მედია - აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ხმა უკვე 54 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა
აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 54 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია, – ინფორმაციას USA Today ავრცელებს. გამოკითხვების მიხედვით, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად „დემოკრატები“ ლიდერობენ.

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ხმა უკვე 54 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა, - ინფორმაციას USA Today ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 3 ნოემბერს დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების დაწყებამდე წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 54 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.
აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლის შუალედური არჩევნების მონაცემებზე 8 მილიონით მეტია.
ის ადამიანები, რომლებმაც ხმის მიცემა წინასწარ ვერ შეძლეს ან არ ისურვეს, საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ხვალ, საარჩევნო უბნებზე შეძლებენ.
კონგრესის შუალედურ არჩევნებში ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, ხოლო კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.
ამჟამად, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 218 „რესპუბლიკელი“, 214 „დემოკრატი“, ერთი დამოუკიდებელი წევრი და ორი თავისუფალი ადგილია. სენატში 53 „რესპუბლიკელი“, 45 „დემოკრატი“ და 2 დამოუკიდებელი სენატორია, რომლებიც კენჭისყრაში „დემოკრატებთან“ ერთად მონაწილეობენ.
Real Clear Polling-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის წინასწარი გამოკითხვების საშუალო მაჩვენებლით, „დემოკრატების“ მხარდაჭერა 52%, ხოლო „რესპუბლიკელების“ 43.1%-ია. Decision Desk HQ „დემოკრატების“ მიერ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შანსებს 84%-ით აფასებს.
სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად, „დემოკრატებმა“ ყველა ადგილი უნდა შეინარჩუნონ და დამატებით, სულ მცირე, ოთხი ადგილი უნდა მოიპოვონ.
The New York Times-ისა და Siena University-ს ბოლო გამოკითხვის შედეგებით, გადამწყვეტი მნიშვნელობის შვიდი ბრძოლიდან ხუთში „დემოკრატები“ ლიდერობენ, ხოლო ორ შტატში შანსები თითქმის თანაბარია.
მიჩიგანის შტატში „დემოკრატი“ აბდულ ელ-საიედი „რესპუბლიკელ“ მაიკ როჯერსს 53%-ით უსწრებს 42%-ის წინააღმდეგ. ტეხასში ჯეიმს ტალარიკოს (დემოკრატიული პარტია) მხარდაჭერა 50%-ია, ხოლო კენ პაქსტონის (რესპუბლიკური პარტია) კი 43%. მეინი - ტროი ჯექსონი (დემოკრატიული პარტია) 51%, სიუზან კოლინსი (რესპუბლიკური პარტია) 45%. ოჰაიო - შეროდ ბრაუნი (დემოკრატიული პარტია) 49%, ჯონ ჰასტედი (რესპუბლიკური პარტია) 44%. კანზასი - ადამ ჰამილტონი (დემოკრატიული პარტია) 49%, როჯერ მარშალი (რესპუბლიკური პარტია) 44%. ალასკასა და აიოვაში „დემოკრატი“ და „რესპუბლიკელი“ კანდიდატების მხარდაჭერის მაჩვენებლები თითქმის თანაბარია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…