გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი "ოცნებას” მოუწოდებს, უარი თქვას პარტიების აკრძალვის გეგმაზე და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები
ბუნდესტაგის დეპუტატი იურგენ ჰარდტი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმაზე უარის თქმისა და სამართლიანი არჩევნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირს დააშორებს.

გერმანიიდან „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. ბუნდესტაგის დეპუტატი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის სპიკერი იურგენ ჰარდტი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატაროს, სადაც ქართველი ხალხის ნება რეალურად აისახება.
„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გერმანელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ჰარდტი „ქართულ ოცნებას“ პრორუსული კურსის გატარებაში, დემოკრატიული პრინციპებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკის პირობებში ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს ან მისგან რაიმე პრივილეგია მიიღოს.
მე დაჟინებით მოვუწოდებ [საქართველოს] მთავრობას, უარი თქვას პარტიების აკრძალვის გეგმაზე. პირიქით, მოვუწოდებ მას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხის ნება ჭეშმარიტად იქნება გამოხატული.
ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
ორი წლის წინ, სექტემბერში მე ვიმყოფებოდი საქართველოში და შევხვდი კოლეგებს საგარეო საქმეთა კომიტეტიდან, რომლებიც სხვადასხვა დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდნენ და ჩვენ მკაფიოდ გავუგზავნეთ გზავნილი, რომ თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს პრორუსულ კურსს პოლიტიკის დიქტატურიზაციისა და რადიკალიზაციის, სამართლის უზენაესობის, აზრის გამოხატვისა და პრესის თავისუფლების შელახვის მიმართულებით სვლას [თუ ასე გაგრძელდა] ეს საქართველოს ევროკავშირს დააშორებს და არა დააახლოებს.
და „ქართული ოცნება“ ყოველთვის ავრცელებდა, თითქოს არჩევნების შედეგებს უარყოფითი გავლენა არ ექნებოდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე. ეს უბრალოდ არასწორია. ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო რაიმე ფორმით ევროკავშირს დაუახლოვდეს ან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს ან ევროკავშირისგან რაიმე სახის პრივილეგიები მიიღოს“, - ამბობს იურგენ ჰარდტი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…