსიკაციის — დადგენა ჯერ ვერ ხერხდება და მოკვლევა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ათეულობით ბავშვი, რომლებიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დადიან, კლინიკაში მოხვდნენ, რის გამოც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით შვიდ საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, სოფო ცერცვაძე, “ნეტგაზეთთან” ამბობს:
„ძირითადი სიმპტომები არის გასტროენტერიტი — ღებინება, მუცლის ტკივილი… ეს ვირუსის სიმპტომიც შეიძლება იყოს და ინტოქსიკაციისაც და ბევრი რამის… კონკრეტულად რაიმე ინტოქსიკაციას უკავშირდება თუ არა, ამის დასადგენად მოკვლევა დაწყებულია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და დაადგენენ. გასტროენტერიტით, ღებინებით მიმდინარე ბევრი ვირუსი და ბევრი ბაქტერია არსებობს, კონკრეტულად ამ შემთხვევაში გამომწვევი რა იყო, ამის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი“,
ცნობისთვის, ვირუსული, ბაქტერიული ინფექციებისა და ინტოქსიკაციის (მოწამვლის) მკურნალობის მეთოდები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, რაკი მიზეზი დაუდგენელია, სავარაუდოდ, პატარა პაციენტებს, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა უტარდებათ.
კონკრეტულად, რომელ შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობს კლინიკა და ვისგან ელის, რომ “დაადგენენ” გამომწვევ მიზეზს – უცნობია.
18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, წუხელ კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.
ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ.
ეს ამბავი დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ვისი განცხადებიდანაც გავიგეთ, რომ ბავშვებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინებაც. სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.