ირაკლი ქადაგიშვილი „ალდე“-ს განცხადებაზე: ეს არის კორპორატიული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დამგმობი „ალდე“-ს განცხადება არის „კორპორატიული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს“. პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული გაერთიანება და ოპოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს.

ეს არის კორპორატიული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ალდე“-ს განცხადება, რომლითაც „ალდე“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გმობს.
„პარტიები, რომლებიც ყოველ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, ვერასდროს ვერ ჩაითვლებიან დემოკრატიის დემოკრატიის და თუ გნებავთ, ლიბერალური დემოკრატიის ფლაგმანებად. უბრალოდ, არიან დანაყოფები, რომლებიც იბრძვიან ხელისუფლებისათვის და იმ მიზნებისათვის, მათ შორის, რაც „ალდე“-ს აქვს და არა იმ მიზნებისათვის, რასაც საქართველო და ზოგადად, დემოკრატია ითხოვს. ამიტომ ეს არის კორპორატიული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა: „არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი“.
„ალდეს“ განცხადებას დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. „ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…