აშშ და დანია შეთანხმდნენ გრენლანდიის საკითხზე
აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებებმა მიაღწიეს შეთანხმებას გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმება აშშ-ს მიანიჭებს მუდმივ კონტროლს გრენლანდიის უსაფრთხოებაზე და შესაძლებლობას მისცემს გააძლიეროს სამხედრო წარმომადგენლობა კუნძულზე. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა დაადასტურა შეთანხმება და აღნიშნა, რომ ის გააძლიერებს საერთო უსაფრთხოებას და აღიარებს დანიის სუვერენიტეტსა და გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას. ხელშეკრულებას ხელი მომავალ კვირაში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის დროს მოეწერება და პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ.

აშშ-ის, დანიის და დანიის სამეფოს ავტონომიური ნაწილის, გრენლანდიის ხელისუფლებებმა 18 სექტემბერს, საღამოს გამოაცხადეს შეთანხმების მიღწევა გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე. გრენლანდია არის უდიდესი არქტიკული კუნძული, რომელიც მდებარეობს ამერიკის კონტინენტიდან ჩრდილო-დასავლეთით და ევროპიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.
შეთანხმების თაობაზე პირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა - მან აღნიშნა, რომ აშშ მიიღებს "მუდმივ კონტროლს" გრენლანდიის "უსაფრთხოებასა და სხვა საჭიროებებზე". ტრამპის თქმით, შეთანხმება იქნება უვადო, და აშშ-ს უფლება ექნება გააკეთოს ყველაფერი, რაც აუცილებელია აშშ-ის და თავად გრენლანდიის უსაფრთხოებისთვის. ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიმართ არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოები ვერ შეძლებენ გრენლანდიაში სამხედრო წარმომადგენლობის ყოლას, ან მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას - აშშ-ის თანხმობის გარეშე. ტრამპის თქმით, აშშ დაუყოვნებლივ დაიწყებს კუნძულზე თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას.
დანიის და გრენლანდიის მთავრობებმა დაადასტურეს შეთანხმებები და აღნიშნეს, რომ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება მომავალ კვირაში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის დროს. ხელშეკრულება პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება გააძლიერებს საერთო უსაფრთხოებას და უპასუხებს ნატოსა და ევროპის ინტერესებს. ამავდროულად, ხელშეკრულებით აღიარებული იქნება დანიის სუვერენიტეტი და გრენლანდიის ხალხის თვითგამორკვევის უფლება.
ტრამპი გრენლანდიის კონტროლის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში (2017-2021) - მაშინ ის ახსენებდა ამ ტერიტორიის შესყიდვის შესაძლებლობას. მეორე ვადით არჩევის შემდეგ ტრამპმა რამდენჯერმე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აშშ დაინტერესებულია გრენლანდიით. ის აღნიშნავდა, რომ მნიშვნელოვანი იყო საკუთრივ კონტროლის ფაქტი და არა ფორმა და არ გამორიცხავდა კუნძულის აშშ-სთან მიერთების შესაძლებლობას. ტრამპი აცხადებდა, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძული შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჩინეთის, ან რუსეთის გავლენის ქვეშ. დანიის და გრენლანდიის ხელისუფლებები გამორიცხავდნენ ცვლილებას კუნძულის სუვერენიტეტში, ასეთივე განცხადებებით გამოდიოდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები - რაც დაძაბულობას იწვევდა ვაშინგტონთან ურთიერთობაში. შარშან, ნატოს სამიტის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ ტრამპმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რიუტემ მიაღწიეს შეთანხმებას იმაზე, თუ რა ფორმით შეძლებს აშშ კუნძულზე თავისი წარმომადგენლობის გაძლიერებას.
ტრამპის ოპონენტები იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ აშშ-ს 1951 წლის შეთანხმებით უკვე აქვს მნიშვნელოვანი უფლებები გრენლანდიაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შემცირდა, იქ კვლავ განთავსებულია ამერიკული ბაზა.
ახალი ხელშეკრულების ტექსტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ტრამპისა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებიდან ჩანს, რომ ის აფართოებს 1951 წლის შეთანხმებას - კერძოდ, მისი მოქმედება არ შეწყდება არც მაშინ, თუ გრენლანდია დამოუკიდებელი გახდება. გარდა ამისა, აშშ მიიღებს დამატებით უფლებებს კუნძულზე სამხედროების განთავსებისთვის, ასევე ვეტოს უფლებას ნატოს არაწევრი, მესამე ქვეყნების მხრიდან კუნძულზე სამხედროების თუ ინვესტიციების განთავსებაზე - ასეთი ვეტო წინა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ იყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.