"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
გიორგი მიქაუტაძემ L'Equipe-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებაზე მინიმუმ ხუთეულში უნდა მოხვედრილიყო. მიქაუტაძემ თანაგუნდელს მხარდაჭერა გამოუცხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის მე-4 ტურში გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" დღეს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის უმასპინძლებს. სამწუხაროდ, მძიმე ტრავმის გამო პარიზელთა ქართველი ვარსკვლავი ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მატჩამდე L'Equipe-მა მიქაუტაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე მას უფრო მაღალი ადგილი ეკუთვნოდა.
"ეს უსამართლობაა! თუ გავითვალისწინებთ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგას და მის არაჩვეულებრივ თამაშს, ხვიჩა "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე მინიმუმ ხუთეულში უნდა შეეყვანათ!
პლეი-ოფის მატჩებში გოლებს იტანდა და მთელი გუნდი მასზე იყო დამოკიდებული. კვარაცხელიასგან მაგალითს ვიღებ. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს და ეროვნულ ნაკრებში ერთად დროს ხშირად ვატარებთ.
მართლაც, კარგი ბიჭია. ბოლო შეკრების დროს ვსაუბრობდით, რომ ამ მატჩში ერთმანეთს შევხვდებოდით. სამწუხაროდ, მან ტრავმა მიიღო. ეს ტრავმა მეც გადამიტანია და ვიცი, რომ მისთვის ახლა რთული პერიოდია, რადგან ეს ფეხბურთელისთვის ყველაზე მძიმე დაზიანებაა. ეროვნული ნაკრებისთვისაც ეს დიდი დარტყმაა, მით უმეტეს, რომ ის ჩვენი კაპიტანია. მთელი საქართველო მის გვერდით დგას!", - თქვა მიქაუტაძემ.
"ვილიარეალის" ქართველი ფორვარდის მიმართვა ხვიჩასადმი CANAL+ Foot-მაც გაავრცელა, სადაც მიქაუტაძე კვარაცხელიას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და ამბობს, რომ რწმენა შეინარჩუნოს და გაძლიერდეს.
"კვარა, ძმაო, იმედი მაქვს, შენმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ყველანი შენს გვერდით ვართ. შეინარჩუნე რწმენა და გაძლიერდი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და მთელი საქართველო შენს გვერდითაა.
ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ. ძმაო, გამაგრდი! - მიყვარხარ!", - თქვა მიქაუტაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…